Thumbnail
  • რაჰიმ სტერლინგსა და ჯო გომესს ბოლო დროს ურთიერთობა დაეძაბათ 
  • კონფლიქტი ლივერპული-სიტის მატჩში დაიწყო და ნაკრებში გაგრძელდა
  • გარეთ საუთგეიტმა სიტის ფორვარდი მომავალ სანაკრებო მატჩს ჩამოაშორა     

მანჩესტერ სიტისა და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი რაჰიმ სტერლინგი ეროვნულ გუნდს ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მე-9 ტურის მატჩში ვერ დაეხმარება, რომელსაც გარეთ საუთგეიტის გუნდი 14 ნოემბერს, "უემბლიზე", მონტენეგროსთან ჩაატარებს. 

24 წლის ფორვარდი ამ თამაშს ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ჩამოშორდა, რისი მიზეზიც ლივერპულის მცველ ჯო გომესთან მისი კონფლიქტი გახდა.

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ კვირას დაიძაბა - ლივერპული-მანჩესტერ სიტის მატჩის (3:1) მიწურულს, როდესაც "მერსაიდელების" მცველმა "ქალაქელების" თადამსხმელს მკერდში ხელი ჰკრა. ინგლისური მედიის ცნობით, დაპირისპირება ნაკრების შეკრებაზეც გაგრძელდა. ფეხბურთელები ჩავლილ თამაშზე საუბრობდნენ, რა დროსაც სტერლინგი გომესს ყელში სწვდა. ეს უკანასკნელი პროვოკაციას არ აჰყვა, რაჰიმი კი თანაგუნდელებმა დააშოშმინეს.

სიტის ფორვარდი და ლივერპულის მცველი ერთმანეთს პრემიერლიგის მატჩში დაუპირისპირდნენ

მომხდარის გამო სტერლინგმა ფეხბურთელებსა და მწვრთნელებთან ბოდიში კი მოიხადა, მაგრამ ინგლისელთა თავკაცმა, გარეთ საუთგეიტმა ეს არასაკმარისად მიიჩნია - რაჰიმი ეროვნული გუნდის განკარგულებაში რჩება, მაგრამ მონტენეგროსთან არ ითამაშებს.

"გადავწყვიტეთ, რომ მომავალი მატჩისთვის რაჰიმი ნაკრების განაცხადში არ შეგვეყვანა. ჩვენი უმთავრესი ამოცანა და ძლიერი მხარეც ის იყო, რომ ეროვნულ გუნდზე საკლუბო დაპირისპირება არ ვრცელდებოდა. სამწუხაროდ, ლივერპული-მანჩესტერ სიტის მატჩის ემოციები ჯერ კიდევ არ განელებულა. ვფიქრობ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება გუნდს წაადგება. ამ ნაბიჯს მთელი შემადგენლობა დაეთანხმა", - აქვეყნებს საუთგეიტის ნათქვამს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური.

ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებას თავად ფეხბურთელიც გამოეხმაურა:

"ყველამ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი ჩემთვის. ასევე ყველამ იცის, რომ ჩემთვის ასეთი საქციელი დამახასიათებელი არ არის. მე და ჯომ ყველაფერზე დავილაპარაკეთ და ვაგრძელებთ ცხოვრებას. ფეხბურთი სპორტის ისეთი სახეობაა, სადაც ემოციები ზღვარს აღწევს, მე კი მყოფნის იმის ვაჟკაცობა, რათა ვაღიარო, რომ გარკვეულ მომენტში ემოციებმა დამძლია. მეც და გომესიც ვხვდებით, რომ ეს იყო სულ 5-10 წამის ამბავი, ყველაფერი უკან დარჩა და არ ვაპირებთ ამ ისტორიის გაგრძელებას. მოდით, ხუთშაბათის თამაშზე ვიფიქროთ".

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო A ჯგუფში ინგლისის ნაკრებს 15 ქულა აქვს და პირველ ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები