Thumbnail

ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძის გუნდის ფრე ჩემპიონთა ლიგაზე

  • ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი
  • მონპელიეს პლეი ოფში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში, გიორგი ცხოვრებაძის მონპელიემ ფრედ, 23-23 ითამაშა სტუმრად პორტუში და 7 ქულით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი, მაგრამ მონპელიეს პლეი ოფში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს. 

პორტუგალიაში ცხოვრებაძის გუნდი 5-1 დაწინაურდა, მაგრამ ბოლოს თამაში გადასარჩენი გაუხდა. ფრანგულ კლუბში თავი გამოიჩინა პორტუგალიელმა ჟილბერტო დუარტემ, ვისაც 9 სეზონი აქვს გატარებული პორტუში. სწორედ მან გაათანაბრა ანგარიში ბოლო წამებზე და სულ 6 გოლი გაუტანა ყოფილ კლუბს.

მონპელიეს მარჯვენა ფლანგზე სამმა ხელბურთელმა ითამაშა: პორტმა, ლენმა და ბოსმა, 18 წლის ქართველი კი სათადარიგოთა სკამზე იყო.

მომდევნო მატჩს მონპელიე საფრანგეთის ჩემპიონატში ჩაატარებს და 6 ნოემბერს ივრის უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ცხოვრებაძე ამ მატჩის სარეკლამო ბანერზე წარწერით არის გამოსახული.

ცხოვრებაძე ფრანგულ კლუბში 2017 წლის შემოდგომაზე გადავიდა თბილისის პეგასიდან, ხოლო პორტუსთან მატჩამდე მან ორჯერ ითამაშა საქართველოს ნაკრებში და სკოპიეში, მაკედონიის ეროვნულ გუნდს ორ თამაშში 17 გოლი გაუტანა.

ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფს 11 ქულით ლიდერობს გერმანიის კილი, რომელმაც სტუმრად დაამარცხა ზაპოროჟიე (30-27), ხოლო A ჯგუფში 10 ქულით პირველია ბარსელონა, რომელმაც სტუმრად მოუგო გერმანიის ჩემპიონ ფლენზბურგს 34-27. 10 ქულა აქვს პარი სენ-ჟერმენსაც. ამ ორი ჯგუფის გამარჯვებულები პირდაპირ გადიან მეოთხედფინალში, ხოლო II-VI ადგილზე გასულ გუნდები მერვედფინალში. მეშვიდე ტური 6 ნოემბერს დაიწყება. მონპელიე 10 ნოემბერს თამაშობს უკრაინაში, ზაპოროჟიეს მოტორთან.

კომენტარები

ბოლო ამბები