Thumbnail
  • Bild Am Sonntag-მა ბასტიან შვაინშტაიგერის ინტერვიუ გამოაქვეყნა
  • მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი თომას მიულერს ინგლისში გადასვლას ურჩევს
  • ‘შვაინის’ აზრით, ჟოზე მოურინიო დორტმუნდის ბორუსიას მოუხდებოდა

გერმანიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა ბასტიან შვაინშტაიგერმა გაზეთ ‘ბილდ ამ ზონთაგთან’ ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა. 35 წლის ექს-ნახევარმცველმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ მან გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისგან შეტყობინება მიიღო.

“დიახ, ანგელა მერკელისგან მართლაც მივიღე შეტყობინება. ძალიან სასიამოვნო იყო იმის ცოდნა, რომ ასეთ მომენტში იგი ჩემზე ფიქრობდა. გერმანიის კანცლერი სულაც არ არის ვალდებული, შეტყობინება გაუგზავნოს ფეხბურთელს, რომელმაც კარიერა დაასრულა,” - განაცხადა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონმა, რომელიც კარიერის დასრულებამდე MLS-ში თამაშობდა.

შვაინშტაიგერმა 8 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ აქტიურ სპორტულ კარიერას ამთავრებს. მანამდე შვაინი ჩიკაგოს ღირსებას იცავდა, ამიერიდან კი ტელეკომპანია ARD-ს ექსპერტის რანგში იმუშავებს. მისი სატელევიზიო დებიუტი სავარაუდოდ 2020 წლის მარტში შედგება.

შვაინშტაიგერმა ინტერვიუში მიუნხენის ბაიერნზეც ისაუბრა: “საბოლოო ჯამში ყველაფერს ხარისხი წყვეტს და ამ მხრივ ბაიერნზე უკეთესი კლუბი გერმანიაში არ მეგულება. თუ ერთი-ორ პრობლემას მოაგვარებენ, ჩემპიონები ისევ მიუნხენელები გახდებიან,” - თქვა შვაინშტაიგერმა. შეგახსენებთ, რომ შაბათს რეკორდმაისტერი აინტრახტთან 1:5 განადგურდა.

ბასტის მეგობარ თომას მიულერს ბაიერნში საქმეები კარგად არ მისდის. ცნობილია, რომ მიულერი ბავარიული გრანდიდან გაშვებას ითხოვს, რადგან ამჟამინდელი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი მას იშვიათად ენდობა. შვაინშტაიგერი თომასს ინგლისში გადასვლას ურჩევს: “ვფიქრობ, რომ მას გარემოს შეცვლა სჭირდება. ჩემს შემთხვევაში ასე იყო და სწორედ ტრანსფერმა მიშველა. თომასი ჯერ კიდევ ძალიან მაგარი ფეხბურთელია. ვფიქრობ, მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა სწორი ნაბიჯი იქნებოდა.”

შვაინიმ ისიც თქვა, რომ ყოფილი მწვრთნელი ლუის ვან გაალი მიულერის ინგლისში წაყვანას ცდილობდა: “ვან გაალს თომასის შეძენა ძალიან უნდოდა. ყოველთვის მეკითხებოდა, რას აკეთებს შენი მეგობარი თომასიო. მაშინაც ვფიქრობდი, რომ იუნაიტედში უნდა წამოსულიყო, მაგრამ თომასი ახალგაზრდა იყო და მიუნხენიდან წასვლა არ სურდა. იქნებ, ახლა აზრი შეიცვალა და ეს ნაბიჯი გადადგას.”

ბასტიან შვაინშტაიგერი და თომას მიულერი 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ

ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა შვაინშტაიგერს დორტმუნდის ბორუსიაზეც ჰკითხეს. მას მიაჩნია, რომ BVB-ს მართლაც მოუხდებოდა ისეთი მწვრთნელი, როგორიც ჟოზე მოურინიოა: “მოურინიო განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და თვისებებით გამოირჩევა. თუ მას ისეთი ფეხბურთელები ეყოლება, როგორებიც სჭირდება, ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მოიგოს ტიტულები. მას შესაბამისი ფეხბურთელებით ნებისმიერი გუნდის გამწარება შეუძლია. ვფიქრობ, ჟოზე დორტმუნდს მოუხდებოდა,” - შეგახსენებთ, რომ ბორუსიას ამჟამინდელ მწვრთნელ ლუსიენ ფავრს ხშირად აკრიტიკებენ და იგი გათავისუფლების კანდიდატია.

ჩოგბურთის ექს-ვარსკვლავი ანა ივანოვიჩი 2016 წლიდან ბასტიანის ცოლია

“მე ვიცი, რომ მოურინიოს ძალიან მოსწონს დორტმუნდელი ფანები და სტადიონი. ცნობილია ისიც, რომ ჟოზეს დორტმუნდის შეფ ჰანს-იოახიმ ვატცკესთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. თუ მოურინიო ბორუსიაში იმუშავებს, ეს ბუნდესლიგისთვის და ზოგადად გერმანული ფეხბურთისთვის დიდი მოვლენა იქნება,” - დასძინა შვაინშტაიგერმა, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედში სწორედ მოურინიოს ხელმძღვანელობით თამაშობდა. შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო იუნაიტედიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს და მას მერე უმუშევარია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები