Thumbnail

პსჟ მაურო იკარდის გამოისყიდის - არგენტინელი პარიზში ბედნიერია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ ინტერისგან მაურო იკარდის კონტრაქტის გამოსყიდვაზე ფიქრობს
  • იჯარით მოთამაშე არგენტინელი თავდამსხმელი პარიზში ბედნიერია

პარი სენ-ჟერმენი მილანის ინტერისგან მაურო იკარდის კონტრაქტის გამოსყიდვას აპირებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობას განზრახული აქვს, 26 წლის არგენტინელი თავდამსხმელის თაობაზე იტალიელებთან მოლაპარაკებები დეკემბერ-იანვარში გამართოს.

მაურო იკარდის სატრანსფერო უფლებებს მილანის ინტერი ფლობს, პსჟ-ში კი ფეხბურთელი იჯარის წესით გამოდის, რომელიც სეზონის ბოლომდე - 2020 წლის 30 ივნისამდეა გაფორმებული. 

მაურო პარიზულ კლუბში სექტემბერში გადავიდა. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა პსჟ-ის მაისურით ლიგა 1-ის 4 მატჩში ითამაშა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა ერთი საგოლე პასი.

აღსანიშნავია, რომ თავად იკარდი, რომელსაც ინტერში სერიოზული პრობლემები ჰქონდა, პარიზში თავს ბედნიერად გრძნობს. ბოლო ტურში, მარსელთან (4:0) შესრულებული დუბლის შემდეგ, არგენტინელმა განაცხადა:

“ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე და დავეხმარე გუნდს გამარჯვებაში. მქონდა ბედნიერება, მეთამაშა დიდ ჩემპიონებთან ერთად, მაგრამ პსჟ-ის შემადგენლობა საუკეთესოა მათ შორის, სადაც კი ოდესმე მითამაშია. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მზად ვარ, გოლები მომავალშიც გავიტანო”.

მაურო იკარდის მილანის ინტერთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. transfermarkt არგენტინელის სავარაუდო სატრანსფერო ფასად 80 მილიონ ევროს ასახელებს.

პარი სენ-ჟერმენს საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 11 მატჩში 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეშია.

კომენტარები

ბოლო ამბები