Thumbnail
  • კლოპი გვარდიოლასთვის ყველაზე უხერხულ მეტოქედ რჩება
  • ლივერპულის კონტრშეტევებს სიტიმ ვერაფერი მოუხერხა
  • გადამწყვეტი ფლანგებზე უპირატესობა აღმოჩნდა
  • ტრავმებმა სიტის თამაშს დაღი დაასვა

ლივერპული-სიტის დაპირისპირება ბოლო წლებში ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა. ასეა ამ სეზონშიც - ფანტასტიკური სტარტის შემდეგ, ლივერპული სიტის ენფილდზე მასპინძლობდა და ამ შეხვედრას ბევრი კითხვისთვის უნდა გაეცა პასუხი. ამ სტატიაში იმ ძირითადი მიზეზების შესახებ ნახავთ ყველაფერს, რომლებმაც კლოპის გუნდის გამარჯვება განაპირობეს.

კლოპი გვარდიოლასთვის ყველაზე უხერხულ მეტოქედ რჩება

კვირა საღამოს შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმ ფაქტში, რასაც სტატისტიკა ისედაც გვეუბნებოდა - იურგენ კლოპი პეპ გვარდიოლასთვის ყველაზე უხერხული მეტოქეა და ერთადერთია იმ მწვრთნელებს შორის, ვისაც კი პეპთან ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვს. ამ თამაშამდე კლოპს გვარდიოლასთან 8 მოგება ჰქონდა - კვირის გამარჯვება კი მეცხრე იყო.

გვარდიოლას კლოპთან უარყოფითი ბალანსი აქვს

კვირა საღამოს კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის რამდენიმე სისტემური უპირატესობა, რომელიც კლოპს გვარდიოლასთან აქვს.

1. ლივერპული პრესინგიდან იდეალურად ამოდის

ლივერპული ძალიან კარგად და სწრაფად ამოდის პრესინგიდან - ეს კი გვარდიოლას ართმევს იმის საშუალებას, რომ მისი დომინანტური პრესინგის მეშვეობით, მატჩის დიდი ნაწილი მეტოქის მესამედზე გაატაროს. კლოპის გუნდში შეტევას ძალიან კარგად იწყებენ, როგორც მეკარე ალისონი, ასევე მცველები - ვირჯილ ვან დაიკი ბურთით ძალიან კარგია, განაპირა მცველები (ალექსანდერ არნოლდი და რობერტსონი) კი ბურთს შემტევებივით ფლობენ. ინდივიდუალური თვისებების გარდა, კლოპის ფეხბურთი სინქრონულობას ეფუძნება და მისი გუნდი უბრალოდ იდეალურად არის შეთამაშებული დაცვიდან ამოსვლის დროს.

ერთი სტატისტიკური დეტალი - გუშინდელი თამაშის 40% ლივერპულის მესამედზე წარიმართა. ერთი შეხედვით, ამ შემთხვევაში სიტის ბურთის კოლოსალური ფლობა უნდა ჰქონოდა, თუმცა ასე არ მოხდა (ბურთის ფლობა მხოლოდ 55-45-ზე იყო სიტის სასარგებლოდ). ეს იმას ნიშნავდა, რომ ლივერპული საჭირო მომენტებში ბურთს კარგად იჭერდა თავისი საჯარიმოს სიახლოვეს, დაცვის ხაზში და აგდებდა თამაშის ტემპს. ალისონს 47 გადაცემა ჰქონდა - უფრო მეტი, ვიდრე ლივერპულის სამივე ნახევარმცველს.

2. ლივერპულის კონტრშეტევების წინააღმდეგ სიტის არაფერი აქვს

გვარდიოლას მთავარი პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც ლივერპული კონტრშეტევაზე გადადის. ლივერპულის შემტევი სამეული (მანე, სალაჰი, ფირმინო) ძალიან სწრაფია და ერთმანეთს იდეალურად გრძნობს. ამას ემატება ისიც, რომ კლოპს შუაში დინამიური ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც საჯარიმოდან საჯარიმომდე ბევრს მოძრაობენ. შესაბამისად, ლივერპული კონტრშეტევების შემდეგ დარჩენილ სივრცეებს ძალიან კარგად იყენებს.

სწორედ ასე გავიდა პირველი გოლი - სიტის სახიფათო მომენტის შემდეგ, ლივერპულს სულ რაღაც 22 წამი დასჭირდა, რომ ბურთი თავისი საჯარიმოდან მეტოქის ნახევრამდე მიეტანა და გოლი შეეგდო. ეს იდეალური კონტრშეტევა იყო. საინტერესოა, რომ მოგერიების შემდეგაც კი, ბურთთან პირველი შეტევაში მეორე ტემპით ჩართული ფაბინიო იყო.

ლივერპულის პირველი გოლი - კონტრშეტევა ფაბინიოს დარტყმით დასრულდა

3. ლივერპულის პრესინგი სიტის ბევრ პრობლემას უქმნის

გუშინ ლივერპულმა ანგარიში მალევე წაიყვანა და თამაშის დიდი ნაწილი მეორე ნომრად ითამაშა, შესაბამისად, კლოპის გუნდის პრესინგი მხოლოდ ეპიზოდურად ვნახეთ. თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ლივერპულის პრესინგი სიტის ბევრ პრობლემას უქმნის ხოლმე.

ასე იყო, მაგალითად, ორი წლის წინანდელ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, როდესაც კლოპის პრესინგის მთავარი სამიზნე ბრაზილიელი ფერნანდინიო იყო. ფერნანდინიო ბურთს სიტის სხვა მოთამაშეებივით ვერ ფლობს, გადაწყვეტილებებს ნელა იღებს და ლივერპულის პრესინგის შედეგად, ბურთს სახიფათო ზონებში კარგავდა. შემთხვევითი არ არის, რომ გვარდიოლამ სწორედ ამ პოზიცაზე იყიდა როდრი - მოთამაშე, რომელიც ბურთს ძალიან კარგად ფლობს და ანაწილებს.

გუშინდელ შეხვედრაშიც ტრავმირებული დავიდ სილვას ნაცვლად, გვარდიოლამ როდრის გვერდით, მეორე საყრდენი გიუნდოგანი დააყენა. ამით მან უფრო შემტევ ვარიანტზე თქვა უარი - პეპს შეეძლო შუაში ბერნარდო სილვა შემოეწია და ფლანგი რიად მაჰრეზისთვის ჩაებარებინა. გიუნდოგანთან ერთად სიტის ორი ოპცია უნდა ჰქონოდა შეტევის დაწყებისთვის და უკეთ დაეცვა საჯარიმოს წინა სივრცე. ასე შეეცადა პეპი ლივერპულის პრესინგიდან თავის დაძვრენას.

თამაში ისე წავიდა, რომ კლოპის პრესინგი გვარდიოლას უპირველესი პრობლემა გუშინ არ ყოფილა, თუმცა გვარდიოლას გადაწყვეტილება უარყოფითად სიტის შემტევ პოტენციალზე აისახა - გიუნდოგანი-როდრის წყვილთან ერთად სიტის შეტევების ორგანიზება უჭირდა, რადგან ორივე ეს მოთამაშე უშუალოდ მეტოქის საჯარიმოს საფრთხეს ნაკლებად უქმნის.

4. ლივერპულს სიტისგან განსხვავებით დაცვაში დგომა ეხერხება

სიტისგან განსხვავებით, ლივერპული თავს ცუდად არ გრძნობს, როდესაც მეორე ნომრად, დაცვიდან თამაშობს. სიტისთან ნებისმიერ მეტოქეს თამაშის სოლიდური მონაკვეთების დაცვაში გატარება უწევს. თუკი პეპის გუნდისთვის დაცვით პოზიციაში ყოფნა არაკომფორტულია და ასეთი ეპიზოდები მის კართან შექმნილი მომენტებით სრულდება, ლივერპულს შეუძლია თამაშის ცალკეული ეპიზოდები თავის საჯარიმოში გაატაროს და გოლები იოლად არ გაუშვას.

მრავლისმთქმელი იყო სტატისტიკა, რომელიც გუნდების დარტყმების დისტანციას ითვლიდა - ლივერპულის დარტყმების 17 პროცენტი შესრულდა მეკარის საჯარიმოდან ანუ ფაქტობრივად, საგოლე დისტანციიდან, სიტიმ კი ამ დისტანციიდან მხოლოდ თავისი დარტყმების 6 პროცენტი შეასრულა. ანუ სიტი უფრო მეტს უტევდა და ურტყამდა, თუმცა ლივერპულის დარტყმები უფრო სახიფათო პოზიციიდან იყო - ლივერპულის დაცვა სიტის საჯარიმოში იოლად არ უშვებდა.

ამასთან ერთად, გვარდიოლას გუნდი, რომელიც შორი მანძილიდან დარტყმას ყოველთვის თავს არიდებს ხოლმე, უფრო ხშირად ურტყამდა საჯარიმოს გარედან, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტის მეტოქის საჯარიმოში შესვლა ჩვეულებრივზე მეტად უჭირდა.

ლივერპული უფრო ხშირად ურტყამდა სახიფათო ზონებიდან

გუშინდელ შეხვედრაშიც სიტის ზეწოლა გოლით მხოლოდ 3:0-ის შემდეგ დასრულდა - მაშინ, როცა ლივერპული მოეშვა.

ბერნარდო სილვას გოლი

ლივერპულის უპირატესობა ფლანგებზე გადამწყვეტი აღმოჩნდა

ლივერპულის შეტევების ორგანიზებაში განაპირა მცველებს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვთ. ამაში სტატისტიკაც გვარწმუნებს - რობერტსონი და ალექსანდერ-არნოლდი თავის გუნდში ლიდერობენ შესრულებული გადაცემების, შექმნილი სახიფათო მომენტების და საგოლე გადაცემების რაოდენობით.

განაპირა მცველები ყველაზე მეტ სახიფათო და საგოლე მომენტს ქმნიან

ეს ტენდენცია შარშან დაიწყო - გასულ სეზონშიც ლივერპულის ორივე განაპირა მცველი ყველაზე ხშირად ეხებოდა ბურთს და ყველაზე მეტჯერ ქმნიდა საგოლე მომენტს.

მაშინ, როდესაც ლივერპულის ცენტრში უფრო მუშა და დინამიური ფეხბურთელები (ვეინალდუმი, ჰენდერსონი) თამაშობენ, ფაქტობრივ გამთამაშებლებად სწორედ განაპირა მცველები გვევლინებიან. ამით ლივერპული დიამეტრულად განსხვავდება სხვა გუნდების აბსოლუტური უმრავლესობისგან, მათ შორის სიტისგანაც. სიტიში ყველაზე ხშირად პასში თამაშში შუა ნახევარმცველები არიან ჩართულები და სწორედ ისინი ქმნიან ყველაზე მეტ სახიფათო მომენტსაც - 9 საგოლე პასით და საშუალოდ თამაშში პარტნიორებისთვის შექმნილი 3.9 სახიფათო მომენტით კევინ დე ბრუინი ლიდერობს, ყველაზე მეტ გადაცემას კი საყრდენები - ფერნანდინიო და როდრი ასრულებენ (როდრი - 73 გადაცემა თამაშში, ფერნანდინიო - 71).

გუშინდელ თამაშშიც 65 და 60 შესრულებული გადაცემით, სიტიში საყრდენები როდრი და გიუნდოგანი ლიდერობენ.

მაშინ, როდესაც მოედნის ცენტრში ლივერპულის სამეული (ფაბინიო, ჰენდერსონი, ვეინალდუმი) სიტის ნახევარდაცვას მაქსიმალურად ბევრ პრობლემას უქმნიდა, სიტიმ ლივერპულის განაპირა მცველებს ვერაფერი მოუხერხა. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის დიდი ნაწილი მათ თავის ნახევარზე გაატარეს, სწორედ მათ მიერ იყო ორგანიზებული შეტევა, რომელიც ალექსანდერ-არნოლდის დიაგონალით დაიწყო, ენდი რობერტსონის ზუსტი ჩაწოდებითა და მოჰამედ სალაჰის გოლით დასრულდა. ანუ ლივერპულმა მოახერხა სიტი შეეზღუდა იმ ზონაში, რომელშიც ყველაზე ძლიერია, სიტიმ კი ეს ვერ გააკეთა.

რობერტსონის მორიგი საგოლე პასი და სალაჰის გოლი

გუშინდელ შეხვედრაშიც ალექსანდერ-არნოლდი 54 პასით ყველაზე აქტიურად იყო თამაშში ჩართული. ამავე დროს, ორივე განაპირა მცველმა 2-2-ჯერ გაიყვანა პარტნიორები დასარტყმელ პოზიციაზე - სადიო მანესთან ერთად, საუკეთესო შედეგი თავის გუნდში.

ტრავმები გვარდიოლას ძვირი დაუჯდა

სიტის დაცვა იდეალურად ისედაც არ გამოიყურება. გვარდიოლას მთავარი საზრუნავი მეტოქის პრესინგით ისე შეზღუდვაა, რომ სიტის დაცვას დიდი ზეწოლა არ ჰქოდეს.

თუმცა ემერიკ ლაპორტის ტრავმის და დაცვაში ნომინალური ნახევარმცველი ფერნანდინიოს ფონზე, სიტის დაცვა კიდევ უფრო სუსტად გამოიყურებოდა.

მანეს გოლი სიტის დაცვის შეცდომა იყო

გვარდიოლას უყვარს შეტევაში აქცენტის მარცხენა ფლანგზე გაკეთება. ამიტომ, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ აქტიური შემტევი განაპირა მცველი ჰყავდეს მარცხნივ. ამაში სტატისტიკაც გვარწმუნებს - სიტი ყველაზე ხშირად მარცხნიდან უტევს, ლივერპული კი - მარჯვნიდან. ანუ, ამ ფლანგს ამ გუნდების თამაშის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

სიტი ყველაზე ხშირად მარცხნიდან უტევს,  ლივერპული - მარჯვნიდან

ზინჩენკოს და მენდის ტრავმების ფონზე, გვარდიოლა იძულებული იყო, ანხელინოსთან ერთად ეთამაშა. ეს ესპანელის მხოლოდ მეორე თამაში იყო პრემიერლიგაში. ანხელინო ცუდად არ გამოიყურებოდა (3 შექმილი სახიფათო მომენტი თანაგუნდელებისთვის), თუმცა ფლანგზე უპირატესობა მაინც სალაჰი-ალექსანდერ-არნოლდის წყვილს დარჩა. თამაშის 44 პროცენტი სწორედ ამ ფლანგზე წარიმართა და როგორც აღვნიშნე, სიტის ტრავმების ფონზე, ლივერპულს მოედნის ამ მონაკვეთში უპირატესობის მოპოვება არ გასჭირვებია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სიტის მეკარე ედერსონიც აკლდა, რომელიც კარგად იწყებს შეტევას და დამატებითი ოპციაა ბურთის გათამაშების დროს. მის შემცვლელ კლაუდიო ბრავოს შეცდომები არ დაუშვია, თუმცა სიტი იძულებული იყო, რომ თავის დაზღვევის მიზნით, თავისი საჯარიმოს მისადგომებთან დამატებითი მოთამაშეები ჰყოლოდა და ასე აერიდებინა შეცდომები შეტევის დაწყების დროს.

ვერავინ იტყვის, რომ სიტი გუშინდელ შეხვედრაში სუსტი იყო და უხარისხო ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა, კლოპის გუნდი გვარდიოლასთვის ტაქტიკურად ძალიან უხერხული მეტოქეა. ეს გუშინ კიდევ ერთხელ დამტკიცდა. წლევანდელი ლივერპული კიდევ უფრო მძლავრად გამოიყურება, ვიდრე წინა სეზონში და ყველა იმ ტურნირის ფავორიტია, რომელშიც კი თამაშობს. ფაქტობრივად, ეს არის გუნდი სუსტი წერტილის გარეშე, გუნდი, რომელიც თამაშის ბევრი განსხვავებული სცენარისთვის არის მზად.

კომენტარები

ბოლო ამბები