Thumbnail

'არც გუნდს მივატოვებთ და არც არსად მივდივართ' - არჩილ ბერიძე დინამო ბათუმზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

დღეს, დინამო ბათუმის მფლობელმა არჩილ ბერიძემ და კლუბის სპორტულმა დირექტორმა ალსან ბალაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

გუშინ, საქართველოს ეროვნული ლიგის 33-ე ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლი დინამო ბათუმი სტუმრად ივანწმინდაში ჩიხურასთან დამარცხდა - 0:2. თამაშის დასრულების შემდეგ, ბათუმელებს მსაჯობაზე პრეტენზიები ჰქონდათ, კლუბის მფლობელმა არჩილ ბერიძემ კი განაცხადა, რომ კლუბს დატოვებდა.

არჩილ ბერიძე: “მსურს პირველ რიგში განმარტება, ჩემს გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით გავაკეთო. ამის მიზეზი იყო ჩემი და ვებ-გვერდის ადმინის შეუთანხმებელი პოზიცია, ჩემი აღელვება იყო და ამის გამო ვიხდი ბოდიშს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებთ გუნდს, პირიქით, უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას. ძალიან დიდი ვალდებულებები გვაქვს აღებული არამხოლოდ კლუბის, მთლიანად ბათუმის წინაშე და არ გავაკეთებთ იმას, რომ ვიღაც არამზადას გადავაყოლოთ ამხელა პროექტი და საქმე”.

არჩილ ბერიძე და ასლან ბალაძე

არჩილ ბერიძე: “კიდევ ერთხელ ვნახოთ გუშინდელი პენალტის ეპიზოდი - ეს იყო 100%-იანი 11-მეტრიანი. მსაჯებს უფრო დიდ მატჩებზე მოსვლიათ შეცდომები - იტალიის ჩემპიონატში, პრემიერლიგაში, ჩემპიონთა ლიგაში, მაგრამ შენ, კიკაჩეიშვილი (ჩიხურა-ბათუმის მატჩის არბიტრი), როდესაც ასეთ პენალტს არ დებ, გასახდელში შედიხარ და ნახულობ ამ მომენტს, გამოდიხარ და 10 წუთის შემდეგ 100%-იან ჯარიმას არ დებ და არ აძევებ კაცს, ეს უკვე შეგნებულად გაკეთებულია და საპირისპიროში ვერავინ გადამარწმუნებს”.

ეპიზოდი, როდესაც წესების დარღვევა არ დაფიქსირდა
ეპიზოდი, როდესაც საჯარიმოს მისადგომებთან ჯოვინო წააქციეს

არჩილ ბერიძე: “ჩემი მუშაობის პრინციპი იქნება, რომ კიკაჩეიშვილი, მაპატიეთ და, არამზადები, აღარ იყვნენ ქართულ ფეხბურთში. ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ კიკაჩეიშვილმა და მისნაირებმა ქართულ ფეხბურთში აღარ იმსაჯონ. კიკაჩეიშვილს სამუდამოდ უნდა აეკრძალოს მსაჯობა და ნახეთ, სხვა თუ გააკეთებს მსგავს რამეს”

“მაქვს ეჭვი, რომ კიკაჩეიშვილს გუშინ ეს არ გაუკეთებია შეცდომით, მან ეს გააკეთა გამიზნულად და ასევე დარწმუნებით შემიძლია თქმა, რომ ამაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელი არ ურევია”.

“არაობიექტური მსაჯობა არ არის მხოლოდ დინამო ბათუმის პრობლემა. ეს არის მთლიანად ქართული ფეხბურთის პრობლემა და ამას უნდა ებრძოლოს ყველა, რათა ერთხელ სამუდამოდ, მე და ჩემნაირ ადამიანებს ფეხბურთში დაბრუნების აზრი გვქონდეს”. 

“მეორე პრობლემა ისაა, რომ ასეთ მოედანზე არ უნდა ტარდებოდეს მატჩი. ასეთი მსაჯობითა და ასეთი მოედნით მივაღწევთ რამეს? ჩემი კონკურენტია, მაგრამ კატეგორიულად ვამბობ, ამ მოედანზე არც საბურთალომ უნდა ითამაშოს!”.

“ერთი კვირის წინ ლევან კობიაშვილთან შედგა ათივე კლუბის წარმომადგენელთა შეხვედრა. ბატონი ლევანის ერთადერთი თხოვნა იყო კლუბების ხელმძღვანელთა მიმართ - ჩვენ მარტო ვერაფერს ვიზამთ, გაუფრთხილდით ერთმანეთს და თუ ერთმანეთს ჯიბრში არ ჩავუდგებით, ყველაფერი გამოგვივაო. დღეს ფედერაციაში ძალიან დამწუხრებული არიან მომხდარის გამო”. 

ბურთი აშკარად ხვდება ხელზე ჩიხურას მცველ დავით მაისაშვილს

ასლან ბალაძე: “მე ამ მსაჯს ძალიან ახლოს და კარგად ვიცნობ, მაგრამ რაც გუშინ ვნახე, პირველად იყო ჩემს კარიერაში შემთხვევა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ მსაჯთან შევედი... თამაშის შემდეგ კიკაჩეიშვილმა დამირეკა და ბოდიში მიმიხადა - პირველი შემთხვევაა, როცა ბოდიშს ვიხდი, მაგრამ დავუშვი ძალიან დიდი შეცდომა და მინდა, მაპატიოს ბათუმმაო”.
 

📺 პრესკონფერენცია სრულად | ბათუმი სპორტ News

ანგისაზე ბათუმის დინამოს ხელმძღვანელების პრესკონფერენცია. სრული ვიდეო.

Posted by ბათუმი სპორტ News on შაბათი, 02 ნოემბერი, 2019

ჩიხურასთან მარცხით დინამო ბათუმმა ძალიან გაირთულა მდგომარეობა. კვირას, დინამო თბილისი ქუთაისის ტორპედოს მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში, სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგება. ბათუმურ გუნდს შესაძლოა საბურთალოც დაეწიოს, რომელსაც ამისთვის გორში დილას დამარცხება სჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები