Thumbnail

'ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ' - გენტის ბოსი ჩაკვეტაძის ტრანსფერზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გენტის ქართველი ნახევარმცველი მწყობრში დგება და მოედანს მალე დაუბრუნდება 
  • 20 წლის ნიჭიერი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე მედია ისევ აქტიურად წერს 
  • ივან დე ვიტეს გუნდის ლიდერების, მათ შორის გიორგი ჩაკვეტაძის შენარჩუნება სურს

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური გენტის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მწყობრში დგება და მალე მოედანსაც დაუბრუნდება. 20 წლის ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე საუბარიც განახლდა - ამ შემოდგომით ჩაკვეტაძის მომავალი მედიამ ჯერ ნაპოლის დაუკავშირა, სულ ახლახან კი - ვალენსიას.

რამდენად საფუძვლიანია გიორგის ნაპოლისა თუ ვალენსიაში შესაძლო ტრანსფერზე გავრცელებული ხმები, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ გენტის რამდენიმე ფეხბურთელზე და მათ შორის ჩაკვეტაძეზე, დიდი მოთხოვნაა და ბელგიურ კლუბს მათი მარტივად დათმობა არაფრით სურს.

გენტის დირექტორს გუნდის გამორჩეული ფეხბურთელების შენარჩუნება სურს 

სულ ახლახან გენტის დირექტორმა ივან დე ვიტემ 20 წლის გიორგი ჩაკვეტაძის, 23 წლის რომან იარემჩუკისა და 19 წლის ჯონათან დავიდის თაობაზე საკლუბო ჟურნალთან ილაპარაკა:

"გამიჭირდება წინასწარ იმის თქმა, რა იქნება მომავალში. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გუნდის შემადგენლობა შევინარჩუნოთ. რომან იარემჩუკსა და ჯონათან დავიდთან კონტრაქტების გახანგრძლივებაც ამას ემსახურება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, გამოჯანმრთელდა და ამ თვეში მწყობრში დგება გიორგი ჩაკვეტაძეც".

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდებოდა

გიორგი ჩაკვეტაძე გენტის ღირსებას 2017 წლიდან იცავს. მან ბელგიური ჟუპილერ ლიგის გასულ სეზონში 23 მატჩში ითამაშა, გაიტანა 5 გოლი და მიითვალა 4 საგოლე პასი. გაზაფხულზე გიორგიმ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. 

ჩაკვეტაძემ ოქტომბერში გენტთან კონტრაქტის ვადა 2023 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა. ხელშეკრულების ფინანსური მხარე და სხვა დეტალები არ ხმაურდება, თუმცა სხვადასხვა წყაროების ცნობით, კლუბი ქართველის ტრანსფერში დაახლოებით 25 მილიონ ევროს მოითხოვს.

ბელგიის ჩემპიონატში ჩატარებული 14 მატჩის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გუნდს 28 ქულა აქვს, ცხრილში მეორე ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება ლიდერ ბრიუგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები