Thumbnail
  • არსენ ვენგერი ბაიერნის მთავარ მწვრთნელად არ დაინიშნება
  • რუმენიგე ფრანგს ელაპარაკა და მასზე უარი თქვა
  • ჰანსი ფლიკს შანსი აქვს, სეზონის ბოლომდე დატოვონ

ოთხშაბათს, მიუნხენის ბაიერნსა და არსენ ვენგერს შორის პირველი საუბარი შედგა. როგორც ჩანს, რეკორდმაისტერის ხელმძღვანელები 70 წლის ვენგერთან პირველი გასაუბრებით კმაყოფილები არ დარჩნენ, რადგან ახლა გაირკვა, რომ ბავარიულმა გრანდმა ვენგერის კანდიდატურაზე უარი თქვა.

კითხვაზე, რა ხდება ბაიერნსა და ვენგერს შორის, გაზეთ ‘ბილდის’ ჟურნალისტს მიუნხენურ კლუბში ასეთი პასუხი გასცეს: “არსენ ვენგერმა კარლ-ჰაინც რუმენიგეს ოთხშაბათს საღამოს დაურეკა და ბაიერნში მუშაობის ინტერესი დაუდასტურა. ბაიერნში ვენგერს დიდ პატივს სცემენ, მაგრამ გადაწყდა, რომ კლუბი მის დანიშვნაზე არ იფიქრებს.”

კარლ-ჰაინც რუმენიგემ არსენ ვენგერს უარი უთხრა

გერმანული სპორტული მედიის ინფორმაციით, ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ახლა დროებით მწვრთნელ ჰანსი ფლიკს საუკეთესო შანსი აქვს, ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს. ნიკო კოვაჩის გათავისუფლების შემდეგ, ბაიერნმა 54 წლის ფლიკის ხელმძღვანელობით, ჩემპიონთა ლიგაში ოლიმპიაკოსს 2:0 მოუგო და მერვედფინალში თამაში გაინაღდა. სხვათა შორის, ეს იყო პირველი მატჩი 8 თამაშის შემდეგ, რომელშიც ბაიერნმა კარი მშრალად შეინახა. ოლიმპიაკოსამდე ეს 21 სექტემბერს, კიოლნთან მატჩში (4:0) მოხდა.

‘ბილდის’ ინფორმაციით, რუმენიგე სერიოზულად დაფიქრდა იმაზე, რომ ფლიკი პოსტზე სეზონის ბოლომდე დატოვოს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ ბაიერნში მუშაობის ახლავე დაწყებაზე უკვე უარი თქვეს ერიკ ტენ ჰაგმა (აიაქსი), თომას ტუხელმა (პსჟ) და რალფ რანგნიკმა (ლაიპციგის დირექტორია). შაბათს, ბაიერნს ბუნდესლიგაში უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს დორტმუნდის ბორუსიასთან და თუ მიუნხენელები ამ შეხვედრას მოიგებენ, ან მინიმუმ კარგად ითამაშებენ, დიდი შანსია, ფლიკი თანამდებობაზე დარჩეს. ბაიერნში ამ თემაზე ოფიციალურ კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

ჰანსი ფლიკს ჯერჯერობით ბაიერნის დროებითი მწვრთნელის სტატუსი აქვს

სამაგიეროდ, ისაუბრა ბაიერნის კაპიტანმა მანუელ ნოიერმა, რომელმაც ფლიკი შეაქო: “ჰანსი ფლიკს დიდი ხანია ვიცნობ. იგი ძალიან გამოცდილია და იცის, როგორ უნდა მოიქცეს საპასუხისმგებლო სიტუაციებში. ვფიქრობ, რომ კარგი პროფესიონალია. მას მერე, რაც დროებით მწვრთნელად დანიშნეს, ყველა ფეხბურთელს ესაუბრა. მისი მუშაობით კმაყოფილები ვართ.”

კითხვაზე, წარმოუდგენია თუ არა ჰანსი ფლიკი მთავარ მწვრთნელად, ბაიერნის კაპიტანმა ასე უპასუხა: “ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ მომენტში ფლიკი შესანიშნავად მუშაობს. ჩვენ მას ვიცნობთ და ვენდობით. ამ დღეებში იგი თავის საქმეს შესანიშნავად აკეთებს. რა იქნება მომავალში, ამას მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს.”

რა მოხდება, თუკი ბაიერნი დორტმუნდთან წააგებს? ცხადია, რომ რეკორდმაისტერის ხელმძღვანელები მძიმე წნეხის ქვეშ აღმოჩნდებიან. ტენ ჰაგის, ტუხელისა და რანგნიკის უარის შემდეგ, რუმენიგეს დიდი არჩევანი აღარ აქვს. მასიმილიანო ალეგრიზე მან უარი იმის გამო თქვა, რომ იტალიელმა გერმანული ენა არ იცის და ინგლისურადაც ცუდად ლაპარაკობს. ერთადერთ რეალურ ვარიანტად ზაფხულამდე, ამ ეტაპზე ჟოზე მოურინიო რჩება, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ მიუნხენში დიდი სიამოვნებით იმუშავებდა. 56 წლის ჟოზე დიდი ხანია, გერმანულ ენასაც სწავლობს. ოღონდ, პორტუგალიელი რეკორდმაისტერის შეფებს ხანგრძლივ კონტრაქტს და ძალიან მაღალ ხელფასს მოსთხოვს, რადგან მოურინიომ კარგად იცის, რომ ბაიერნს დიდი არჩევანი არ აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები