Thumbnail

წყალბურთი | ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული თბილისში! დინამოს რთული გამოცდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 📅 9 ნოემბერი  | ⌚ 18:30 | დინამო თბილისი V FTC ბუდაპეშტი | 📺 პირველი არხი
  • რევაზ ჩომახიძის გუნდი პრესტიჟულ ტურნირში მეოთხე მატჩისთვის ემზადება

თბილისის დინამოს წყალბურთელთა გუნდი განაგრძობს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას. წინ მეოთხე მატჩია, რომელსაც ქართული გუნდი თბილისში, ოლიმპიკის აუზზე გამართავს და FTC ბუდაპეშტს უმასპინძლებს. თამაში 18:30 საათზე დაიწყება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ FTC ბუდაპეშტი ტურნირის მოქმედი გამარჯვებული და ევროპული წყალბურთის გრანდია. ეს გუნდი უნგრეთის 23-გზის ჩემპიონი და 18-გზის თასის მფლობელია.

სამწუხაროდ, თბილისის დინამომ აქამდე გამართული სამივე შეხვედრა წააგო. ქართული გუნდი ჯერ ესპანურ ტერასასთან დამარცხდა 5:9, შემდეგ ხორვატულ ზაგრებთან 11:21 და ბოლოს, OSC ბუდაპეშტთან 8:14. ქართულ გუნდს ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია. 

ასეთი შედეგი მოსალოდნელიც იყო, რადგან დინამო ტურნირის დებიუტანტია, სადაც ევროპის 16 საუკეთესო ევროპული გუნდი ასპარეზობს. წინ მორიგი მატჩია, რომლისთვისაც გუნდი აქტიურად ემზადება. გავრცელდა წინასამატჩო კომენტარები…

რევაზ ჩომახიძე (დინამო თბილისის მწვრთნელი)
“კიდევ ერთი გამოცდა ჩვენი გუნდისთვის. FTC ბუდაპეშტი მოქმედი ჩემპიონია და შესაძლოა, უძლიერესი გუნდია მთელ მსოფლიოში. ჩვენი გეგმა გვაქვს ამ თამაშზე და ვეცდებით, რომ მივყვეთ მას. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ გამოვცადოთ თავი უძლიერეს მეტოქესთან”. 

სანდრო ადეიშვილი (დინამო თბილისი)
“ეს იქნება დიდებული შესაძლებლობა, რომ გამოვცადო თავი ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან. იგივე შემიძლია ვთქვა მთელ გუნდზე, რომელსაც წინ დიდი გამოცდა ელოდება. ეს იქნება ფასდაუდებელი გამოცდილება ჩვენთვის”.

ზოლტ ვარგა (FTC ბუდაპეშტის მწვრთნელი)
“თბილისში გულშემატკივრები შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნიან და ვფიქრობ, დინამო თბილისი უკეთ ითამაშებს, ვიდრე წინა შეხვედრაში. ამ თამაშს სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ, ჩვენი მიზანი კი გამარჯვების მოპოვებაა”.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ევროპის საუკეთესო 16 გუნდი ორ ჯგუფშია გადანაწილებული და ორ წრედ თამაშობს, ოთხ-ოთხი საუკეთესო კი მერვედფინალში გავა და ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს.

კომენტარები

ბოლო ამბები