Thumbnail

‘ვალდებულებები პირნათლად შესრულდება’ – გურასპაული მიუნხენურ ვიზიტზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ფედერაციის პრეზიდენტმა ფიბა-ევროპას სამთავრობო გარანტიები წარუდგინა
  • ევრობასკეტის დარბაზის მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული ორიოდე დღის წინ დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მონაწილეობა ფიბა-ევროპის საშეჯიბრო კომიტეტის სხდომაში მიიღო. შეგახსენებთ, რომ იგი სწორედ ამ კომიტეტის წევრია.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში გურასპაულმა სხდომის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი თემა ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნების მზადების პროცესი იყო.

ითქვა, რომ იმ ოთხ ქვეყანას, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიიღეს, პირველ ეტაპზე ფიბა-ში გარკვეული თანხა აქვთ შესატანი. ფიბა-ევროპის ხელმძღვანელებმა გერმანიის, საქართველოს, ჩეხეთისა და იტალიის წარმომადგენლებს მზადების შესახებ ინფორმაციის წარდგენაც სთხოვეს.

“ჯერ სხვა ქვეყნების წარმომადგენლების განმარტება მოისმინეს, ჩვენი რიგი რომ მოვიდა, ვუთხარი, რომ მშენებლობა წელს დაიწყება და ეს, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულია. გვკითხეს ფინანსურ ვალდებულებებზეც. ვუპასუხე – დარწმუნებით გეუბნებით, რომ ისევე როგორც სხვა საკითხები, ფინანსური ვალდებულებაც დროულად, პირნათლად შესრულდება. სახელმწიფომ თანხა გამოყო და დათქმულ ვადამდე, 5 ნოემბრამდე შესაბამის ანგარიშზე ჩაირიცხება” – აღნიშნა ფედერაციის პრეზიდენტმა.

შეკითხვა, რომელიც ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობამ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს დაუსვა, ქართველი მკითხველისთვისაც აქტუალურია: როდის დაიწყება დარბაზის მშენებლობა და მოესწრება თუ არა ყველა პროცედურა 2021 წლის ზაფხულამდე?

“ამ ეტაპზე დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ სამშენებლო სამუშაოები 2019 წელს დაიწყება. კომპანია, რომელიც ხელს მოჰკიდებს ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას, ცხადია, მოგვცემს გარანტიას, რომ არენა დათქმულ დროს ჩაგვბარდება”.

შეგახსენებთ, რომ ქართული კალათბურთისთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 15 ივლისს გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამოცხადდა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ საქართველო კიდევ სამ ქვეყანასთან ერთად, პრესტიჟული ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი იქნებოდა.

თუკი ყველაფერი გეგმისამებრ წარიმართა, თბილისში ასაშენებელი ახალი დარბაზი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს მიიღებს. უკვე ცნობილია, რომ ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი, რომელშიც ტრადიციულად 24 ნაკრები ჩაერთვება, სტარტს 17 აგვისტოს აიღებს და 3 სექტემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

ბოლო ამბები