Thumbnail
  • ინგლისური მედიის ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედი ბუნდესლიგიდან ორ ტრანსფერს გეგმავს
  • მანკუნიანელებს თომას მიულერის დამატება 2014 წელსაც სურდათ
  • ლევერკუზენელ კაი ჰავერტცზე დიდი მოთხოვნაა

მანჩესტერ იუნაიტედმა ზაფხულში რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა. მანკუნიანელებმა დაიმატეს ჰარი მაგუაიერი და აარონ ვან-ბისაკა, თუმცა გუნდს პრობლემები ისევ არ ელევა. “წითელმა ეშმაკებმა” სეზონი ცუდად დაიწყეს. ფაქტია, კლუბი ბოლომდე დაკომპლექტებული არ არის და მოთამაშეების დამატება კიდევ სჭირდება. 

ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის, ბუნდესლიგაში მოთამაშე ორი ფეხბურთელისთვის თანხები გამოყოს. იუნაიტედი თომას მიულერით და კაი ჰავერტცით ინტერესდება! ამის შესახებ სხვადასხვა ინგლისური გამოცემები წერენ. გავრცელებული ცნობით, იუნაიტედი მზადაა, მიულერსა და ჰავერტცში ჯამში 145 მილიონი ევრო გადაიხადოს.

თომას მიულერი ბაიერნში სკამზე ჯდომით უკმაყოფილოა და წასვლა სურს

მანჩესტერს მიულერის დამატება 2014 წელსაც სურდა. გერმანელი დევიდ მოიესის მთავარი სამიზნე იყო, თუმცა მაშინ ტრანსფერი არ შედგა. მიულერი ახლა 30 წლისაა და ბაიერნში თამაში ნაკლებად უწევს. იგი ბოლო 7 მატჩიდან 5-ში სათადარგო იყო. მიუნხენში თომასს 326 შეხვედრაში 110 გოლი აქვს გატანილი, თუმცა იგი არცთუ ისე კარგ ფორმაშია და იქნება თუ არა კარგი მისი დამატება მანჩესტერ იუნაიტედისთვის, საკამათოა.

განსხვავებული შემთხვევაა კაი ჰავერტცი. იგი 20 წლის ამომავალი ვარსკვლავია. გასული სეზონი გერმანელმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ევროპული გრანდების ყურადღებაც მიიქცია. იუნაიტედის მთავარი პრობლემაც სწორედ ესაა - ახალგაზრდა ტალანტი ბევრ კარგ გუნდს სურს.

 

კაი ჰავერტცი გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია

ინგლისურ კლუბს ორივე მოთამაშის დამატება იანვარშივე სურს. ჰავერტცის ფასი 85 მილიონი ფუნტია, 40 მილიონი ფუნტი ღირს მიულერი. ჯამში მანჩესტერს 125 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები