Thumbnail

ჩემპიონთა ლიგა წყალბურთში | დინამო თბილისი უნგრელებთან დამარცხდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში მე-3 მარცხი განიცადა
  • დინამო თბილისს მომდევნო მატჩი FTC ბუდაპეშტთან 9 ნოემბერს ელის

წყალბურთის კლუბმა დინამო თბილისმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მე-3 მატჩი ჩაატარა და ტურნირის ორგზის გამარჯვებულ OSC ბუდაპეშტთან 8:14 (3:2, 1:3, 0:5, 4:4) დამარცხდა.

საინტერესოა, რომ რევაზ ჩომახიძის შეგირდები საწყის წუთებზე 3:0 დაწინაურდნენ, თუმცა, გამოცდილმა მეტოქემ დარჩენილ დროში თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხა და ტურნირზე მიჯრით მე-3 გამარჯვება იზეიმა. გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც უნგრელებმა 5:0 მოიგეს.

გასულ მატჩში დინამოს სასტარტო შემადგენლობაში ნიკოლოზ შუბლაძე, რევაზ იმნაიშვილი, ბექა ქავთარაძე, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა, ფაბიო ბარალდი და ბორის ვაპენსკი გამოჩნდნენ, თადარიგში კი ხვიჩა ჯახაია, ანდრია ბითაძე, დამირ ცრეპულია, ირაკლი რაზმაძე, მარკო ელაჩა და გიორგი მაგრაქველიძე იყვნენ.

დინამოელთაგან გოლები გუნდის კაპიტანმა რურუამ (2), ბითაძემ, ჯახაიამ, მაგრაქველიძემ, ცრეპულიამ და ბარალდიმ (2) გაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ დინამოს, რომელიც პრესტიჟულ შეჯიბრში პირველად თამაშობს, აქამდე, ორივე მატჩი სტუმრად ჰქონდა ჩატარებული და ორივე შემთხვევაში შინ წაგებული ბრუნდებოდა: 5:9 – ესპანურ ტერასასთან და 11:21 – ხორვატულ ზაგრებთან.

დინამო თბილისი B ჯგუფში 0 ქულით ბოლო ადგილზე რჩება, მომდევნო შეხვედრას კი ისევ შინაურ კედლებში, უნგრეთის კიდევ ერთ წარმომადგენელ FTC ბუდაპეშტთან გამართავს. მატჩი 9 ნოემბერს, 18:30 საათზე დაიწყება.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ევროპის საუკეთესო 16 გუნდი ორ ჯგუფშია გადანაწილებული და ორ წრედ თამაშობს, ოთხ-ოთხი საუკეთესო კი მერვედფინალში გავა და ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს.

კომენტარები

ბოლო ამბები