Thumbnail

კიდევ ერთი უარი ბაიერნს! მოურინიო იხვეწება, მაგრამ ფავორიტი ვენგერია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ტენ ჰაგის და ტუხელის შემდეგ, ბაიერნს რანგნიკმაც უარი უთხრა
  • ‘ბილდის’ ინფორმაციით, მთავარი კანდიდატი ახლა არსენ ვენგერია
  • ჟოზე მოურინიოს რეკორდმაისტერში მუშაობა სურს, მაგრამ მასზე არ ფიქრობენ

მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატების სია კიდევ ერთი სპეციალისტით შემცირდა. ერიკ ტენ ჰაგის და თომას ტუხელის შემდეგ, ბავარიულ გრანდს უარი შეუთვალა რალფ რანგნიკმაც. 61 წლის ‘პროფესორი რალფის’ მრჩეველმა მარკ კოსიკემ ‘ბილდს’ დაუდასტურა, რომ რანგნიკი რეკორდმაისტერში მუშაობით დაინტერესებული არ არის.

“არა, რალფის ბაიერნში დანიშვნა გამორიცხულია. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რანგნიკი არის ის მწვრთნელი, ვისაც ბაიერნის ხელმძღვანელები ეძებენ. ამიტომ, კონკრეტულ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს,” - უთხრა კოსიკემ ‘ბილდს’. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერდნენ, რომ რანგნიკსა და ბაიერნის ბოსებს შორის მოლაპარაკებები ამ დღეებში უნდა შემდგარიყო.

რალფ რანგნიკი ბაიერნში მუშაობით დაინტერესებული არ არის

ტენ ჰაგის, ტუხელისა და რანგნიკის უარი იმას ნიშნავს, რომ ბაიერნში დანიშვნის საუკეთესო შანსი ახლა ლონდონის არსენალის ყოფილ მწვრთნელს, არსენ ვენგერს აქვს. ფრანგმა მწვრთნელმა უკვე დაადასტურა, რომ მიუნხენში მუშაობით დაინტერესებულია. კითხვაზე, დაფიქრდება თუ არა, თუკი ბაიერნის გაწვრთნას შესთავაზებენ, 70 წლის ფრანგმა beIN SPORTS-ს ასე უპასუხა: რა თქმა უნდა! დიდი სურვილი მაქვს, რომ სამწვრთნელო საქმიანობას დავუბრუნდე. ეს ჩემი საქმეა, რომელიც ძალიან მომენატრა.” აღსანიშნავია, რომ ვენგერი შესანიშნავად საუბრობს გერმანულად.

‘ბილდი’ წერს, რომ ბავარიელებმა ვენგერი, შესაძლოა, ზაფხულამდე დანიშნონ, მერე კი ტენ ჰაგს მიუბრუნდნენ. ამ უკანასკნელმა თქვა, რომ ზაფხულამდე ამსტერდამის აიაქსიდან წასვლას არ აპირებს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ფავორიტი ახლა არსენ ვენგერია

ამასობაში, ბაიერნში მუშაობის პერსპექტივაზე ჟოზე მოურინიომაც ისაუბრა. Sky Sport-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი რეკორდმაისტერის წინადადებას სიამოვნებით დათანხმდებოდა. “დაინტერესების შემთხვევაში, ჟოზე მზადაა, ბაიერნში მუშაობას დათანხმდეს. მისთვის დიდი გამოწვევაა ისეთ ადამიანებთან ერთად მუშაობა, როგორებიც კარლ-ჰაინც რუმენიგე და ული ჰიონესი არიან,” - მოურინიოს გარემოცვიდან ციტირებს Sky Sport. თუმცა, გერმანული მედიის ინფორმაციით, ბავარიული გრანდის ბოსები ჟოზეზე სერიოზულად არ ფიქრობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები