Thumbnail
  • ‘ქურციკებმა’ პირველი ადგილიდან ინგლისი ჩამოაქვეითეს
  • ‘ბორჯღალოსნებმა’ მსოფლიო თასის შედეგებით 2 პოზიცია დათმეს

სამხრეთ აფრიკის სარაგბო ნაკრები, რომელმაც 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალში ინგლისი 32:12 დაამარცხა, მსოფლიო რეიტინგს სათავეში მოექცა.

‘ქურციკებს’ ლიდერის პოზიცია ბოლოს 2009 წლის 16 ნოემბერს ეკავათ, ამდენად, პირველობა 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნეს.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ფინალში გამარჯვების წყალობით, აფრიკელებმა 3.48 ქულა შეიმატეს და ახლა, მათ აქტივში 94.19 ქულაა.

ეს, მთელი 6.85 ქულით მეტია იმაზე, რაც “ქურციკებს” მსოფლიო თასის დაწყებამდე ჰქონდათ, როდესაც კლასიფიკაციაში მე-4 ადგილზე იმყოფებოდნენ.

აფრიკელთა უახლოესი მდევარი ახალი ზელანდიაა (92.11), რომელმაც ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩი უელსს 40:17 მოუგო, ფინალისტი ინგლისი კი 88.22 ქულით მე-3 პოზიციაზე დამკვიდრდა.

მსოფლიო თასი ყველაზე წარუმატებელი ირლანდიის ნაკრებისთვის აღმოჩნდა, რომელიც ტურნირის სტარტისთვის რეიტინგის სათავეში იმყოფებოდა, ამჟამად კი, 84.45 ქულით მხოლოდ მეხუთეა.

გასაკვირი არაა, რომ წინსვლა განიცადა გასული შეჯიბრის მასპინძელმა იაპონიამ. ეს გუნდი ტურნირის უმთავრეს სენსაციად იქცა, ჯგუფური ეტაპი დანაკარგის გარეშე განვლო და 79.28 ქულით მეათედან მე-8 საფეხურზე გადავიდა, უკან კი, შოტლანდია და არგენტინა მოიტოვა.

მსოფლიო თასი წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა საქართველოს სარაგბო ნაკრებისთვის. სექტემბრის ბოლოსკენ, როდესაც ტურნირმა სტარტი აიღო, ბორჯღალოსნები 73.29 ქულით მეთორმეტენი იყვნენ, ხოლო ახლა, 71.26 ქულით მე-14 ადგილი უკავიათ.

მსოფლიო რაგბის რეიტინგში მორიგ მნიშვნელოვან ცვლილებებს გაისად თებერვლიდან უნდა ველოდეთ, როდესაც ევროპული გრანდები 6 ერის მორიგ ტურნირში ჩაებმებიან, საქართველოს ნაკრებს კი თამაში ისევ რაგბი ევროპის გათამაშებაში მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები