Thumbnail
  • ლოკომოტივი 1:2 იუვენტუსი
  • მაურიციო სარის გუნდმა მოსკოვში დუგლას კოშტას გოლით მოიგო
  • იუვენტუსმა ამ გამარჯვებით ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი გაინაღდა

ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფში მე-4 ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მოსკოვის ლოკომოტივმა ტურინის იუვენტუსი მიიღო და კომპენსირებულ დროში გაშვებული გოლით დამარცხდა. იუვენტუსმა ამ გამარჯვებით პლეი ოფი გაინაღდა. 

სამწუხაროდ, რუსული კლუბის განაცხადშიც ვერ მოხვდა საბა კვერკველია, რომელმაც ტრავმა ცოტა ხნის წინ მოიშუშა და ჯერჯერობით ლოკომოტივში სათამაშო დრო არ ეძლევა. ასე რომ, კრიშტიანო რონალდოსთან მისი დუელი არც ამჯერად შედგა...

ტურინელები მოსკოვში დანაკლისით ჩავიდნენ - ტრავმის გამო განაცხადში ვერ მოხვდა მატეის დე ლიხტი, რომლის ადგილი დაცვის ცენტრში დანიელე რუგანიმ დაიკავა. სხვათა შორის, მაურიციო სარიმ სათადარიგოთა სკამზე დასვა ორი კვირით ადრე, ტურინში გამართული მატჩის გმირი პაულო დიბალა, რომელმაც ლოკომოტივთან დუბლი მიითვალა და თავის გუნდს მოაგებინა - 2:1.

"რჟდ არენაზე" კი ანგარიში უკვე მე-4 წუთზე გაიხსნა - იუვენტუსმა მასპინძელთა მეკარე მარინატო გილერმეს კურიოზული მოქმედებით ისარგებლა. კრიშტიანო რონალდომ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მოსკოველთა მეკარეს კი ბურთი ხელიდან გაუვარდა, ფეხებშორის გაუძვრა და კარისკენ წავიდა. გაგორებულ ბურთს კარის ხაზის ბოლომდე გადაკვეთა აარონ რემზიმ არ აცალა და შეაგდო.

0:1 რემზი 4'

ლოკომოტივმა მალევე გაათანაბრა. მოსკოველთა ჩაწოდების შემდეგ, საჰაერო ბრძოლა ალეკსეი მირანჩუკმა მოიგო და ბურთი თავით შჩესნის კარისკენ გაუშვა. ბურთი ძელს მოხვდა, უკუგდებულს კი პირველმა ისევ მირანჩუკმა მიუსწრო, რომელსაც დაუცველ კარში გატანა აღარ გასჭირვებია. სხვათა შორის, ლოკომოტივის ნახევარმცველმა იუვეს ტურინშიც გაუტანა...

1:1 ალ. მირანჩუკი 12'

პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, მეორეს დროს კი მოსკოვში გაწვიმდა და ამან თამაშს უარყოფითი კვალი დაატყო. 

ლოკომოტივს ანგარიშში წინ გასვლის კარგი შანსი 78-ე წუთზე ჰქონდა. მირანჩუკის იერიშის შემდეგ, შჩესნი კარი დაკარგული ჰქონდა, როდესაც ჟოაო მარიუმ კარში ძლიერად დაარტყა. ბურთს კარის ხაზზე ლეონარდო ბონუჩი დახვდა.

მატჩის მიწურულს მაურიციო სარიმ კრიშტიანო რონალდო პაულო დიბალათი შეცვალა, თუმცა იუვენტუსი 1/8-ფინალში ცვლილებაზე შესულმა სხვა ფეხბურთელმა გაიყვანა - დუგლას კოშტამ, რომელსაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საგოლე პასი გონსალო იგუაინმა გაუკეთა. არგენტინელმა გადაცემა ეფექტურად შეასრულა, თუმცა ბრაზილიელის გოლი უბრალოდ დიდებული იყო.

1:2 დუგლას კოშტა (90+3)

იუვენტუსმა გაიმარჯვა, 10 ქულა დააგროვა და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლა გაინაღდა. ლოკომოტივს კი 3 ქულა რჩება და ცხრილში მესამეა. D ჯგუფში მოგვიანებით დასრულდება ლევერკუზენი-ატლეტიკოს მატჩი.

ლიგაში მომდევნო მატჩს მოსკოვის ლოკომოტივი 26 ნოემბერს, შინ ლევერკუზენთან ჩაატარებს, მეორე დღეს კი იუვენტუსი ტურინში მადრიდის ატლეტიკოს მიიღებს. 

ლოკომოტივი 1:2 იუვენტუსი

გოლები: 0:1 რემზი (4'), 1:1 ალ. მირანჩუკი (12'), 1:2 დუგლას კოშტა (90+3')

ლოკომოტივი (4-4-2): გილერმე - იგნატიევი, ჰიოვედესი, ჩორლუკა, რიბუსი - ჟემალეტდინოვი (მურილო, 81'), კრიხოვიაკი, ბარინოვი, ჟოაუ მარიუ (კოლომეიცევი, 85') - ალ.მირანჩუკი, ედერი. 

იუვენტუსი (4-3-1-2): შჩესნი - დანილო, ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო - ხედირა (დუგლას კოშტა, 70'), პიანიჩი, რაბიო - რემზი (ბენტანკური, 64') - იგუაინი, რონალდო (დიბალა, 82).

კომენტარები

ბოლო ამბები