Thumbnail

ბაიერნმა კოვაჩი გაუშვა – მომდევნო ორ მატჩში დროებითი მწვრთნელით

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკო კოვაჩმა მიუნხენელებს 3 ტიტული მოაგებინა
  • ბაიერნი მოლაპარაკებას მასიმილიანო ალეგრისთან აწარმოებს

მიუნხენის ბაიერნმა მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი თანამდებობიდან გაანთავისუფლა. კონტრაქტის გაწყვეტა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდა.

ბავარიული კლუბის ხელმძღვანელებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი ბუნდესლიგის გასული ტურის მატჩი გამოდგა, რომელიც ბაიერნმა ფრანკფურტის აინტრახტთან სტუმრად 1:5 წააგო.

10 ტურის თავზე, ბავარიელებს აქტივში 18 ქულა აქვთ და გერმანიის ჩემპიონატში მათთვის უჩვეულო მე-4 ადგილზე იმყოფებიან.

კოვაჩი ბაიერნს 2018 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და სუპერთასი მოიპოვა.

საინტერესოა, რომ ხორვატი სპეციალისტის წინა კლუბი სწორედ აინტრახტი გახლდათ.

“ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება გახლდათ, რადგანაც ბოლო პერიოდში კლუბი სასურველ შედეგებს ვერ აჩვენებდა. მე და ჩემი ძმა რობერტი ბაიერნს ბოლო წლინახევრისთვის მადლობას ვუხდით. ამ პერიოდში არაერთ წარმატებას მივაღწიეთ და ეს ჩინებული დრო იყო”, - აღნიშნა კოვაჩმა.

არსებობს ინფორმაცია, რომ ბავარიელები მთავარ მწვრთნელად იტალიელი მასიმილიანო ალეგრის მიწვევას აპირებენ, დროებით თავკაცად კი ჰანს ფლიკი დანიშნეს.

ეს უკანასკნელი, ვინც კოვაჩის ასისტენტი იყო, ბაიერნს მომდევნო ორ მატჩში გაუძღვება: პირეოსის ოლიმპიაკოსთან – ჩემპიონთა ლიგაში და დორტმუნდის ბორუსიასთან – ბუნდესლიგაში.

კომენტარები

ბოლო ამბები