Thumbnail
  • ინგლისის ნაკრები რაგბის მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
  • ედი ჯონსის გუნდმა მეტოქეს ძალიან ბევრ კომპონენტში აჯობა

რაგბის მსოფლიო თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი ''იოკოჰამა სტედიუმზე'' გაიმართა, სადაც ერთმანეთს ინგლისი და ახალი ზელანდია დაუპირისპირდნენ. ინგლისელებმა ALL BLACKS-ს დიდი ბრძოლა გაუმართეს და ფინალის საგზური მოიპოვეს!

ინგლისელებმა პირველი ტაიმი 10:0 მოიგეს. მანუ ტუილაგიმ მე-2 წუთზე სწრაფი ლელო დადო, რომელიც ოუენ ფარელმა გარდასახა, ხოლო მე-40 წუთზე ჯორჯ ფორდმა ჯარიმა გაიტანა და ინგლისელები შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გაიყვანა.

ედი ჯონსის გუნდმა მე-2 ტაიმიც აქტიურად დაიწყო. ინგლისელებმა ლელოც დადეს, თუმცა წინ თამაშის გამო ეს ლელო გაუქმდა. 53-ე წუთზე ფორდმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ინგლისი უკვე 13-ქულით დაწინაურდა.

ახალზელანდიელებმა ლელო 57-ე წუთზე მეტოქის შეცდომით დადეს - დერეფანში აგდებული ბურთი ვერავინ მოიგო და არდი სავეას, რომელსაც ბურთი პირდაპირ ხელებში ჩაუვარდა, ლელოს დადება აღარ გასჭირვებია. ინგლისელებმა დარჩენილ დროში კიდევ 2 ჯარიმა გაიტანეს და მატჩი 19:7 მოიგეს.

ახალმა ზელანდიამ მსოფლიო თასის ზედიზედ მესამედ მოგების შანსი ხელიდან გაუშვა. ინგლისი ფინალში სამხრეთ აფრიკისა და უელსის გამარჯვებულს შეხვდება.

ინგლისი: ლელო - ტუილაგი (2), გარდასახვა - ფარელი (3). ჯარიმები - ფორდი (40, 53, 63, 69).

ახალი ზელანდია: ლელო - სავეა (57). გარდასახვა - მოუნგა (58).

'ჩვენი დღე არ იყო. ვულოცავთ ინგლისის ნაკრებს და წარმატებას ვუსურვებთ რაგბის მსოფლიო თასის ფინალში' - წერს all blacks-ის ოფიციალური გვერდი.

კომენტარები

ბოლო ამბები