Thumbnail
  • ქართველმა კალათბურთელმა თავისი ნახევრიდან ჩააგდო
  • თორნიკე შენგელიას ტურის MVP-ს ტიტულის უმთავრესი კანდიდატია

ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი სუპერმატჩი ჩაატარა და დიდი შანსია, მე-8 ტურის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდეს.

თოკოს ბასკონია ობრადოიროს სტუმრობდა და დამაჯერებელი გამარჯვება (92:79) იზეიმა, ქართველმა მძიმე ფორვარდმა კი მოედანზე 33:46 წუთი გაატარა და 29 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

შენგელიამ 14-დან 6 ორქულიანი, 2-ვე სამქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

აღსანიშნავია, რომ პირველი მეოთხედის ბოლო წამებზე თორნიკემ კალათში საკუთარი ნახევრიდან ნასროლი ბურთი ჩააგდო და ეს, შეხვედრის უმთავრეს ჰაილაითად იქცა.

ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა, რაც ამ დროისთვის საუკეთესო მაჩვენებელია და თუკი დარჩენილ შეხვედრებში ვერავინ გადაფარა, ჩვენებური ტურის უძვირფასესი მოთამაშე გახდება.

ერთი საინტერესო დეტალიც. 29 ქულა შენგელიას ესპანურ კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. აქამდე, ACB ლიგაში ქართველის სარეკორდო შედეგი შარშანდელი აპრილით გახლდათ დათარიღებული, როდესაც მან მურსიას 28 ქულა ჩაუგდო.

ვთქვათ ისიც, რომ ობრადოირისთან წარმატებაში თავისი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმაც შეიტანა. მან მოედანზე 26:08 წუთი დაჰყო და 11 ქულა მიითვალა.

ბასკონია 4-4 მოგება-წაგებით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 17 ნოემბერს, შინ, ფუენლაბრადასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები