Thumbnail
  • ინგლისის ნაკრები, შესაძლოა, რეგლამენტის დარღვევისთვის დასაჯონ
  • მსგავსი რამ 2011 წლის მსოფლიო თასზე ფრანგმა მორაგბეებმაც ჩაიდინეს

ინგლისის სარაგბო ნაკრები, შესაძლოა, ფულადი ჯარიმით დაისაჯოს იმ ქმედებისთვის, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასის ნახევარფინალის წინ, ახალი ზელანდიელების მიერ ტრადიციული საბრძოლო რიტუალის შესრულების დროს განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ “ოლ ბლექსის” საქვეყნოდ ცნობილი ჰაკას პარალელურად, ინგლისელი მორაგბეები ლათინური V-ს მსგავსად განლაგდნენ, რაც საერთო აზრით, ან გამარჯვებას (Victoria) ნიშნავდა ანაც შურისძიებას (Vendetta).

მატჩის შემდეგ, ბრიტანელებმა საზოგადოებას უამბეს, რომ იდეის ავტორი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი გახლდათ, რომელსაც აღნიშნული ჟესტით ზელანდიელთა წყობიდან გამოყვანა სურდა.

ამას გარდა, “ოლ ბლექსის” წევრმა აარონ სმითმა დაამატა, რომ ჰაკას შესრულების დროს, “ვარდების” კაპიტანი ოუენ ფარელი მას თვალს უკრავდა, თუმცა, ამან “შავების” ერთ-ერთი ლიდერის დემორალიზება როგორ მოახდინა, გაუგებარია.

ახლა, მსოფლიო რაგბს ფორმალური საბაბი აქვს, რათა ინგლისელები “კულტურული რიტუალის პროტოკოლის” დარღვევისთვის დასაჯოს. აღნიშნულში თვალის ჩაკვრაზე არაფერია ნათქვამი, თუმცა, ინგლისელებს იმას კი ედავებიან, რომ მათ ჰაკას დროს მეტოქის ნახევარზე გადააბიჯეს.

აღსანიშნავია, რომ მატჩის უელსელი რეფერი ნაიჯელ ოუენსი და მისი დამხმარეები ბრიტანელებს რეგლამენტის დარღვევის შესახებ თავიდანვე მიანიშნებდნენ და უკან დაბრუნებას სთხოვდნენ, თუმცა, “ვარდებმა” შეგონება ყურად არ იღეს.

სხვათა შორის, დაახლოებით მსგავსი რამ 2011 წელს საფრანგეთის ნაკრების მორაგბეებმაც ჩაიდინეს. “ოლ ბლექსის” რიტუალის დროს მათ ასევე გამოსახეს V, ოღონდ წვერით მეტოქისკენ მიმართული, შემდეგ კი, ერთ ხაზზე გასწორდნენ და ზელანდიელთა მხარეს გადავიდნენ.

მაშინ “მამლები” რეგლამენტის დარღვევისთვის 2 500 ფუნტით დააჯარიმეს და თუკი ინგლისმაც დაახლოებით იგივე სასჯელი მიიღო, არა გვგონია, ედი ჯონსმა და მისმა შეგირდებმა დიდად ინაღვლონ. შეგახსენებთ, რომ გასული ნახევარფინალი სწორედ ბრიტანელების კარნახით წარიმართა და მათ ფავორიტად შერაცხული მოწინააღმდეგე 19:7 დაამარცხეს.

კომენტარები

ბოლო ამბები