Thumbnail

ჩინურმა უნივერსიტეტმა გეიმერებისთვის სასწავლო კურსი შექმნა!

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • ახალი სასწავლო პროგრამა სტუდენტებს დაეხმარება, პროფესიონალი გეიმერის პროფესიას დაეუფლონ! 
  • კურსი თამაშების დეველოპმენტს, პროფესიონალურ სცენაზე თამაშსა და ელ. სპორტის კომენტატორობას ასწავლის
  • უნივერსიტეტის წარმომადგენლის განცხადებით, ჩინეთში პროფესიონალი გეიმერების ნაკლებობაა

ჩინეთში, ქალაქ შენიანში, უნიკალური სასწავლო პროგრამა დაფუძნდა: შენიან სითი უნივერსიტეტი 160 სტუდენტს შესაძლებლობას მისცემს, კომპიუტერული თამაშების შექმნასთან ერთად, გეიმერის პროფესიასაც დაეუფლონ. 

ჩინეთში ელექტრონული სპორტი განსაკუთრებით პოპულარულია და, უნივერსიტეტის წარმომადგენლის განცხადებით, ჩინელ ახალგაზრდებს ელ. სპორტში დიდი პოტენციალი აქვთ. ეს, გარკვეულწილად, სიმართლეცაა: ჩინეთმა ხომ წელს League of Legends-ის პოპულარული ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვა.

შენიან სითი უნივერსიტეტის კურსი დაეხმარება ახალგაზრდებს გეიმერული უნარების გაუმჯობესებასა და მოწინააღმდეგეების დამარცხებაში. ლექციები უნივერსიტეტის საკუთარ გეიმინგ ლაბორატორიაში ჩატარდება. კურსი სტუდენტებს თამაშების დეველოპმენტის, პროფესიონალურ სცენაზე თამაშისა და ელ. სპორტის კომენტატორობის მიმართულებით მისცემს განათლებას.

ლი იენგი, ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთის უნივერსიტეტების გაერთიანების კანცლერი, აცხადებს რომ ინსტიტუტმა ამ კურსის შეთავაზება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შარშანდელი League of Legends-ის თასის მფლობელი ჩინური გუნდი ''ინვიქტუს გეიმინგი'' გახდა.

''ეს კურსი არა მარტო კომპიუტერული თამაშების მოყვარულებს დაეხმარება უნარების გაუმჯობესებასა და პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში, არამედ თამაშების მომავალ ანალიტიკოსებს, ტესტერებს, წამყვანებს, მსაჯებს, კომენტატორებსა და ტურნირების ორგანიზატორებს გაზრდის.'' განმარტა ლი იანგმა.

კურსის ერთ-ერთმა სტუდენტმა, იანგ იუჰაიმ თქვა, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სურს კომპიუტერული თამაშების პრომოუტერი და მსაჯი გახდეს. მეორე სტუდენტმა გოგონამ, ტანგ ტინმა კი აღნიშნა, რომ ეს კურსი დაეხმარება, დაამტკიცოს, რომ გოგონებიც ისეთივე კარგი გეიმერები არიან, როგორიც ბიჭები.

''ჩემი მშობლები ჩემს გადაწყვეტილებას, რომ ამ პროგრამაზე მესწავლა, მხარს არ უჭერდნენ.'' გაამხილა ტინმა ინტერვიუში. ''თუმცა, მე მგონია, რომ ვიდეოთამაშებისა და სწავლის შერწყმა შესაძლებელია.''

კურსის ერთ-ერთი ლექტორი, სან ვენიუანი, ამბობს, რომ, დროა, საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ კომპიუტერული თამაშები მხოლოდ გართობა არაა. 

,,ჩინური ელ. სპორტის ბაზარი 150 მილიონ დოლარიანი ინდუსტრიაა და ქვეყანა პროფესიონალი გეიმერების ნაკლებობას განიცდის. მაგალითად, წელს, 260 000-ით ნაკლები გეიმერი გვყავს, ვიდრე გვჭირდება.'' განაცხადა ვენიუანმა. 

პირველად, 2022 წლის აზიის თამაშებში, შანგჯოუში, ელ. სპორტში მოპოვებული მედლები იმავე კატეგორიის მედლებად ჩაითვლება, როგორიც ჩვეულებრივ სპორტში. ჩინეთს სურს, რომ ვიდეოთამაშების ტურნირები, სამომავლოდ, ოლიმპიურ სახეობადაც იქცეს.

კომენტარები

ბოლო ამბები