Thumbnail

ბოლქვაძე მეოთხედფინალშია – მარიამს ტამბოველი ავსტრალიელი ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ჩოგბურთელმა მე-2 ჩინელიც იოლად გაიარა
  • მარიამ ბოლქვაძეს მსოფლიო რეიტინგში 158-ე ადგილი უკავია

21 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ჩინეთის ქალაქ ლიუჟუში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გავიდა.

ბოლქვაძე, რომელსაც მე-4 განთესვა აქვს, დღეს, კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ზიუე სუნს (ჩინეთი) გაეჯიბრა და 6:2, 6:2 სძლია. საინტერესოა, რომ მარიამმა სასტარტო რაუნდში კიდევ ერთ ჩინელ იუე იუანსაც იდენტური ანგარიშით აჯობა.

უკვე ცნობილია, რომ მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელის პირისპირ ავსტრალიელი არინა როდიონოვა დადგება, რომელმაც გზიდან სამხრეთ კორეელი დაბინ კიმი (6:0. 6:2) და იაპონელი აკიკო ომაე (6:2, 4:6, 6:4) ჩამოიცილა.

არინა როდიონოვა

30 წლის როდიონოვა, რომელიც რუსეთის ქალაქ ტამბოვშია დაბადებული, ავსტრალიიის ღირსებას 2014 წლიდან იცავს და უფრო მეტად წყვილებში თამაშითაა ცნობილი (მსოფლიო რეიტინგში 41-ე ადგილიც კი ეკავა).

ერთეულებში როდიონოვას საუკეთესო მაჩვენებელი 116-ე პოზიციაა, ამჟამად კი, კლასიფიკაციაში 235-ეა.

თავის მხრივ, ბოლქვაძე რეიტინგში 158-ე ადგილზეა, რაც მის სარეკორდო მაჩვენებელს მხოლოდ 5 პოზიციით ჩამორჩება.

ქართულ-ავსტრალიური დაპირისპირება, ხვალ, 1 ნოემბერს შედგება, მათ შორის უმჯობესი კი ნახევარფინალში ჩინურ-სერბულ წყვილში (ჯია-ჯინ ლუ/ნატალია კოსტიჩი) გამარჯვებულს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები