Thumbnail

ბაიერნის კიდევ ერთი პრობლემა - რობერტ ლევანდოვსკი საოპერაციოა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბაიერნის თავდამსხმელს საზარდულზე ოპერაცია სჭირდება
  • 31 წლის პოლონელ ბომბარდირს ოპერაციის გადადება სურს

რობერტ ლევანდევსკის ოპერაცია სჭირდება. მიუნხენის ბაიერნისა და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელს პრობლემა საზარდულზე აქვს და ოპერაცია უახლოეს მომავალში უნდა ჩაუტარდეს. ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ფეხბურთელს დაახლოებით 10 დღემდე გაუცდება.

ლევანდოვსკიმ 2019/20 წლების სეზონში საკლუბო დონეზე ყველა ტურნირში ჩატარებულ 16 მატჩში უკვე 21 გოლი შეაგდო და ბუნდესლიგის რეკორდიც გაიმეორა, როდესაც ტურნირში ზედიზედ 10 შეხვედრაში შეძლო გატანა. შესაბამისად, ბაიერნს, რომელიც აინტრახტთან განადგურების შემდეგ (1:5) უმწვრთნელოდ დარჩა და რთული პერიოდი აქვს, პოლონელი ბომბარდირი ძალიან სჭირდება. 

გერმანული მედიის ცნობით, 31 წლის ფეხბურთელს არ სურს ბაიერნის უახლოესი მნიშვნელოვანი მატჩების გამოტოვება - ოლიმპიაკოსსა (ჩემპიონთა ლიგაში, 6 ნოემბერს) და დორტმუნდთან (ბუნდესლიგაში, 9 ნოემბერს) და ოპერაციის გადადებას სანაკრებო პაუზისთვის აპირებს.

პოლონეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ის საგზური უკვე გაინაღდა და ამ გუნდისთვის ისრაელსა და სლოვენიასთან შეხვედრებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, შესაბამისად, მოედანზე რობერტ ლევანდოვსკის გარეშეც მშვიდად გავა.

მიუნხენის ბაიერნს ბუნდესლიგაში გასული 10 ტურის შემდეგ, 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. ბავარიელები ლიდერ გლადბახს 4 ქულით ჩამორჩებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები