Thumbnail

სამხრეთ აფრიკა მსოფლიოს ჩემპიონია! 20 ქულით დამარცხებული ინგლისი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ინგლისი 12:32 სამხრეთ აფრიკა
  • ინგლისის მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის ფინალი 20 ქულით წააგო
  • სამხრეთ აფრიკა ტურნირის არსებობის ისტორიაში მესამე ტიტულს დაეუფლა

რაგბის მსოფლიო თასის მეცხრე ფინალი დაძაბული გამოდგა. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის რაგბის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ედი ჯონსს შანსი ჰქონდა, რომ ინგლისი ისტორიაში მეორედ გაეჩემპიონებინა, ხოლო სამხრეთ აფრიკის მიზანი მესამე ტიტულის მოგება და ახალ ზელანდიასთან გათანაბრება იყო.

პირველ ტაიმში გუნდებმა 6 ჯარიმა გაიტანეს. ანგარიში მე-10 წუთზე პოლარდმა გახსნა, რომელმაც სამხრეთ აფრიკა დააწინაურა, რის შემდეგაც ოუენ ფარელმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინა 3:3.

პოლარდის ჯარიმით კიდევ ერთხელ წინ გასულ სამხრეთ აფრიკას ისევ ოუენ ფარელმა უპასუხა, თუმცა ტაიმის მიწურულს პოლარდმა ისევ 2 ჯარიმა გაიტანა და ინგლისმა პირველი ტაიმი 6:12 წააგო.

მეორე ტაიმში გუნდებმა კიდევ 2-2 ჯარიმა გაცვალეს. სამხრეთაფრიკელებმა 6-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს, რის შემდეგაც ლელოების დადებაც შეძლეს. მატჩის 66-ე წუთზე მაკაზოლე მაპიმპიმ უმნიშვნელოვანესი ლელო დადო და სამხრეთ აფრიკის უპირატესობა პოლარდის გარადასახვასთან ერთად 13 ქულამდე გაზარდა - 13:25.

სამხრეთ აფრიკამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჩესლინ კოლბის ლელოთი გაინაღდა. პოლარდმა ეს ლელოც გარდასახა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 32:12 სამხრეთაფრიკელთა ნაკრების სასარგებლოდ.

ანდრე პოლარდი ტურნირის ბომბარდირი გახდა. მან 69 ქულა დააგროვა.

სამხრეთ აფრიკამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა, რითიც ახალი ზელანდიის ნაკრებს გაუთანაბრდა და ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჯგუფში თამაში წააგო და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს მაინც დაეუფლა.

სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ტიტული რიჩი მაკქოუმ გადასცა, რომელმაც "უებ ელისის თასი" 2015 წელს აღმართა.

სია კოლისი (სამხრეთ აფრიკის კაპიტანი): ძალიან ბევრი გამოწვევა და პრობლემა იყო ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ერთად დგომით დიდ მიზანს მივაღწიეთ. მათ სურდათ ჩვენი ფიზიკურ ორთაბრძოლებში დაჩაგვრა, მაგრამ ეს მეტოქეს არ გამოუვიდა. მადლობა ინგლისს, რომელმაც კარგად ითამაშა.

რასი ერასმუსი (სამხრეთ აფრიკის მწვრთნელი): საკუთარი თავის გვჯეროდა. ინგლისს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ცოტა გაგვიმართლა, მაგრამ ჩემმა ბიჭებმა კარგად ითამაშეს და ტიტულიც დამსახურებულად მოიგეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები