Thumbnail

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა – ბასილაშვილი თვენახევარს გამოტოვებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკოლოზ ბასილაშვილს იდაყვის ტრავმა აწუხებდა
  • ქართველი ჩოგბურთელი ATP CUP-ზე თამაშს მაინც აპირებს

27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მარჯვენა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა და ახლა, ნიკა სარეაბილიტაციო პერიოდს დაიწყებს, რომელიც დაახლოებით თვენახევარი გასტანს.

ბასილაშვილს ტკივილები დიდი ხანია აწუხებდა, სეზონის მე-2 ნახევარში კი ისინი აუტანელი გახდა, რაც ქართველი ჩოგბურთელის შედეგებზეც აისახა. ცხადი იყო, რომ ქირურგიული ჩარევის გარეშე პრობლემა არ მოგვარდებოდა და საქართველოს პირველი ჩოგანი ამ ნაბიჯზე სწორედ დღეს წავიდა.

ნიკოლოზმა ნაოპერაციები ხელის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მართალია, კომენტარი არ გაუკეთებია, როგორც შევიტყვეთ, მისი ახლადდაარსებულ ATP CUP-ზე ასპარეზობა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ახალ საჩოგბურთო ტურნირს 2020 წლის იანვარში ავსტრალიის სამი ქალაქი (ბრისბენი, პერთი, სიდნეი) უმასპინძლებს. მასში 24 მოწინავე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან 19 უკვე ცნობილია.

საქართველო ახალი ტურნირის სიაში მე-14 ნომრით მოხვდა – მონაწილეთა სიაში კი ნიკოლოზ ბასილაშვილი და ალექსანდრე მეტრეველი წერია.

თუკი ნიკამ ფორმაში შესვლა დროულად მოახერხა, საქართველოს ნაკრებს ჯგუფური ეტაპის სასტარტო შეხვედრა 4 იანვარს ესპანეთთან ელის, 6-ში იაპონიასთან შერკინებაა დაგეგმილი, 8 სექტემბერს კი ჯგუფის მე-4 წევრთან მატჩი შედგება, რომლის ვინაობა ჯერაც გასარკვევია.

კომენტარები

ბოლო ამბები