Thumbnail

20 წლის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ტრავმირებული მაილს ტერნერის და დომანტას საბონისის არყოფნაში, ინდიანა პეისერსის სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მე-2 მატჩი ჩაატარა, მისმა გუნდმა კი ზედიზედ 3 მოგების შემდეგ, სეზონში მე-4 მარცხი განიცადა.

📺 ბითაძის ჰაილაითები შარლოტთან მატჩში

ინდიანელები ამჯერად შარლოტს სტუმრობდნენ და ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის (ის დარბაზში იყო და გუნდს აქტიურად ქომაგობდა) მფლობელობაში მყოფ ჰორნეტსთან ოვერტაიმში 120:122 წააგეს. პეისერსმა პირველ მეოთხედში 15-ქულიანი უპირატესობა დაიბევა და შემდეგ სხვაობა 19 ქულამდეც ავიდა, თუმცა, ბოლო მეოთხედი "ჩაუვარდა" (21:35) და ვეღარც ოვერტაიმში იყოჩაღა. უცნაური იყო ისიც, რომ მასპინძლებმა 42 საჯარიმო ესროლეს, სტუმრებმა კი - მხოლოდ 7.

ბითაძემ მოედანზე მისთვის სარეკორდო 31:48 წუთი გაატარა და მეტსაც ითამაშებდა რომ არა 6 პერსონალური ფოლი. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა ჯარიმების გამო თამაში ზედიზედ მეორედ დაასრულა და უდავოა, რომ ამ მიმართულებით მეტი მუშაობა მართებს.

სამაგიეროდ, გოგას აქტივში 6 ქულა, 11 მოხსნა (4 შეტევაში), 4 პასი და 4 დაფარება ჰქონდა, რაც ლიგის ახალბედისთვის ჩინებული სტატისტიკაა. გოგამ 5-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, 2 სამქულიანი ააცილა და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენებურმა 4 ბლოკ-შოტი მიჯრით მე-3 შეხვედრაში მიითვალა, რაც ურთულესი გასაკეთებელია.

გამოკითხვა

რამდენს ჩააგდებს გოგა ვაშინგტონთან?

  • 8.5 ქულაზე მეტს
  • 8.5 ქულაზე ნაკლებს

ბითაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში ინდიანელებმა მეტოქეზე 15 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

პეისერსის რიგებში ყველაზე შედეგიანი ტი ჯეი უორენი იყო 33 ქულით, მალკოლმ ბროგდონმა 31 ქულა და პასი მიითვალა, ჯერემი ლემბმა კი 18 ქულა ჩააგდო.

პეისერსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი, 7 ნოემბერს, შინ, ვაშინგტონ უიზარდსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ინდიანა
  • ვაშინგტონი

კომენტარები

ბოლო ამბები