Thumbnail
  • 📅 2 ნოემბერი | ⌚ 13:00 | 🏉 ინგლისი V სამხრეთ აფრიკა | პირველი არხი
  • სამხრეთ აფრიკას მსოფლიო თასი 2-ჯერ აქვს მოგებული, ინგლისს კი - ერთხელ

სარაგბო სამყარო ოთხწლეულის უმთავრესი მატჩის მოლოდინშია: შაბათს, 2 ნოემბერს, თბილისის დროით 13:00 საათზე იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში სტარტს აიღებს 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალური მატჩი, რომელშიც ინგლისი სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება. საერთო აზრით, გადამწყვეტ შეხვედრაში თამაში ყველაზე მეტად სწორედ “ვარდებმა” და “ქურციკებმა” დაიმსახურეს, ამდენად, ტურნირს უდავოდ ღირსეული გამარჯვებული ეყოლება.

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რასი ერასმუსმა ნახევარფინალთან შედარებით სასტარტო შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილება განახორციელა. მინდორზე ისევ ვიხილავთ ჩია (1.70 მ.) გარემარბ ჩესლინ კოლბეს, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე სხარტი თამაშით ყველა მოხიბლა.

კოლბემ, რომელსაც გასულ ორშაბათს 26 წელი შეუსრულდა, ტრავმა ჯერ კიდევ ჯგუფურ ეტაპზე მიიღო და კანადასთან მატჩი გამოტოვა, თუმცა, იაპონიასთან მეოთხედფინალისთვის საქმეში ისევ ჩაერთო და კოჭი კიდევ ერთხელ დაიშავა.

საბედნიეროდ, “ქურციკთა” ერთ-ერთი ლიდერის დაზიანება სერიოზული არც ამჯერად გამოდგა. მას მხოლოდ უელსელებთან ნახევარფინალი გაუცდა, შაბათს, კი ჩვეულ ადგილს უბრუნდება და სბუ ნკოსის ჩაანაცვლებს.

უდავოა, რომ კოლბე, რომელიც 400 მეტრზე სირბილში მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონის ვეიდ ვან ნიკერკის ბიძაშვილი გახლავთ, აფრიკელებს შეტევაში მეტ სიმწვავეს შესძენს. ჩესლინს იაპონიაში უკვე 2 ლელო აქვს დადებული და ახალ ზელანდიასთან, იტალიასთან და იაპონიასთან თამაშებისას არაერთი კონტრიერიში განახორციელა.

სამხრეთ აფრიკის ნაკრების კაპიტანი ტრადიციულად სია კოლისი იქნება, რომელიც 28 წლის ასაკში ეროვნული გუნდის მაისურს უკვე 50-ედ მოიხვეჭს. კოლისისთვის თამაში სხვა მხრივაც გამორჩეული იქნება. იოკოჰამურ შერკინებას სიას მამა ფეზაკელე დაესწრება, რომელმაც სამხრეთ აფრიკის საზღვრები პირველად დატოვა და შვილს ტრიბუნებიდან გაამხნევებს.

თადარიგშია ფრანს სტეინი, რომელსაც ჯერ კიდევ 2007 წლის მსოფლიო თასის ფინალში ინგლისისთვის ჯარიმა აქვს გატანილი და ის მატჩი “ქურციკებმა” 15:6 მოიგეს.

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ სამხრეთ აფრიკას 1995 წლის ფინალში ახალი ზელანდია ჰყავს დამარცხებული (15:12), ამგვარად, ტიტულისთვის მესამედ იბრძოლებს, ინგლისი კი ფინალში უკვე მეოთხედ გავიდა, თუმცა, ზურგს მხოლოდ 1 გამარჯვება უმაგრებს.

“ქურციკების” გარდა, ინგლისელებს 1991 წელს ავსტრალიასთან აქვთ წაგებული (6:12), 2003 წლის ფინალში კი, რევანში აიღეს და “ვოლაბებს” 20:17 სძლიეს.

სამხრეთ აფრიკის გზა ფინალამდე: 13:23 – ახალ ზელანდიასთან, 57:3 – ნამიბიასთან, 49:3 – იტალიასთან, 66:7 – კანადასთან, 26:3 – იაპონიასთან, 19:16 – უელსთან.

ფინალისთვის საერთოდაც უცვლელი შემადგენლობა დაასახელა ინგლისელთა თავკაცმა ედი ჯოუნზმა. მცირე ტრავმები აწუხებდათ “ვარდების” კაპიტან ოუენ ფარელს, ჯონი მეის და ქაილ სინქლერს, თუმცა, ისინი მწყობრში არიან და პირველივე წუთებიდან საქმეში იქნებიან.

შედეგად, ინგლისი პროფესიულ ერაში, მინდორზე მსოფლიო თასის ფინალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდულ შემადგენლობას გაიყვანს. ჯოუნზის თხუთმეტეულის საშუალო ასაკი 27 წელი და 60 დღეა, რაც 2003 წლის ავსტრალიაზე 11 დღით ნაკლებია.

ამასთან, “ვარდებს” გამოუცდელობას ნამდვილად ვერ დავწამებთ. ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან მატჩების ჩათვლით, ინგლისელი მორაგბეების საშუალო მაჩვენებელი 51 ტესტია, რაც მსოფლიო თასის ფინალების მონაწილეთა შედეგებში მესამეა. ამ მხრივ გამორჩეული ახალი ზელანდიის (65) და ავსტრალიის (56) 2015 წლის შერკინებაა.

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ სამხრეთ აფრიკის თხუთმეტეული ინგლისელებზე საშუალოდ 1 წლითა და 148 დღით უფროსია, “ქურციკების” კეპების საშუალო რაოდენობა კი 46-ს უტოლდება.

საინტერესოა, რომ ჯოუნზს ინგლისის ნაკრების თავკაცის რანგში 50-ე შეხვედრა ექნება და ის მხოლოდ მე-3 სპეციალისტია, ვინც აღნიშნულ პოსტზე ამ ნიშნულს უწია. გასაკვირი არც ისაა, რომ შედეგების მხრივ, ედი საუკეთესოა: მოგებათა გრაფაში 80%-იანი მაჩვენებელი, აქამდე, ინგლისის არცერთ თავკაცს არ ჰქონია.

მსოფლიო თასის ფინალურ მატჩს პირველად მოემსახურება ფრანგი არბიტრი. ჟერომ გარსეზის აქტივში 55 საერთაშორისო მატჩია, რომელთაგან 10 მსოფლიო თასზე გამართულა. გარსეზს კიდეებიდან თანამემამულე რომან პუატი და ახალზელანდიელი ბენ ო’კიფი დაეხმარებიან, ვიდეო-რეფერის მოვალეობას კი ასევე ზელანდიელი ბენ სკინი შეასრულებს.

ინგლისის გზა ფინალამდე: 35:3 – ტონგასთან, 45:7 – აშშ-სთან, 39:10 – არგენტინასთან, საფრანგეთთან მატჩი ჩაიშალა, 40:16 – ავსტრალიასთან, 19:7 – ახალ ზელანდიასთან.

ინგლისი: 1. მაკო ვუნიპოლა, 2. ჯემი ჯორჯი, 3. ქაილ სინქლერი, 4. მარო ითოჟე, 5. ქორთნი ლოზი, 6. თომ ქარი, 7. სემ ანდერ’ჰილი, 8. ბილი ვუნიპოლა, 9. ბენ იანგსი, 10. ჯორჯ ფორდი, 11. ჯონი მეი, 12. ოუენ ფარელი (კაპ.), 13. მანუ ტუი’ლანგი, 14. ენთონი ვოთსონი, 15. ელიოთ დეილი.

სათადარიგოები: 16. ლუქ ქოუან-დიქი, 17. ჯო მარლერი, 18. დენ ქოული, 19. ჯორჯ ქრუზი, 20. მარქ ვილსონი, 21. ბენ სპენსერი, 22. ჰენრი სლეიდი, 23. ჯონათან ჯოზეფი.

სამხრეთ აფრიკა: 1. თენდაი მთავარირა, 2. ბონგი მბონამბი, 3. ფრანს მალჰერბე, 4. იბენ ეცებეთი, 5. ლუდ დე’იახერი, 6. სია კოლისი (კაპ.), 7. პიტერ-სტეფ დიუ’ტოი, 8. დვეინ ფერმიულენი, 9. ფაფ დე’კლერკი, 10. ჰანდრე პოლარდი, 11. მაკაზოლე მაპიმპი, 12. დამიან დე’ალენდე, 13. ლუკანიო ამი, 14. ჩესლინ კოლბე, 15. ვილი ლე’რუ.

სათადარიგოები: 16. მალკომ მარქსი, 17. სთივენ კიცჰოფი, 18. ვინსენტ კოხი, 19. არ-ხე სნეიმანი, 20. ფრანკო მოსტერტი, 21. ფლო ლოუ, 22. ჰერშელ იანკისი, 23. ფრანს სტეინი.

კომენტარები

ბოლო ამბები