Thumbnail
  • ნიუ ორლეანს პელიკანსი 116:122 ჰიუსტონ როკეტსი
  • ჯეიმს ჰარდენმა 39 ქულა ჩააგდო, რასელ ვესტბრუკმა - 26
  • კლინტ კაპელას 20 მოხსნა ჰქონდა

ჰიუსტონ როკეტსი ფორმაში შედის. ჯეიმს ჰარდენისა და რასელ ვესტბრუკის გარშემო აწყობილმა გუნდმა ნიუ ორლეანს პელიკანსი 122:116 დაამარცხა - როკეტსისთვის ეს ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა.

სეზონში ჰიუსტონის მეშვიდე მოგების მთავარი შემოქმედი ჰარდენი იყო - მან 39 ქულა ჩააგდო და 9 პასი მიითვალა (4 მოხსნაც ჰქონდა). 10 მატჩის შემდეგ ექს-MVP-ს საშუალოდ მატჩში 37,3 ქულა აქვს - სეზონის საწყის 10 თამაშში ასეთი შედეგი 50 წელია, არავის ჰქონია.

ჯეიმს ჰარდენი და რასელ ვესტბრუკი

ჰარდენის შემდეგ ყველაზე შედეგიანი ვესტბრუკი გახლდათ - მან 26 ქულას მოუყარა თავი და 5 მოხსნა და 4 ასისტი ჰქონდა. თუმცა, ვესტბრუკმა 6-ჯერ დაკარგა ბურთი (ამდენივე დაკარგვა ჰქონდა ჰარდენსაც). აღსანიშნავია ისიც, რომ ჰარდენმა და ვესტბრუკმა სამქულიანები კარგად ვერ ისროლეს. საერთო ჯამში მათ 19 მცდელობიდან მხოლოდ 4 სამიანი ჩააგდეს - ვესბრუკმა 8-დან 1 ჩააგდო, ჰარდენმა კი - 11-დან 3. ფარქვეშ ბრწყინვალე იყო ცენტრი კლინტ კაპელა, რომელმაც 20 მოხსნა დააგროვა და ჯამში ორმაგი დუბლით გამოირჩა (11 ქულა).

ჰიუსტონი 7 მოგებით და 3 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, ნიუ ორლეანსს კი 2 მოგება და 8 წაგება აქვს (მე-14 ადგილი). როკეტსი მომდევნო შეხვედრაში, 14 ნოემბერს ლოს ანჯელეს კლიპერსს დაუპირისპირდება.

📺 ვიდეო: ნიუ ორლეანსი 116:122 ჰიუსტონი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები