Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 3:6, 2:6 რადუ ალბოტი
  • 27 წლის ქართველმა მოლდოველთან კარიერაში პირველად წააგო
  • ტურნირში მესამე ნომრად განთესილი როჯერ ფედერერი აღარ გამოვა 

ნიკოლოზ ბასილაშვილი (26) პარიზის მასტერსს პირველსავე წრეში გამოეთიშა. 27 წლის ქართველი ჩოგბურთელს მეტოქედ მისთვის კარგად ნაცნობი მოლდოველი, რადუ ალბოტი (50) ჰყავდა, რომელთანაც მანამდე ოთხიდან ოთხი შეხვედრა ჰქონდა მოგებული, თუმცა ამჯერად უშანსოდ - ორ სეტში დამარცხდა.

ნიკამ რადუსთან თამაში თავიდანვე ძალიან ცუდად დაიწყო, თავისი ორივე მოწოდება დათმო და 0:5 ჩამორჩა, საბოლოოდ კი სეტი 3:6 წააგო. სამწუხაროდ, ბასილაშვილმა მდგომარეობა ვერც მეორე სეტში გამოასწორა და შეხვედრა, რომელიც საათსა და 13 წუთს გაგრძელდა, მოლდოველის გამარჯვებით დასრულდა. ქართველმა ჩოგბურთელმა 3 ეისი მოაწოდა, დაუშვა 3 ორმაგი შეცდომა, 6-იდან 1 ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო. რადუ ალბოტის ანგარიშზე 2 ეისი, არცერთი ორმაგი შეცდომა და 8-იდან 4 რეალიზებული ბრეიკია.

📺 ბასილაშვილი-ალბოტის შეხვედრა

სხვათა შორის, ბასილაშვილი-ალბოტის წყვილში მოგებული მეორე წრეში როჯერ ფედერერს უნდა შეხვედროდა, თუმცა მოგვიანებით შვეიცარიელმა ტურნირიდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. რადუ ალბოტის მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.

"ვწუხვარ, მაგრამ იძულებული ვარ, პარიზის მასტერსზე გამოსვლისგან თავი შევიკავო. ბოდიშს ვუხდი ფრანგ გულშემატკივრებს. შევხვდებით მომავალ წელს, როლან გაროსზე", - განაცხადა შვეიცარიელმა ლეგენდამ.

ROLEX PARIS MASTERS 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდება, ტურნირის საპრიზო ფონდი კი 5 791 280 ევროს უტოლდება. პირველ ნომრად სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია განთესილი, რომელსაც ესპანელი რაფაელ ნადალი, რუსი დანიილ მედვედევი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი, გერმანელი ალეკსანდრ ზვერევი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი და სხვები მიჰყვებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები