Thumbnail

ეროვნული ლიგა | დინამო ბათუმმა მოუგებელი სერია შეწყვიტა - 2:0 ბოლნისის სიონთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დინამო ბათუმი 2:0 ბოლნისის სიონი
  • გოლები: 1:0 მანჯგალაძე (24), 2:0 ჯიღაური (48)

ეროვნული ლიგის 34 ტური ბათუმში, ანგისას ბაზაზე გაიხსნა, სადაც დინამომ ბოლნისის სიონს უმასპინძლა. გია გეგუჩაძის გუნდმა 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 2:0 დაამარცხა მეტოქე და მინიმუმ ერთი დღით სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა. 9 ნოემბერს, დინამო თბილისი რუსთავს ესტუმრება და პირველ ადგილს მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში დაიბრუნებს.

დინამო ბათუმისა და სიონის შეხვედრა ფავორიტის უპირატესობით წარიმართა და პირველივე ტაიმში გამოჩნდა, რომ მასპინძლები მხოლოდ 3 ქულისთვის იბრძოლებდნენ. 24-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ბათუმელთა იერიში მარცხენა ფრთიდან განვითარდა, ჯაბა ჯიღაურის ჩაწოდებას კი გიული მანჯგალაძის ზუსტი დარტყმა მოჰყვა.

1:0 მანჯგალაძე (24)

ამ ეპიზოდიდან ზუსტად 10 წუთში, სიონის მცველმა ნიკოლოზ აფაქიძემ ძალიან უხეშად ითამაშა ბენჟამინ ტეიდის წინააღმდეგ, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ბოლნისური გუნდი მოედანზე კაცნაკლული დატოვა. ამან ბათუმური გუნდის შანსები კიდევ უფრო გაზარდა.

აფაქიძის გაძევება

მეორე ტაიმის დაწყებიდან 3 წუთიც არ იყო გასული, როდესაც ბათუმელებმა ბოლნისელთა კარში მეორე გოლი გაიტანეს. შეტევა ისევ მარცხენა ფრთიდან წარიმართა, გიორგი ნავალოვსკის პასის შემდეგ კი ჯაბა ჯიღაურმა მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში დაარტყა და მორიგი გოლი მიითვალა.

2:0 ჯიღაური (48)

დარჩენილ დროში, დინამო ბათუმი დიდ უპირატესობას ფლობდა და კიდევ შეეძლო გატანა. მინიმუმ დუბლის შესრულება შეეძლო ჯაბა ჯიღაურს, რომელმაც ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა მას შემდეგ, რაც ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. ამ გამარჯვებით, გეგუჩაძის გუნდმა 67 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. 66 ქულა აქვს დინამო თბილისს, რომელიც ამ ტურში რუსთავში ითამაშებს და ლიდერობის დაბრუნებას შეეცდება.

დინამო ბთ. 2:0 სიონი

გოლები: 1:0 მანჯგალაძე (24), 2:0 ჯიღაური (48)

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე - მელიავა, გაგოშიძე, კობახიძე, ნავალოვსკი - მამუჩაშვილი (31. გაფრინდაშვილი), ტეიდი (79. ჩალაძე) - ჯიღაური, თევდორაძე (74. ჯანელიძე), მანჯგალაძე - ჯოვინო

სიონი (5-3-2): გოშაძე - ივანიშვილი (56. ტვილდიანი), აფაქიძე, ჯაფიაშვილი, უგრეხელიძე, სუხიაშვილი -  ხმალაძე, თარხნიშვილი (41. თომაშვილი), თარგამაძე - გვარაძე, უგულავა (56. ტატანაშვილი)

კომენტარები

ბოლო ამბები