Thumbnail
  • 15 ნოემბერი | ⌚ 23:45 | ⚽ შვეიცარია V საქართველო
  • ვლადიმირ პეტკოვიჩმა იძულებითი ცვლილებები განახორციელა

შვეიცარიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის დასკვნითი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიელები 15 ნოემბერს სენტ გალენში საქართველოს დაუხვდებიან, 19-ში კი გიბრალტარში სტუმრობა ელით.

ამ დროისთვის, D ჯგუფს 12-12 ქულით ირლანდია და დანია ლიდერობენ, შვეიცარია კი 11 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება. ფინალური ეტაპის 2 საგზურისთვის სწორედ ეს 3 ნაკრები იბრძვის, ამდენად, პეტკოვიჩის შეგირდებისთვის დარჩენილ თამაშებს რამხელა მნიშვნელობა აქვს, იოლი მისახვედრია.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელები გადამწყვეტ მატჩებს სოლიდური დანაკლისით ხვდებიან. აქამდეც გადაწყვეტილი იყო, რომ ნაკრებს ვერაფრით დაეხმარებოდნენ ტიმ კლოზე, შერდან შაჩირი და სტივენ ცუბერი, ბოლო პერიოდში კი, ფაბიან შარის, ბრეელ ემბოლოს, ადმირ მეჰმედის და მარიო გავრანოვიჩის თამაშიც გამოირიცხა.

შედეგად, პეტკოვიჩმა განაცხადს ბოლო მომენტში დაამატა ალბიან აიეტი, კრისტიან ფასნახტი, ჟაკ-ფრანსუა მუბანჯე და რუბენ ვარგასი.

შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 15 ნოემბერს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას სენტ გალენის სტადიონი კიბუნპარკი უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების თბილისური დაპირისპირება სტუმრებმა 2:0 მოიგეს, ვლადიმირ ვაისის ბიჭები კი, მხოლოდ პრესტიჟის გამარჯვებისთვის თუღა იბრძოლებენ, რადგანაც მხოლოდ 8 ქულა აქვთ და ჯგუფში ბოლოსწინა მე-4 ადგილზე იმყოფებიან.

მეკარეები: ივონ მვოგო (ლაიფციგი), იონას ომლინი (ბაზელი), იან სომერი (გლადბახი).

მცველები: მანუელ აკანჯი (დორტმუნდი), ლორის ბენიტო (ბორდო), ერაი კომერტი (ბაზელი), ნიკო ელვედი (გლადბახი), მიკაელ ლანგი (ვერდერი), სტეფან ლიხტშტეინერი (აუგსბურგი), კევინ მბაბუ (ვოლფსბურგი), ჟაკ-ფრანსუა მუბანჯე (დინამო ზაგრები), რიკარდო როდრიგესი (მილანი).

ნახევარმცველები: დენის ზაკარია (გლადბახი), კრისტიან ფასნახტი (იანგ ბოიზი), ედიმილსონ ფერნანდესი (მაინცი), რემო ფროილერი (ატალანტა), ჯიბრილ სოუ (აინტრახტი), რენატო შტეფენი (ვოლფსბურგი), რუბენ ვარგასი (აუგსბურგი), გრანიტ ჯაკა (არსენალი).

ფორვარდები: ალბიან აიეტი (ვესტ ჰემი), იოსიპ დრმიჩი (ნორვიჩი), ჰარის სეფეროვიჩი (ბენფიკა).

კომენტარები

ბოლო ამბები