Thumbnail
  • ანრიმ ჯეიმი კარაგერთან თავისი კარიერა გაიხსენა
  • მასზე ყველაზე დიდი გავლენა მამამისს ჰქონდა
  • იუვენტუსიდან ანრი ლუჩანო მოჯის გამო წავიდა
  • ინგლისში ადაპტაცია რთული იყო

ტიერი ანრი პოდკასტში ჯეიმი კარაგერს ესტუმრა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. არსენალის და ბარსელონას ფრანგმა ლეგენდამ თავისი ბავშვობის წლებიც გაიხსენა, იუვენტუსში წარუმატებელ პერიოდზეც ისაუბრა, ინგლისურ პრემიერლიგაში ადაპტაციის სირთულეებსაც შეეხო და ბარსელონაში წასვლის მოტივაციაც ახსნა. პოპსპორტმა მისი ინტერვიუდან ყველაზე საინტერესო მომენტები ამოიღო - მოკლედ, ტიერი ანრი ფეხბურთის შიდა სამზარეულოს შესახებ საუბრობს.

დესპოტი მამა, რომლისაც ყველას ეშინოდა

ანრი იხსენებს, რომ მის კარიერაში ყველაზე დიდი როლი მამამისმა ითამაშა. ტიერი გვადელუპელი ემიგრანტების შვილია. მამამისი ძალიან მკაცრი და უკიდურესად მომთხოვნი კაცი იყო. ანრი ბავშვობიდანვე ფენომენალური ტალანტით გამოირჩეოდა, თუმცა მამამისის სიმკაცრე მას საშუალებას არ აძლევდა, რომ მხოლოდ ტალანტის ხარჯზე ეთამაშა.

„როდესაც 14 წლის ვიყავი, თამაში 6:0 მოვიგეთ და ექვსივე გოლი მე გავიტანე. მატჩის მერე ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი, ყველა მაქებდა. მამაჩემი სტადიონის შესასვლელთან მელოდებოდა, გუნდელები ჩვენ ხშირად მანქანით დაგვყავდა ხოლმე და ჩემთან ერთად კიდევ სამი ბიჭი იყო. მამაჩემს იმდენად ცუდი სახე ჰქონდა, რომ თანაგუნდელებმა მაშინვე მითხრეს, რომ უმჯობესი იყო მარტო წასულიყვნენ სახლში. თავიდან ჩუმად ვიჯექით, შემდეგ კი ჩხუბი დამიწყო - „მე-12 წუთზე კონცენტრაცია დაკარგე, 25-ე წუთზე ბურთი ვერ მიიღე და ა.შ.“

ტიერი ანრი ბავშვობის გუნდში

ჩემი მშობლები მაშინ დაშორდნენ, როცა 7 წლის ვიყავი და თამაშებზე მუდამ მამას დავყავდი. ის ყოველთვის მოედანთან ახლოს იდგა და ყველას უყვიროდა - მსაჯებს, მოთამაშეებს, კლუბის პრეზიდენტს. მას ყველაზე გავლენა ჰქონდა. ამიტომაც, ბავშვობაში ჩემი მთავარი მოტივაცია თამაშის მოგება, ან გოლის შეგდება კი არა, მამაჩემის გახარება იყო.“

რატომ უჭირთ ფრანგულ გუნდებს ჩემპიონთა ლიგაზე?

ანრიმ მონაკოში გატარებული წლებიც გაიხსენა. სულ ახალგაზრდა ანრის და ტრეზეგეს მონაკომ მეოთხედფინალში სენსაციურად გამოაგდო მანჩესტერ იუნაიტედი, ნახევარფინალში კი იუვენტუსთან დამარცხდა.

ანრიმ ისაუბრა, თუ რატომ უჭირთ ფრანგულ გუნდებს ევროსარბიელზე ასპარეზობა: „ჩემპიონთა ლიგა ერთადერთ ფრანგულ კლუბს, მარსელს აქვს მოგებული. ევროპაში ჩვენ დიდი ისტორია არ გვაქვს, ამიტომაც ფრანგული კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე თავდაჯერებულად თავს არ გრძნობენ. ისინი თავს ძალიან პატარა გუნდებად აღიქვამენ, თუნდაც მაშინ, როდესაც იუვენტუსს ეთამაშებიან, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგა იუვესაც დიდი ხანია არ მოუგია. ძნელია ამის წინააღმდეგ რამე გააკეთო.“

სირთულეები იუვენტუსში და კონფლიქტი მოჯისთან

ტიერი ანრის პირველი დიდი კლუბი ტურინის იუვენტუსი იყო. იუვეს იმ წელს რთული სეზონი ჰქონდა, მწვრთნელი შუა სეზონში შეიცვალა და ანრისაც მისთვის უჩვეული პოზიციაზე მოუწია თამაში. მისი ხანმოკლე იტალიური თავგადასავალი წარუმატებლად დასრულდა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, მას იუვეში დარჩენა მაინც უნდოდა, უბრალოდ ლუჩანო მოჯისთან, იუვეს სკანდალურ დირექტორთან კონფლიქტი მოუვიდა და ტურინიდან წასვლაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.

ანრი იუვენტუსში

„იუვეში იანვარში მივედი, როცა ჩემპიონატში მეცხრე ადგილზე ვიყავით. ჩემს პირველივე თამაშში მარჩელო ლიპიმ თავდამსხმელად დამაყენა, პარმასთან წავაგეთ და ლიპიმ გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა. გასახდელში შემოვიდა და გვითხრა: „მე ამ კლუბს და თქვენც საკმარისად დიდ პატივს გცემთ, ამ სიტუაციაში რომ დავრჩე და გავაგრძელო.“

ლიპი ანჩელოტიმ შეცვალა, რომელსაც 3-5-2 სქემით თამაში სურდა და მეც მარცხენა ფლანგზე დამაყენა. აღმოჩნდა, რომ დაცვაშიც უნდა მეთამაშა, ნახევარდაცვაშიც და შეტევასაც დავხმარებოდი. ეს ჩემთვის ახალი იყო.

თითქმის ყველა თამაში ვითამაშე, ძალიან ვწვალობდი და ჩემი ახალი როლი არ მესმოდა. მხოლოდ სეზონის ბოლოს ვიპოვე ჩემი თამაში. იუვეში დარჩენას ვგეგმავდი, თუმცა მოჯისთან კონფლიქტი მომივიდა. მახსოვს ის საღამო, როცა ვუთხარი, რომ იუვეში აღარასოდეს ვითამაშებდი. ხუმრობა ეგონა, თუმცა მე ლონდონში წავედი. მოჯი რომ არა, იუვეში დავრჩებოდი."

ინგლისში ანრის ხელთათმანები არ მოეწონათ

ანრი იხსენებს, რომ მისთვის თავიდან ინგლისური კულტურა რთული გასაგები იყო. თავის მხრივ, გულშემატკივარსაც არ უყვარდა იგი. თავდაპირველად ანრი რთულად ეგუებოდა ბრიტანულ ფეხბურთს და ბევრი პრობლემა ჰქონდა - გუნდში მას არ ენდობოდნენ.

„ინგლისში თავიდან ძალიან რთული იყო. მე ფეხბურთს გრძელსახელოიანი მაისურით და ცისფერი ხელთათმანებით ვთამაშობდი. ახლა ყველას ისე აცვია, როგორც მოსწონს, თუმცა მაშინ გულშემატკივარმა ეს ვერ გაიგო. იმ ზაფხულს არსენალიდან ანელკა წავიდა, მე მის ნაცვლად მოვედი გუნდში და ჩემგან ბევრს ელოდნენ - მახსოვს, ვხურდებოდი მუხლებამდე აწეული გეტრებით და ხელთათმანებით და მესმოდა, გულშემატკივარი ჩემზე როგორ ამბობდა „ეს რა ბალერონია, ვინ არის?!“ მე რამდენჯერმე ვუპასუხე კიდეც მათ, რომ უბრალოდ მციოდა და ხელთათმანებით უფრო კომფორტულად ვიყავი.“

ტიენი ანრი ჩვეულ სტილში - ხელთათმანებით და აწეული გეტრებით

ანრი იმასაც იხსენებს, რომ ბრიტანულ ფეხბურთში თავიდან მისი სტილი არ ესმოდათ და როგორც სტანდარტულ თავდამსხმელს, ჩაწოდების დროს საჯარიმოში შესვლას და თავით თამაშს სთხოდნენ. ანრის კი უფრო შემოქმედებითი თამაში სურდა - საჯარიმოს გარეთ გამოსვლა და თავისი ტექნიკისა და სისწრაფის გამოყენება.

„ნოემბერში მიდსლსბროს ვეთამაშებოდით, 5:1 მოვიგეთ, 3 ოვერმარსმა შეაგდო, 2 - ბერგკამპმა, მე სათადარიგო სკამზე ვიჯექი და როცა თამაშის მერე სახლში მეტროთი წავედი, ვერც კი მიცნეს. არავის ვაინტერესებდი. ჩემს თავს დავპირდი, რომ რაც შემეძლო, ვარჯიშებზე ყველაფერს ვაჩვენებდი. ეს გარდამტეხი მომენტი იყო."

მოთამაშეები, რომელთაც მასზე გავლენა ჰქონდათ

ანრიმ რამდენიმე მოთამაშე გაიხსენა, რომელთა თამაშმაც მასზე დიდი გავლენა იქონია.

„სამი მოთამაშეა, რომელთაგან მე ბევრ რამეს ვსწავლობდი:

📌 რომარიო, რომელიც საჯარიმოდან გამოდიოდა და თამაშს თავის თავზე იღებდა.

📌 ჟორჟ ვეა - ბურთი მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლო მიეღო და გოლი შეეგდო.

📌 რონალდო - მას ისეთი გოლები გაჰქონდა, რომ მეც მინდოდა, ასეთები გამეტანა."

აღმოჩნდა, რომ ანრის ძალიან უყვარს მიქაელ ლაუდრუპი, მისი საგოლე პასი 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნიგერიის წინააღმდეგ კი ის მომენტია, რომელსაც დღემდე ხშირად უყურებს.

გვარდიოლა, რომელსაც მესის სჯეროდა

ანრის თქმით, მოთამაშისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კლუბში თავისი როლი სწორად ესმოდეს. ბარსელონაში გადასვლის მომენტში ის უკვე ვეტერანი იყო და იცოდა, რომ პირველ პლანზე ვერ იქნებოდა.

„ბარსელონაში უნდა გამეგო, რომ ეს ჩემი გუნდი არ იყო. 30 წლის ვიყავი, შემეძლო არსენალში დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, რომ ახალი გამოწვევა მქონოდა. ბარსელონაში წასვლის წინ ფრენკ რაიკარდს ველაპარაკე და პირდაპირ მითხრა, რომ ძირითადში ვერ მოვხვდებოდი. მე დავთანხმდი, რადგან მისთვის მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ძირითადში თამაშის ღირსი ვიყავი."

ანრი და მესი

"ერთი წლის შემდეგ გვარდიოლა მოვიდა. ის მუდამ ამბობდა: „თქვენ სულელები ხართ, თუ ვერ ხვდებით, რომ მესი განსაკუთრებული იქნება. მე არსენალი გამახსენდა: როცა ფორმის პიკზე ვიყავი, დენის ბერგკამპმა გუნდის ლიდერობა გადმომილოცა და ცოტათი გვერდით გადგა. ახლა ბარსელონაში იყო ასეთი სიტუაცია - გასაგები იყო, რომ ეს ბიჭი (მესი) განსაკუთრებული იყო, ყველანი ცოტა გვერდით უნდა გავმდგარიყავით, ჩვენი ამბიციები გადაგვედო და მისთვის საშუალება მიგვეცა, ეჩვენებინა, რა შეეძლო."

კომენტარები

ბოლო ამბები