Thumbnail

შიტატეჰინერი კიუშუზე – ტოჩინოშინმა ბაშო წაგებით გახსნა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა სეკიტორმა ნოემბრის სუპერტურნირი წარუმატებლად დაიწყო
  • ლევან გორგაძეს 15-დან 10 ორთაბრძოლის მოგება სჭირდება

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელსაც ტოჩინოშინის შიკონათი ვიცნობთ, კუნძულ კიუშუზე დაწყებულ ნოემბრის ბაშოზე პირველი ორთაბრძოლა ჩაატარა და დასავლეთის მე-2 მაეგაშირა მეისეისთან შიტატეჰინერით წააგო.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ოძეკის (ჩემპიონი) წოდების დასაბრუნებლად იბრძვის და ამისთვის, 15 შერკინებიდან მინიმუმ 10 შერკინების მოგება სჭირდება.

📺 მეისეი - ტოჩინოშინი

დასავლეთის სეკივაკეს ტიტულის მქონე ქართველი სეკიტორი დღეს ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა და მტკივანი მუხლის მიუხედავად, თითქის მეტოქის კორპუსში (მოროძასი) შესვლაც მოახერხა, თუმცა, იაპონელმა ჩვენებურის გვერდზე დაქნევა მაინც მოახერხა.

ხვალ, ტოჩინოშინის პირისპირ აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა მიოგირიუ დადგება, რომელთანაც ჩვენებურს გასული 22-დან 12 ორთაბრძოლა აქვს მოგებული, თუმცა კი, ბოლო სამ შეხვედრაში გამაჯვება იაპონელს რჩებოდა. ლევანს განსაკუთრებით მწარედ სექტემბრის ბაშოზე მარცხი უნდა ახსოვდეს, რომელმაც ჩვენებურს ოძეკის წოდება დააკარგვინა.

ვთქვათ ისიც, რომ ნოემბრის სუპერტურნირის სასტარტო დღეს გამარჯვებები იზეიმეს იოკოძუნა ჰაკუჰომ და ოძეკებმა ტაკაკეიშომ და ტაკაიასუმ, ოძეკი გოეიდომ კომუსუბი ენდოსთან წააგო, იოკოძუნა კაკურიუს კი ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე წელის ტრავმა გაუმიზეზდა და ტურნირიდან მოხსნა არჩია, რის გამოც, დღეს, კომუსუბი ასანოიამას მოგება უბრძოლველად ერგო.

კომენტარები

ბოლო ამბები