Thumbnail

რეალი ისკოს ზამთარში გაყიდის - მადრიდელებმა ფეხბურთელს ფასი დაადეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი 27 წლის ნახევარმცველს არ ენდობა
  • სამეფო კლუბის დატოვებით თავად ფეხბურთელიც დაინტერესებულია
  • ისკოს მიმართ ინტერესს სიტი, არსენალი და იუვენტუსი იჩენდნენ

მადრიდის რეალი მზადაა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნახევარმცველი ისკო გაასხვისოს. ესპანური მედიის ინფორმაციით, “სამეფო კლუბს” ფეხბურთელში 70 მილიონი ევროს მიღება სურს.

მიმდინარე სეზონში 27 წლის ნახევარმცველმა ლა ლიგის 4 მატჩში ითამაშა, სასტარტოში კი - მხოლოდ ორში და შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა.

ფაქტია ისკო მადრიდელთა თავკაცს, ზინედინ ზიდანს არ სჭირდება. სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო კი თავად ფეხბურთელიcძალიან უკმაყოფილოა და კლუბის შეცვლაზე ფიქრობს, რადგან ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ევრო 2020-ზე თამაში სურს.

ზიდანის გუნდში ესპანელ ნახევარმცველს სათამაშო დრო ძალიან ცოტა აქვს

უწინ ისკოს მიმართ ინტერესს მანჩესტერ სიტი, ლონდონის არსენალი და ტურინის იუვენტუსი იჩენდნენ, თუმცა ამ დრომდე წინადადებით რეალისთვის არცერთ მათგანს მიუმართავს. ცნობისთვის, ისკოს კონტრაქტში, რომელიც 2022 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული, პირგასამტეხლო თანხად 700 მილიონი ევროა მითითებული.

ისკო მადრიდის რეალში 2013 წლის ზაფხულში, მალაგიდან გადავიდა. მაშინ ტრანსფერის ფასმა 30 მილიონი ევრო შეადგინა. 

 მადრიდის რეალს ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 9 მატჩის შემდეგ, 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს. ზინედინ ზიდანის გუნდი მომავალ შეხვედრას 30 ოქტომბერს, შინ ლეგანესთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები