- ერეკლე არსენაშვილის გუნდი ჩემპიონატში მე-5 ადგილამდე აღზევდა
- ქართველი ხელბურთელი მქკ-ის მიხედვით ბრაგაში საუკეთესოა
საქართველოს ნაკრების ხელბურთელი ერეკლე არსენაშვილი პორტუგალიის ჩემპიონატში წარმატებულ თამაშს განაგრძობს. მისმა კლუბმა ბრაგამ ზედიზედ ორი თამაში მოიგო და მეხუთე ადგილამდე აღზევდა.
მეათე ტურში ბრაგელებმა სტუმრად ფინალური ექვსეულისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი აგუაშ სანტაში 29:24 დაამარცხეს. არსენაშვილი ამ მატჩზე სანაკრებო შეხვედრების შემდეგ ჩავიდა, მცირე ტრავმა ჰქონდა და მწვრთნელებს არ დაუტვირთავთ.
ბოლო ტურში ბრაგამ შინ კიდევ ერთ კონკურენტ ბოა ჰორას 26:20 სძლია, ქართველმა ხაზის მოთამაშემ კი 3 გოლი გაიტანა.
21 წლის ქართველ ხელბურთელს ჩემპიონატის 11 ტურში უკვე 33 გოლი აქვს და ჯამური მარგი ქმედების კოფიციენტით (40.20 ქულა) კლუბში საუკეთესოა, მთელს ლიგაში კი მეოცე შედეგი აქვს.
ჩემპიონატს უდანაკარგოდ, 11-11 მოგებით, ჩემპიონთა ლიგის მონაწილეები სპორტინგი და პორტუ ლდერობენ. საინტერესოა, რომ ამ უკანასკნელმა ლიგის ბოლო ტურში გერმანიის კილს სენსაციურად აჯობა.
პორტუგალიის ჩეპიონატში მესამე ადგილზე ბენფიკა იმყოფება, შემდეგ კი, 23 ქულით 4 კლუბი მოდის: მადეირა, ბრაგა, მაია ისმაი და ბოა ჰორა.
პირველი წრის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, ხოლო სანაკრებო პაუზამდე (22 დეკემბერი), ბრაგას სულ 9 მატჩი აქვს სათამაშო. ორი წრის შემდეგ, 6 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ჩემპიონობისა და ევროტურნირების საგზურებისთვის გააგრძელებს.
კომენტარები