Thumbnail
  • ‘ქურციკებმა’ ‘დრაკონები’ 19:16 დაამარცხეს
  • პოლარდმა გადამწყვეტი ჯარიმა 76-ე წუთზე გაიტანა

სამხრეთ აფრიკის სარაგბო ნაკრები იაპონიაში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო თასის მე-2 ნახევარფინალისტი გახდა.

📺 უელსი - სამხრეთ აფრიკა 16:19 

რასი ერაზმუსის შეგირდებმა წარმატებას იოკოჰამას საერთაშორისო სტადიონზე მიაღწიეს, სადაც უელსელებს გამარჯვება ბოლო წუთებზეღა გამოსტაცეს – 19:16.

ინგლისისა და ახალი ზელანდიის მატჩის დარად, დიდად სანახაობრივი არც დღევანდელი ნახევარფინალი ყოფილა.

გუნდები აქცენტს ფეხით დარტყმაზე აკეთებდნენ და თამაში ძირითადად ჯარიმებში შეჯიბრად იქცა.
პირველ ტაიმში ჰანდრე პოლარდმა 3-ჯერ გაიტანა, დენ ბიგარმა კი 2-ჯერ და “ქურციკები” შესვენებაზე მცირე უპირატესობით გავიდნენ – 9:6.

უელსელა მგეზავმა მე-2 ნახევრის დასაწყისში კიდევ ერთხელ იხეირა და ანგარიში გაათანაბრა, თამაში კი მცირედით სწორედ ამის შემდეგ გაიხსნა და მეტოქეებმა ლელოები გაცვალეს.

თავდაპირველად, ფლანგზე დამიან დე’ალენდე გაიჭრა და მისი შეჩერება ვერავინ მოახერხა, მალევე კი შერკინებიდან სწრაფად გამოტანილი ბურთი ჯოშ ადამსამდე ჩათამაშდა და მანაც ბურთი იოლად დაამიწა.

პირველ შემთხვევაში პოლარდმა, შემდეგ კი, ლი ჰაფ’პენიმ გარდასახვები ზუსტად შეასრულეს და ტაბლოზე 16:16 დაფიქსირდა.

მატჩის მიწურულისკენ აფრიკელებმა ევროპელთა მრავალფაზიანი შეტევა მოიგერიეს, უელსმა კი “ქურციკების” იერიში წესების დარღვევით შეაჩერა და 76-ე წუთზე პოლარდმა (ის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს), როგორც აღმოჩნდა, გადამწყვეტი ჯარიმა შეაგდო – 16:19.

ამგვარად, სამხრეთ აფრიკამ მსოფლიო თასის ფინალში მესამედ გააღწია და ეცდება ტიტულებით ახალ ზელანდიას გაუთანაბრდეს.

შეგახსენებთ, რომ “ქურციკებმა” ვებ ელისის თასი პირველად 1995 წელს შემართეს, როდესაც შინაურ კედლებში გადამწყვეტი მატჩი სწორედ “ოლ ბლექსს” 15:12 მოუგეს, 2007-ში კი, საფრანგეთში ინგლისი 15:6 დაამარცხეს.

2 ნოემბერს იოკოჰამაში დაგეგმილ ფინალში აფრიკელთა მეტოქე სწორედ ინგლისი იქნება, რომელიც ფინალში უკვე მეოთხედ გავიდა, ტიტული კი მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული – 2003 წელს ავსტრალიასთან მოგებული (20:17) მატჩის წყალობით.

1 ნოემბერს, ჩოფუში, მე-3 ადგილისთვის მატჩი ჩატარდება, რომელშიც ერთმანეთს ახალი ზელანდია და უელსი დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები