Thumbnail
  • ‘ბილდმა’ ნიკო კოვაჩისა და ბაიერნის ფეხბურთელების ბოლო საუბრის დეტალები გამოაქვეყნა
  • რეკორდმაისტერის ყოფილმა მწვრთნელმა მოთამაშეები პერსონალურად გააკრიტიკა

გერმანულ ტაბლოიდ ‘ბილდს’ ყველგან ჰყავს თავისი ინფორმატორები - მათ შორის, მიუნხენის ბაიერნშიც. სწორედ ინსაიდერთა წყაროზე დაყრდნობით, ‘ბილდმა’ ბავარიული გრანდის ახლა უკვე ყოფილი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის ის სიტყვები გამოაქვეყნა, რაც გათავისუფლებულმა მწვრთნელმა თავის ყოფილ შეგირდებს ბოლო შეხვედრისას უთხრა.

📌 UPDATE

ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, 48 წლის სპეციალისტი კვირას, ფეხბურთელებთან უკანასკნელი შეხვედრისას, ძალიან მკაცრი იყო და ბაიერნის ფეხბურთელები პერსონალურად გააკრიტიკა.

გათავისუფლებამდე რამდენიმე საათით ადრე, ნიკო კოვაჩმა რეკორდმაისტერის ფეხბურთელებს აინტრახტთან მატჩიდან (1:5 ფრანკფურტელთა სასარგებლოდ) ჯამში 25 მომენტი აჩვენა. მან რამდენიმე ფეხბურთელს პერსონალურად მიმართა და მათ თავიანთი შეცდომები რამდენჯერმე გაუმეორა.

მაგალითად, კოვაჩმა სერჟ გნაბრი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ზედმეტად ხშირად კარგავს ბურთს, ხოლო კინგსლი კომანი კი იმაში დაადანაშაულა, რომ მონდომება აკლია. მწვრთნელისგან მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა ცენტრალურმა მცველმა ჟერომ ბოატენგმაც, რომელმაც აინტრახტთან მატჩის მე-9 წუთზე წითელი ბარათი მიიღო. “ასეთ სიტუაციაში, წესით გაცილებით ჭკვიანურად უნდა იქცეოდე!” - უთხრა კოვაჩმა ბოატენგს.

მწვრთნელისგან კრიტიკა დაიმსახურა ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამაც - კოვაჩმა მას უთხრა, რომ ზედმეტად ტექნიკურად თამაშს ცდილობს. გარდა ამისა, ნიკომ მთელ გუნდს დაუწუნა დაცვაში თამაში: “არ შეიძლება, რომ დაცვაში მეტოქეზე მეტი კაცი გვყავდეს და მაინც გავუშვათ გოლები,” - თქვა მან ფეხბურთელებთან ბოლო შეხვედრაზე და თავისი სიტყვა ასე დაასრულა: “თქვენ არ მისმენთ! მატჩის წინ რაღაცებზე ვვარჯიშობთ, რაღაცებს მოვილაპარაკებთ ხოლმე და მერე მოედანზე ეს ყველაფერი არ კეთდება.”

‘ბილდის’ ინფორმაციით, კოვაჩისა და ფეხბურთელების ბოლო შეხვედრა კვირას დილით, 9:45 საათზე შედგა. ბაიერნმა ნიკო კოვაჩის გათავისუფლება ოფიციალურად საღამოს, 20:52-ზე დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაში, ოლიმპიაკოსთან და ბუნდესლიგის მომდევნო ტოპ-მატჩში, დორტმუნდის ბორუსიასთან, რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი დროებით ჰანსი ფლიკი იქნება და მას ასისტენტობას ჰერმან გერლანდი გაუწევს. რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეცვლის ნიკო კოვაჩს - გერმანული მედიის ინფორმაციით, ბაიერნის ხელმძღვანელები ამ ეტაპზე 4 კანდიდატზე ფიქრობენ. ესენი არიან: მასიმილიანო ალეგრი, ერიკ ტენ ჰაგი, რალფ რანგნიკი და არსენ ვენგერი.

📋 მეტი ამ თემაზე: 

კომენტარები

ბოლო ამბები