Thumbnail

'ერთად უნდა ვიბრძოლოთ' - შავი ზღვის პირატების მხარდაჭერა დინამო ბათუმს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ეროვნული ლიგა დასკვნით ფაზაშია, ჩემპიონობისთვის კი ერთბაშად სამი გუნდი იბრძვის: დინამო ბათუმი, დინამო თბილისი და თბილისის საბურთალო. ფავორიტად ბათუმური გუნდი უნდა მივიჩნიოთ, რომელიც კონკურენტებს უსწრებს და ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული. 

მიუხედავად იმისა, რომ დინამო ბათუმი ლიდერია, გულშემატკივრებს აქვთ ნერვიულობის საფუძველი. გია გეგუჩაძის გუნდმა ბოლო სამი თამაში ფრედ დაასრულა, 9 შესაძლებლიდან 3 ქულა აიღო და მხოლოდ იმიტომ შეინარჩუნა ლიდერობა, რომ ვერც მთავარმა კონკურენტმა, დინამო თბილისმა ივარგა.

ჩემპიონატის ლიდერი მომდევნო შეხვედრას 1 ნოემბერს გამართავს, როდესაც გუნდი ივანწმინდაში ჩიხურას დაუპირისპირდება. საჩხერული გუნდი ცხრილში მეშვიდე ადგილზეა და ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ასე რომ, წინ საინტერესო მატჩი გველოდება.

ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, დინამო ბათუმის ყველაზე ერთგულმა გულშემატკივრებმა, შავი ზღვის პირატებმა გუნდს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ივანწმინდაში გასამართი მატჩისთვის სრულ მობილიზებას აცხადებენ. შავი ზღვის პირატებმა სოციალურ ქსელში საინტერესო ვიდეო გაავრცელეს, სადაც სწორედ ეს მხარდაჭერაა ასახული, ვიდეოს ავტორი კი ფან კლუბის წევრი გიორგი შარაშიძეა. სწორედ ამ თემაზე ვთხოვეთ კომენტარი გიორგის და ასევე, დინამო ბათუმის ფან კლუბის ლიდერს, გივი გაგუას.

ბრძოლა გრძელდება!

🗓 1 ნოემბერი ✅ “ჩიხურა” საჩხერე🆚”დინამო” ბათუმი 🏛 ვიკრიბებით თეატრთან 08:00 სთ-ზე ( დილის რვა სათზე) 🏟 ივანწმინდა 🥁 თამაშზე წამოსვლის მსურველებმა შეგვეხმიანეთ

Posted by Black Sea Pirates - Dinamo Batumi Fan-Club on ორშაბათი, 28 ოქტომბერი, 2019

გივი გაგუა (შავი ზღვის პირატების ლიდერი)

“ცუდია, რომ ბოლო სამი თამაში ფრედ დავასრულეთ და მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ. მით უმეტეს, სამივე შეხვედრაში ვფლობდით უპირატესობას და შეგვეძლო მეტი ქულის მოპოვება. ფეხბურთი ამითაც არის საინტერესო, რომ ბევრი მოულოდნელობა ხდება. მაგალითად, ბოლო შეხვედრაში მეტოქე ვერ დავაფასეთ, ფეხბურთელებმაც და გულშემატკივრებმაც მატჩამდე დავიჯერეთ სამი ქულის მოპოვება და ამის გამო დავისაჯეთ. მიუხედავად ამისა, პირველ ადგილზე ვართ და ეს ძალიან კარგია.

წინ ჩიხურასთან მატჩია, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თამაში სამუშაო დღეს, 14:00 საათზეა დანიშნული, რაც დიდ დისკომფორტს გვიქმნის. დილის 7 საათიდან ფეხზე უნდა ვიყოთ, რომ ივანწმინდაში თამაშს ჩავუსწროთ, მაგრამ ამისთვისაც მზად ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დინამომ თავი საკუთარ მოედანზე იგრძნოს. ერთად უნდა მოვიგოთ, ბოლომდე ვიბრძოლოთ და დავწეროთ ახალი ისტორია”.

გიორგი შარაშიძე (შავი ზღვის პირატების წევრი)

“ბოლო მატჩებში ქულები დავკარგეთ, ვიტ ჯორჯიასთან თამაშის შემდეგ კი გუნდის მისამართით ნეგატიური დამოკიდებულება გაჩნდა. სოციალურ ქსელში ბევრი უარყოფითი პოსტი დაიწერა, რასაც შავი ზღვის პირატები არ ვეთანხმებით. 

გვერდში ვუდგავართ გუნდს ჭირშიც და ლხინშიც. მით უმეტეს ასეთ დროს, როდესაც გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის. ჩიხურასთან გასვლითი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და ვაპირებთ რომ გუნდს ბოლომდე დავუდგეთ გვერდში. უნდა მოვიგოთ არა მარტო მომდევნო თამაში, დარჩენილი ყველა შეხვედრა. კარგია რომ ყველაფერი ჩვენ ხელშია.

რაც შეეხება ჩემს მიერ გაკეთებულ ვიდეოს, აქ კარგად ჩანს ჩვენი, შავი ზღვის პირატების დამოკიდებულება. ჩვენთვის მიუღებელია ნეგატივი გუნდის გარშემო და მხარს ვუჭერთ ფეხბურთელებს ასეთ მნიშვნელოვან მომენტში”.

კომენტარები

ბოლო ამბები