Thumbnail
  • თორნიკე შენგელიას MVP-ს ტიტული ერგო
  • ქართული პასპორტის მქონე მეტ ჯენინგმა 16 ქულა ჩააგდო

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ევროლიგის მე-6 ტურში მიუნხენის ბაიერნს 93:60 სძლია, მასპინძელთა ქართველი კაპიტანი კი მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

ქართველი ლეგიონერი ტრადიცილად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 25:51 წუთი დაჰყო. თოკოს უკვე პირველ მეოთხედში 13 ქულა ჰქონდა, საბოლოოდ კი, შეხვედრა 19 ქულით, 3 მოხსნით, 2 პასით, 1 ჩაჭრით და 1 დაფარებით დაასრულა.

შენგელიამ 8-დან 4 ორქულიანი, 2-ვე სამქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი, თამაშის წესები 7-ჯერ დაირღვა.

შედეგად, თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ის მატჩის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს.

"ჩვენი ქომაგების თვალწინ ვთამაშობდით და გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გავაკეთეთ. მიხარია, რომ კარგ შედეგს მივაღწიეთ. ჩემთვის MVP-ს ტიტული პირველხარისხოვანი არაა. მთავარია, რომ გუნდმა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში დამაჯერებლად ითამაშა და კარგი იქნება, თუკი ასე გავაგრძელებთ", - აღნიშნა თამაშის შემდეგ ქართველმა ლეგიონერმა.

ვთქვათ ისიც, რომ შენგელიას შემდეგ, მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი მეტ ჯენინგი იყო, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო.

ბასკური კლუბი 3-3 მოგება-წაგებით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 7 ნოემბერს, სტუმრად, იტალიურ მილანთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები