Thumbnail
  • ახალი ზელანდია 40:17 უელსი
  • 'ოლ ბლექსმა' მსოფლიო თასზე მე-3 ადგილი მესამედ დაიკავა

2019 წლის მსოფლიო თასის მე-3 ადგილისთვის მატჩში ახალი ზელანდიის ნაკრებმა უელსს 40:17 სძლია (ზედიზედ 30-ედ) და ბრინჯაოს მედლების მფლობელი ისტორიაში მესამედ გახდა. "ოლ ბლექსმა" 2011 წელსს საფრანგეთს აჯობა (40:13), ხოლო უკვე შორეულ 1991-ში შოტლანდია 13:6 დაამარცხა.

ბენ სმითმა დუბლის შესრულება მოახერხა

მორიგი ზელანდიურ-უელსური შერკინება ჩოფუში შედგა და მაყურებელმა თავიდანვე გახსნილი თამაში იხილა. მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელებმა მინდორზე გადახალისებული შემადგენლობები გაიყვანეს, მატჩი ორმხრივ შეტევებში წარიმართა და ანგარიში მალევე გაიხსნა.

მატჩის მე-6 წუთზე ზელანდიელებმა ხელდახელ ბრწყინვალე იერიში განახორციელეს და პირველხაზელი ჯო მუდი ვერავინ შეაჩერა.

📺 ჯო მუდის ლელო 

მალე, "ოლ ბლექსი" უკვე 14:0-ს იგებდა. არონ სმითმა შექცეული პასით ლელოსკენ ბოდენ ბარეთი გაუშვა, რომლის შემჩერებელი აღარავინ იყო.

📺 ბოდენ ბარეთის ლელო 

უელსი მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდა და მრავალფაზიანი იერიშის შემდეგ, მარცხენა ფლანგზე მეტოქის ხაზის გაჭრა ჰალამ ეიმოსმა მოახერხა.

📺ჰალამ ეიმოსის ლელო 

რამდენიმე წუთში რის პაჩელმა ჯარიმით ჩამორჩენა ოთხ ქულამდე დაიყვანა, თუმცა, ტაიმის ბოლომდე ზელანდიელებმა კიდევ 2 ლელო მიითვალეს. ორივე შემთხვევაში ყურადღების ცენტრში ბენ სმითი იყო. თავდაპირველად, "შავების" გარემარბმა ბურთი ცენტრიდან დაამიწა.

📺 ბენ სმითის ლელო 

პირველი ნახევრის ბოლო წუთზე კი არონ სმითმა ფლანგზე კიდევ ერთი დიდებული პასი გაუშვა და სმითმა დუბლი შეასრულა.

📺 ბენ სმითის მეორე ლელო 

შესვენების შემდეგ პირველი შედეგიანი შეტევა ისევ ზელანდიელების იყო. "ოლ ბლექსის" შუამარბებმა სონი-ბილ ვილიამსმა და რაიან ქროთიმ უელსის დაცვა არ შეიმჩნიეს და ამ უკანასკნელმა ბურთის დამიწება შესძლო.

📺 რაიან ქროთის ლელო 

ამ ფონზე უელსელთა მე-2 ლელოს მხოლოდ პრესტიჟის ხასიათი თუ ჰქონდა. ევროპელებმა 20-ფაზიანი შეტევა აკინძეს და ბურთის ხაზს მიღმა გადადება ჯოშ ადამსმა მოახერხა.

📺 ჯოშ ადამსის ლელო 

მატჩში ბოლო სიტყვა მაინც ზელანდიელებმა თქვეს. მეტოქის ხუთმეტრიან ზოლში შერკინებიდან ბურთი აუღელვებლად გამოიტანეს და ფლანგზე შექმნილი უპირატესობით მგეზაბმა რიჩი მოჰუნგამ (მან 6-დან 5 ლელო გარდასახა და 15 ქულა მიითვალა) ისარგებლა - 40:17.

📺 რიჩი მოჰუნგას ლელო 

ახალი ზელანდია იაპონიას მედლების გარეშე არ დატოვებს, თუმცა, ცხადია, ეს, ის არაა, რისთვისაც სთივ ჰანსენის გუნდი ტურნირზე იყო ჩასული. შეგახსენებთ, რომ "ოლ ბლექსმა" ჩემპიონობის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, რომელიც ინგლისთან 7:19 დათმო. ეს უკანასკნელი მსოფლიო თასის მოპოვებისთვის ხვალ იბრძოლებს, როდესაც იოკოჰამაში სამხრეთ აფრიკის ნაკრებს გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები