Thumbnail

ყველა ბილეთი გაყიდულია! შვეიცარიაში ქართველებთან მატჩს დიდი ინტერესით ელიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 15 ნოემბერი | ⌚ 23:45 | ⚽ შვეიცარია V საქართველო
  • სენტ გალენის ‘კიბუნპარკზე’ ანშლაგია მოსალოდნელი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს 15 ნოემბერს ჩაატარებს. ვლადიმირ ვაისის შეგირდებს ურთულესი თამაში ელით შვეიცარიასთან, სადაც მომავალი შეხვედრისადმი დიდი ინტერესია.

შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ნაკრებთან მატჩზე უკვე ყველა ბილეთი გაყიდულია.

ცნობისთვის, თამაშს ქალქ სენტ გალენის სტადიონი “კიბუნპარკი” უმასპინძლებს, რომელიც 19 604 მაყურებელს იტევს, თუმცა, რეალიზაციაში 16 400 ბილეთი იყო გამოსული და ისინი უკვე დაიტაცეს.

მოახლოებული მატჩისადმი შვეიცარიელთა ინტერესი გასაკვირი სულაც არაა. ვლადიმირ პეტკოვიჩის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან ძალიან ახლოსაა და ამისთვის, დარჩენილ ორ შეხვედრაში გამარჯვება სჭირდება.

თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ შვეიცარიელებს 18 ნოემბერს დასკვნითი თამაში აუტსაიდერ გიბრალტართან უწევთ და იქ 3 ქულა გარანტირებული აქვთ, გადამწყვეტად სწორედ საქართველოსთან მატჩი უნდა მივიჩნიოთ.

თავის მხრივ, საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის ყველანაირი შანსი გადაწურული აქვს და საკვალიფიკაციო ციკლის დასკვნით შეხვედრაში პრესტიჟის დასაცავად თუ იბრძოლებს.

ვაისმა შემადგენლობა უკვე დაასახელა, მზადებას კი ნაკრები 11 ნოემბერს დაიწყებს და სამდღიან საწვრთნელ პროცესს სენტ გალენის სიახლოვეს, გერმანიის ქალაქ ბად ვურისოფენში გაივლის.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 19 ნოემბერს ქართველი ფეხბურთელები ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ. მსოფლიოს ვიცე ჩემპიონთან ამხანაგური შეხვედრა ქალაქ პულაში ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები