Thumbnail

სკანდალი ნაპოლიში - ფეხბურთელებმა პრეზიდენტს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნაპოლის ფეხბურთელებმა აურელიო დე ლაურენტისის მოთხოვნა არ შეასრულეს
  • კლუბის პრეზიდენტს მწვრთნელ-ფეხბურთელების ბაზაზე გამოკეტვა სურდა

ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩი სტუმრად რედ ბულ ზალცბურგთან ფრედ, ანგარიშით 1:1 დაასრულა, თამაშის დასრულების შემდეგ კი ნეაპოლის კლუბში ვითარება დაიძაბა - ფეხბურთელებმა პრეზიდენტს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. 

ლორენცო ინსინიე დე ლაურენტისის მოთხოვნას არ დაემორჩილა

ახლა ნაპოლის ზედიზედ 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. გუნდმა სერია A-ს წინა ტურში, რომასთან სულაც წააგო (1:2). ამით უკმაყოფილო კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კი მწვრთნელ-ფეხბურთელებისთვის ჭკუის სწავლება მოინდომა.

ბოსის მოთხოვნით, გუნდი ავსტრიიდან პირდაპირ კლუბის ბაზაზე უნდა გამოცხადებულიყო და იქ ხუთი დღის განმავლობაში გამოკეტილიყო, მაგრამ ფეხბურთელებმა პრეზიდენტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. 

როგორც იტალიელი ჟურნალისტები იუწყებიან, რედ ბულთან თამაშის შემდეგ ნაპოლის კაპიტანი ლორენცო ინსინიე კლუბის პრეზიდენტის შვილს შეხვდა და უთხრა: "ჩვენ სახლებში ვბრუნდებით. წადი და გადაეცი ეს მამაშენს".

ზალცბურგთან მატჩის შემდეგ, ნაპოლის ბაზაზე ფეხბურთელები არ გამოცხადნენ

იუწყებიან, რომ ნაპოლის ფეხბურთელები ლაურენტისის გადაწყვეტილებას საკონტრაქტო პირობების დარღვევად განიხილავენ, რომლებიც ამ საკითხზე ადვოკატებსაც დაუკავშირდნენ. 

ფეხბურთელებისგან განსხვავებით, დე ლაურენტისის ბრძანებას ბოლო მომენტში მაინც დაემორჩილა ნაპოლის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, რომელიც მართალია, ფეხბურთელებს არ ამტყუნებს, მაგრამ კლუბის ბაზაზე მაინც გამოცხადდა. იუწყებიან, რომ 60 წლის სპეციალისტი და მისი სამწვრთნელო შტაბი ასე ნაპოლის ხელმძღვანელობისგან სოლიდური ჯარიმის შიშის გამო მოიქცა. არადა, ზალცბურგთან თამაშის შემდეგ ანჩელოტი სავალდებულო პრესკონფერენციაზეც არ გამოცხადდა და სტადიონი უკომენტაროდ დატოვა.

ნაპოლის მთავარ მწვრთნელსა და პრეზიდენტს შორის ყველაფერი რიგზე აღარაა

ზალცბურგთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, ნაპოლის 8 ქულა აქვს და E ჯგუფში მეორე ადგილზეა. პირველზე ლივერპულია (9 ქულა), მესამე და მეოთხე ადგილებს კი შესაბამისად, რედ ბული (4) და გენკი (1) იკავებენ. ნაპოლის მომდევნო მატჩი ლიგაში 27 ნოემბერს, სტუმრად ლივერპულთან უწევს.

კარლო ანჩელოტის გუნდს სერია A-ში გასული 11 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-7 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 9 ნოემბერს შინ ჯენოასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები