Thumbnail
  • გოგა ბითაძემ NBA-ში პირველი მატჩი ჩაატარა
  • ქართველმა ცენტრმა ორქულიანი ჩააგდო და მუხლი იტკინა

20 წლის ქართველმა კალათბურთელმა გოგა  ბითაძემ NBA-ში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ეს, კლივლენდის Rocket Mortgage Fieldhouse-ში მოხდა, სადაც ინდიანა პეისერსი კავალიერსს ესტუმრა 99:110 დამარცხდა. საინტერესოა, რომ სტუმრებმა მასპინძლებს 3 მეოთხედი მოუგეს, თუმცა, მეორეში 20:39 განადგურდნენ და ეს, გადამწყვეტი აღმოჩნდა.

📺 ვიდეო: გოგა ბითაძის საუკეთესო მომენტები კლივლენდთან

ბითაძე მოედანზე პირველი მეოთხედის დასრულებამდე 2:33 წუთით ადრე, მაილს ტერნერის ნაცვლად გამოჩნდა და მისი ბურთთან პირველივე შეხება შედეგიანი იყო. ქართველმა ცენტრმა ტი ჯეი ლიფისგან კარგი პასი მიიღო და ფარქვეშ მარტო დარჩენილმა ორქულიანი მიითვალა. ამ დროს ინდიანელთა ჩამორჩენა მხოლოდ ერთქულიანი გახდა - 23:24.

მალევე გოგამ საკუთარ ფარზე 1 მოხსნა მიითვალა, შეტევაში კი ჯონ ჰენსონის წინააღმდეგ დაჯარიმდა. პირველი და მეორე მეოთხედების მიჯნაზე, ქართველმა ლეგიონერმა ჯამში 04:26 წუთი ითამაშა, ერთ ეპიზოდში კი მუხლის არეში ტკივილი იგრძნო და მალევე მოედანი კოჭლობით დატოვა...

გაჩნდა ინფორმაცია, რომ პირველადი შეფასებით, გოგას ტრავმა სერიოზული არ იყო და ის, შესვენებაზე თითქოს ჩვეულებრივად ხურდებოდა, თუმცა, პეისერსის თავკაც ნეიტ მაკმილანს ჩვენებური, მეორე ნახევარში სათადარიგოთა სკამიდან აღარ წამოუყენებია.

საბოლოოდ, პეისერსი 11-ქულიანი სხვაობით დამარცხდა, მათ რიგებში საუკეთესო კი მალკოლმ ბროგდონი იყო 30 ქულით და 10 პასით. მაილს ტერნერმა ორმაგი დუბლი (11 ქულა, 11 მოხსნა) შეასრულა, ლიტველმა დომანტას საბონისმა  კი 14 ქულა ჩააგდო.

ამ ფონზე შეუდარებლად გამოიყურებოდნენ კლივლენდის "მაღლები": ტრისტან ტომპსონმა 25 ქულას 13 მოხსნა წაამატა, კევინ ლავმა კი 21 ქულა, 13 მოხსნა და 9 პასი მოაგროვა და სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.

ინდიანას აღმოსავლეთ კონფერენციაში ორივე მატჩი წაგებული აქვს, მომდევნო მატჩს კი, 29 ოქტომბრის დილას დეტროიტ პისტონსთან ჩაატარებს, რომელთანაც სეზონის სტარტზე 110:119 დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები