Thumbnail

ჯოკოვიჩმა სუმოში ‘ივარჯიშა’ და ATP Finals-ის პირველი მატჩი მოიგო

  • ნოვაკ ჯოკოვიჩმა ATP Finals-ზე პირველი მატჩი მარტივად მოიგო
  • ‘ნოლემ’ იტალიელი მატეო ბერეტინი 2 სეტში დაამარცხა
  • მანამდე, სერბმა სუმოში წაივარჯიშა

ლონდონში ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი, ATP Finals დაიწყო. მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველ შეხვედრაში იტალიელი მატეო ბერეტინი, როგორც მოსალოდნელი იყო, ადვილად დაამარცხა. ელიტარული ტურნირის პირველ დღეს სერბმა იტალიელი ორ სეტში, 6:2, 6:1 დაამარცხა და ბიორნ ბორგის ჯგუფში, სადაც ასევე როჯერ ფედერერი და დომინიკ ტიმი არიან, პირველ ადგილზეა.

ჯოკოვიჩს წლის შემაჯამებელი ტურნირი 5-ჯერ აქვს მოგებული და თუ წელსაც მოიგებს, რეკორდსმენ ფედერერს (6 ტრიუმფი) გაუთანაბრდება. ამასთან, 32 წლის ‘ნოლე’ მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე დაბრუნებისთვის იბრძვის. ცოტა ხნის წინ მას რაფაელ ნადალმა გადაასწრო, რომელიც ორშაბათს მოქმედ ჩემპიონ ალექსანდერ ზვერევს დაუპირისპირდება.

ბერეტინისთან ჯოკოვიჩი შეცდომებს თითქმის არ უშვებდა. საბოლოოდ, ‘ნოლეს’ ანგარიშზე 8 უნებლიე შეცდომა გახლდათ, ბერეტინიმ კი 28 ასეთი შეცდომა დაუშვა. პირველი სეტი სერბმა სულ რაღაც 29 წუთში მოიგო, მეორე კი - 34 წუთში. დიდი სლემის ტურნირების 16-გზის გამარჯვებული შარშან ფინალში, ზვერევთან დამარცხდა.

ლონდონის ტურნირის გამარჯვებულს 2,9 მილიონი დოლარის და 1500 სარეიტინგო ქულის მიღება შეუძლია. საერთო ჯამში, ტურნირის საპრიზო ფონდი ერთეულებსა და წყვილებში 8,5 მილიონი დოლარია.

ბერეტინისთან მატჩამდე, ჯოკოვიჩმა სუმოში გაივარჯიშა:

კომენტარები

ბოლო ამბები