Thumbnail

‘ეს ჩემი მიხაელის დამსახურებაა’ - შუმახერის ცოლის ემოციური სიტყვები

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • She‘s Magazin-მა მიხაელ შუმახერის ცოლის ინტერვიუ გამოაქვეყნა
  • კორინა შუმის ყველაფრისთვის მადლობას უხდის

ეს სიყვარულის განსაკუთრებული ახსნაა. მიხაელ შუმახერის მეუღლემ, კორინა შუმახერმა She‘s Magazin-თან ინტერვიუში თავის ქმარზე ისაუბრა. 50 წლის კორინამ მათი თანაცხოვრებიდან აქამდე უცნობი დეტალები პირველად გაამხილა.

“როცა 30 წლის ვიყავი, ცხენოსნობამ და ვოცნებობდი, რომ საკუთარი ცხენი მყოლოდა. მიხაელს, როგორც ყოველთვის ძალიან გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა, მაგრამ მაინც გამომყვა დუბაიში მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთვის კარგი არაბული ცხენი შეგვერჩია,” - იხსენებს კორინა შუმახერი, რომელიც ახლა 50 წლისაა. მან და მიხაელმა დუბაიში ულამაზესი ცხენი, ‘ტაისონი’ აღმოაჩინეს.

მიხაელ და კორინა შუმახერები 90-იანი წლების მიწურულს

კორინა ძალიან იყო გატაცებული ცხენოსნობით. დაქორწინების 10 წლის თავზე, 2005 წელს მიხაელმა მას რანჩო აჩუქა. “არასდროს დავივიწყებ, ვისი დამსახურებაა, რომ 2010 წელს ვესტერნულ ჯირითში ევროპის ჩემპიონი გავხდი. ეს ჩემი მიხაელის დამსახურებაა,” - განუცხადა კორინამ She‘s Magazin-ს.

შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის რეკორდსმენი (7 ტიტული) შუმახერი 2013 წლის 29 დეკემბერს მერიბელში (საფრანგეთი) თხილამურებით სრიალის დროს დაეცა და თავის ქალისა და ტვინის უმძიმესი დაზიანებები მიიღო. ფორმულა 1-ის ლეგენდის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, შუმი თვეების მანძილზე კომაში იყო. გერმანელი მას მერე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა - მისმა მეუღლემ შვეიცარიაში ვილა ფაქტობრივად კლინიკად გადააკეთა. წლებია, შუმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. მას მერე მისი არცერთი ფოტო ან ვიდეო-კადრი არ გავრცელებულა.

წაიკითხეშუმახერის ტრაგედიის დეტალები - რა და როგორ მოხდა 5 წლის წინ

ცხენოსნობითაა გატაცებული შუმის 22 წლის ქალიშვილი ჯინა მარიაც. იგი ივლისში გუნდურ ჩათვლაში გახდა ევროპის ჩემპიონი. “ბედნიერი ვარ, რომ აკეთებს იმას, რაც ყველაზე მეტად უყვარს და უკვე ბევრს მიაღწია, - ამბობს კორინა ჯინა მარიაზე, - მიხაელი მეუბნებოდა ხოლმე, რომ ჯინა მარია ჩემზე ნიჭიერი მხედარია.

შუმის ქალიშვილი, ჯინა მარია შუმახერი

ინტერვიუში ჯინა მარია შუმახერმაც ისაუბრა: “მამაჩემი მაფრთხილებდა, რომ ცხენები უნდა მყვარებოდა და მათთვის უნდა მომეარა. არაერთხელ უთქვამს, როცა ავტომობილს ატარებ, შემდეგ მას ფარეხში აყენებ და ამით ყველაფერი მთავრდება, ცხენს კი მუდმივად მოვლა სჭირდებაო.”

ქვიზი | როგორ გახსოვს F1-ის ოქროს წლები?

 

კომენტარები

ბოლო ამბები