Thumbnail

€100 მილიონზე მეტი ტრანსფერებში - მანჩესტერ სიტი დანებებას არ აპირებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მანჩესტერ სიტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაძლიერებას აპირებს
  • გვარდიოლას ცენტრალური მცველი და ცენტრალური ნახევარმცველი სჭირდება 

ინგლისის მოქმედი ჩემპიონი ლიდერ ლივერპულს უკვე 9 ქულით ჩამორჩა. თანაც, პეპ გვარდიოლას გუნდმა პრემიერლიგის ბოლო, მე-12 ტურში, სწორედ მერსისაიდელებთან წააგო (1:3) და როგორც ჩანს, კლუბში შემადგენლობის გაძლიერებაზე მსჯელობა სერიოზულად დაიწყეს.

ინგლისური მედიის ცნობით, სიტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალი ფეხბურთელების შესაძენად 100 მილიონ ევროზე მეტის დახარჯვას აპირებს. 

იურგენ კლოპმა პეპ გვარდიოლას უკვე მეცხრედ მოუგო

როგორც ირკვევა, მანჩესტერულ კლუბში ერთბაშად რამდენიმე პოზიციის გაძლიერებაზე ფიქრობენ, უმთავრესად კი - დაცვის ცენტრზე, სადაც პრობლემა ვენსან კომპანის წასვლისა და ემერიკ ლაპორტის ტრავმის შემდეგ შეიქმნა.

მანჩესტერ სიტი მოთამაშის დამატებას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ნახევარდაცვის ცენტრშიც განიხილავს. დავიდ სილვას, რომელიც კლუბს ზაფხულში დაემშვიდობება, შემცვლელი სჭირდება. გვარდიოლას გუნდში ამ როლზე პრეტენდენტი 19 წლის ფილ ფოდენია, თუმცა სიტის გამოცდილი ფეხბურთელიც სჭირდება.

ინგლისის პრემიერლიგაში გასული 12 ტურის შემდეგ, მანჩესტერ სიტის 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს გვარდიოლას გუნდი 23 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე ლონდონის ჩელსისთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები