Thumbnail

ქრთამი უსაფრთხოებისთვის, მუქარა მცველებს - რას აკეთებდა ფლოიდ მეივეზერი ციხეში

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • 2012 წელს ფლოიდ მეივეზერს 90-დღიანი პატიმრობა მიესაჯა
  • ლეგენდარული მოკრივე ციხეში საკვებს არ იღებდა
  • უსაფრთხოებისთვის, განგსტერ პოლ ლოპესს ფულს უხდიდა
  • ციხის ადმინისტრაციის ცნობით, ფლოიდი მცველებს ემუქრებოდა

ფლოიდ მეივეზერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი უფრო მეტად მისი დაუმარცხებელი კარიერით და რინგზე გაკეთებული მულტიმილიონებით არის. თუმცა, ფლოიდს სხვა მხარეც აქვს - ის რამდენჯერმე იყო ბრალდებული ოჯახურ ძალადობაში და 2012 წელს მას ციხეში 90 დღის გატარება მიესაჯა. კარგი ქცევისთვის ფლოიდი 60 დღის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა ეს ორთვიანი მონაკვეთი მის ცხოვრებაში ყველაზე იოლი არ ყოფილა. რინგზე, შეიძლება, ფლოიდი დაუმარცხებელი ჩემპიონია, თუმცა ციხეში, ყველანაირი კომფორტის გარეშე, მას ბევრი პრობლემა ჰქონდა.

კვების პრობლემა

მეივეზერი ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის მდიდრულ ცხოვრების წესს

მეივეზერი ციხის საკვებს ვერ ეგუებოდა. ორი თვის მანძილზე მას ციხის სტანდარტული მენიუთი თითქმის არ უსარგებლია. ციხის საკვებზე იგი უარს ამბობდა და სანაცვლოდ, ე.წ. ციხის სალონში ტკბილეულს და მსუბუქ საჭმელს ყიდულობდა. ასე გაატარა მან ორი თვე - ფაქტობრივად, ნორმალური კვების გარეშე.

მეივეზერს დანარჩენ პატიმრებთან შედარებით უკეთესი პირობები ჰქონდა. რაკი პოპულარული პერსონა და ძალადობის პოტენციური მსხვერპლი იყო, იგი სპეციალურ კამერაში იმყოფებოდა და სხვა პატიმრებთან შეხება მხოლოდ მინიმალურად ჰქონდა.

თავისი საცხოვრებელი პირობების შესახებ იგი ციხის ადმინისტრაციისადმი მიწერილ წერილში ღიად ჩიოდა:

"წონა დავკარგე და არ შემიძლია, ვივარჯიშო. არადა, ვარჯიში ძალიან მჭირდება. იმედი მაქვს, საპატიმრო ჩემს საქმიანობაზე ცუდად არ აისახება. კვირაში 168 საათიდან მხოლოდ 5 საათი მაქვს კამერის დატოვების უფლება. არაფერი ცუდი არ ჩამიდენია და რატომ მექცევით ისე, თითქოს მკვლელი, ან ბავშვებზე მოძალადე ვიყო"?

ქრთამი უსაფრთხოებისთვის

იმ მინიმალური ურთიერთობის დროს, რომელიც მეივეზერს დანარჩენ პატიმრებთან ჰქონდა, მას დაცვა სჭირდებოდა. პოლ ლოპესს, განგსტერს, რომელიც მასთან ერთად იჯდა, მეივეზერი 500 დოლარს უხდიდა, რათა ის არ შეეწუხებინათ. ლოპესმა ერთხელ ციხის ადმინისტარციას ისიც კი სთხოვა, რომ მზად იყო, თავისი კუთვნილი ერთი საათიდან, რომელსაც პატიმრები სეირნობისთვის იღებდნენ, ნახევარი მეივეზერისთვის მიეცა. მისი თხოვნა, ადმინისტრაციამ, რა თქმა უნდა, უყურადღებოდ დატოვა.

მუქარა ციხის მცველებს

მიუხედავად იმისა, რომ მეივეზერი 60 დღის შემდეგ სანიმუშო ქცევისთვის გაათავისუფლეს, დოკუმენტები სხვა რამეს გვეუბნება. ერთ-ერთი მცველის ჩვენების მიხედვით, ფლოიდი მას ემუქრებოდა. სნოუდენი, როგორც პირობითად, ეს მცველი ოფიციალურ დოკუმენტებში მოიხსენიება, იხსენებს: „მან თვალებში ჩამხედა და მითხრა, რომ როდესაც ციხიდან გავიდოდა, მე არ დავავიწყდებოდი".

მეივეზერი სასამართლო სხდომაზე

მცველის ჩვენების მიხედვით, ფლოიდმა იქვე გადაამოწმა, რომ მისი სიტყვები პირდაპირ მუქარად არ  აღქმულიყო.

„მკითხა, რაც გითხარი, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რამე ცუდს გპირდები?! უბრალოდ, იცოდე, მაგარი თავი იმიტომ გგონია, რომ ციხის მცველი ხარ. როცა მცველი არ იქნები სხვანაირად იქნება.“

ასევე, ციხის ადმინისტრაციის ცნობით, მეივეზერი, როგორღაც ახერხებდა, რომ მას დამატებითი ნივთები ჰქონოდა. მისი გათავისუფლების შემდეგ, ფლოდის კამერიდან 14 დამატებითი ზეწარი და 5 დამატებითი პირსახოცი ამოიღეს. როგორც ჩანს, მეივეზერი საპატიმროს სისუფთავის სტანდარტით კმაყოფილი არ იყო...

კომენტარები

ბოლო ამბები