Thumbnail

ლაინსმენებიც იმტვრევიან - შალკემ მოგების გემო ჰოფენჰაიმთან გაიხსენა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დომენიკო ტედესკოს გუნდმა შინ 3 ქულა მოიპოვა და ხასიათი გამოიკეთა.
  • შალკე-ჰოფენჰაიმის შეხვედრაში ლაინსმენი დაშავდა.

შალკე 2:1 ჰოფენჰაიმი

ბუნდესლიგაში ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, გელზენკირხენის შალკემ გამარჯვება 23-ე ტურში, ჰოფენჰაიმთან მოიპოვა, თუმცა - არა უპრობლემოდ. დომენიკო ტედესკო თითქოს მეტოქის შეცდომების იმედად უფრო იყო, ეს უკანასკნელი კი პირველ ნომრად თამაშს ნამდვილად არ აპირებდა. 

ერთი სიტყვით, ორივე გუნდი უფერულად გამოიყურებოდა, მაგრამ უფრო მეტად მაინც ჰოფენჰაიმის მცველები ნერვიულობდნენ და სცოდავდნენ. 

მიუხედავად ყველაფრისა, საინტერესო ეპიზოდები ამ მატჩს მაინც ახლდა. თუნდაც ეს - ეშხში შესულმა ლაინსმენმა არცთუ სახუმარო ტრავმა ისე მიიღო, არავინ შეხებია. 

რაც შეეხება შეხვედრის სპორტულ მხარეს, ანგარიში მე-11 წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ გაიხსნა. ტილო კერერის მიერ თავით გატანილი გოლის ეპიზოდში სტუმრებმა ბურთის მოგერიება თუ დაახანეს, აი, 28-ე წუთზე მართლაც "საოცრება" ჩაიდინეს. ბრილ ემბოლოს, რომელსაც მანამდე გოლი ვიდეოასისტენტის წყალობით გაუუქმდა, კევინ ფოგტმა დაუცველ კართან თავად ჩააბარა ბურთი.

ბრილ ემბოლოს ერთი გოლი მსაჯმა გაუუქმა, მეორე - მეტოქემ გაატანინა

ორბურთანი ჩამორჩენის მიუხედავად, ჰოფენჰაიმმა იბრძოლა. და ვინაიდან არც შალკეს აქვს დაცვაში მთლად საიმედოდ საქმე, ერთი ბურთი მაინც გაქვითა. 78-ე წუთზე პაველ კადერჟაბეკის ჩაწოდების შემდეგ, მეორე სართულზე ორთაბროლა ანდრეი კრამარიჩმა მოიგო. 

შალკემ მოიგო და 3 ქულას სუნი ნამდვილად არ უდის, მაგრამ ჰოფენჰაიმთან ჩატარებულმა მეორე ტაიმმა გელზენკირხენელები, სულ ცოტა, უნდა დააფიქროს მაინც.

კომენტარები

ბოლო ამბები