Thumbnail
  • წერილი, რომელშიც მანუჩარ მარკოიშვილი კალათბურთს ემშვიდოდება
  • ქართველის წერილი იტალიურმა გამოცემამ, ‘La Giornata Tipo-მ’ გამოაქვეყნა
  • მანუ კარიერის და ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებს და ადამიანებს იხსენებს

სულ ცოტა ხნის ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ მანუჩარ მარკოიშვილი, ბოლო ბევრი წლის მანძილზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების უცვლელი წევრი, კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი, კარიერას ასრულებდა. ეს ფაქტი შეუმჩნეველი არც იტალიაში დარჩა - ქვეყანაში, სადაც მანუჩარ მარკოიშვილმა ჯერ ტრევიზოს ბენეტონთან ერთად თავისი კარიერული თავგადასავალი დაიწყო, შემდეგ კანტუსთან ერთად მნიშვნელოვანი წლები გაატარა, ბოლოს კი რეჯო-ემილიაში თამაშობდა. იტალიურმა გამოცემა ‘La Giornata Tipo-მ’ მანუჩარ მარკოიშვილის დასამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც იგი თავისი კარიერის და ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებს და ადამიანებს იხსენებს. პოპსპორტი ამ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

‘ძვირფასო კალათბურთო,

ამ წერილის წერა ბევრჯერ დავიწყე, ახლა კი გადავწყვიტე, რომ დროა. ზუსტად არ ვიცი, რითი უნდა დავიწყო და არც ის ვიცი ზუსტად, როგორ და სად უნდა დავამთავრო. მაგრამ ზუსტად ვიცი, რა მინდა გითხრა: უბრალოდ, მადლობა.

მე, მამა და გიორგი

მადლობას ხშირად მაშინ ამბობენ, როდესაც რაიმე ისტორიის დასრულება უნდათ, მაგრამ მე მისი თქმა ამ მნიშვნელობით არ მინდოდა. ეს მადლობა არ არის „მშვიდობით”, ეს მხოლოდ ერთი თავის დასასრულია - იმ თავის, რომელმაც ჩემზე, როგორც ადამიანზე, ყველაზე დიდი გავლენა იქონია და ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ბავშვი ვიყავი.

ზუსტად არც შემიძლია იმის თქმა, პირველად როდის შეგხვდი. რადგანაც მამაჩემი მწვრთნელი იყო და უფროსი ძმა სულ პატარაობიდანვე სახლში ხელში ბურთით დარბოდა, ყოველთვის ჩემი ოჯახის ნაწილი იყავი. თუმცა, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი, რომ მე და შენ განუყრელი მეგობრები გავხდებოდით. ჩემს მშობლებს სურდათ, რომ მე მოცეკვავე ვყოფილიყავი - ისევე, როგორც ჩემი ბიძა. და ამჯობინებდნენ, შენგან მოშორებით დავრჩენილიყავი, რათა ჩემპიონი ტრადიციულ ქართულ ცეკვაში გავმხდარიყავი. მაგრამ, იცი, მე მახსოვს ის, როდესაც მივხვდი, რომ შენ იყავი ერთადერთი, რაც მინდოდა.

გიორგი სახლში დაბრუნდა. თასთან ერთად. ძალიან ბედნიერი. თავის გუნდთან ერთად, რომლის კაპიტანიც თავად იყო, ტურნირი მოიგო. მინდოდა, რომ ეს ემოციები მეც მქონოდა. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ჩემი გზა მუდამ შენთან ერთად უნდა ყოფილიყო - ყველგან, სადაც ეს გზა წამიყვანდა.

'9 წლის ვიყავი და ჩემზე ფენომენი ნამდვილად არ ითქმოდა, ჩემს ძმას კი ნამდვილად ჩემზე მეტი ნიჭი ჰქონდა'

დასაწყისში იყო ჩემი ძმის გუნდი, სადაც მე ყველაზე პატარა ვიყავი. რთული იყო. ზურას, იმ დროს ჩემს მწვრთნელს, კარგად გამოუვიდა, რომ შენი თავი შეეყვარებინა. 9 წლის ვიყავი და ჩემზე ფენომენი ნამდვილად არ ითქმოდა, ჩემს ძმას კი ნამდვილად ჩემზე მეტი ნიჭი ჰქონდა. ცოტას ვთამაშობდი და საჭირო იყო, უფრო მეტის საშუალება მქონოდა. ამიტომაც, მამაჩემის გუნდში გადავედი. ეს იყო თბილისის უნივერსიტეტის გუნდი, სადაც ჩემი გზა დავიწყე. ეს იყო გზა, რომელმაც 14 წლის ასაკში სახლიდან შავ ზღვაზე, ბათუმში წამიყვანა იმისთვის, რათა მეჩვენებინა, რომ ჩემი ქვეყნის საუკეთესოებს შორის შემეძლო ვყოფილიყავი. ეს ოცნებას ჰგავდა - შემეძლო 15 წლის ასაკში მეთამაშა ეროვნულ ჩემპიონატშიც და ევროპაშიც, ეროვნულ ნაკრებებთან ერთად.

პირველი, ვინც საქართველოს გარეთ ჩემი დაიჯერა, რენატო პასკუალი იყო. საერთაშორისო ტურნირებზე იტალიას რამდენჯერმე შევხვდით, მას მოვეწონე და ტრევიზოს ბენეტონი ჩემით დაინტერესდა.

ყველაფერი კარგად წავიდა და 16 წლის ასაკში აღმოვჩნდი სახლიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით, ქვეყანაში, რომელსაც ცუდად ვიცნობდი. იქ მე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, ეტორე მესინა, უნდა დამერწმუნებინა, რომ იმ ჩემპიონებს შორის, რომლებიც მას ჰყავდა, მეც შემეძლო ჩემი ადგილი მქონოდა.

იმ დროს საქართველოს გარეთ ბევრი ქართველი კალათბურთელი არ თამაშობდა. ვინც წავიდა, უმეტესობა „დიდები“ იყვნენ - ცქიტიშვილი, რომელმაც ტრევიზოში თავისი თავგადასავალი ჩემზე ერთი წლით ადრე დაიწყო, ფაჩულია, სტეფანია და სანიკიძე.

სკაუტებს იმაზე უფრო ათლეტური მოთამაშეები აინტერესებდათ, ვიდრე მე ვიყავი. მაშინ არ ვიცოდი, რამდენად რთული იქნებოდა ეს, მაგრამ ვცადე, ყველაფერი გამეკეთებინა. პირველი დღეები მართლა რთული იყო. არასოდეს მომბეზრდება, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც დამეხმარა, რომ ‘გირადაში’ (ბენეტონის სპორტული კომპლექსი), თავი ისე მეგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. კაპიტანი რიკი პიტისი ჩემთვის მამასავით იყო. სხვა ბიჭებიც საოცრად მეხმარებოდნენ, რომ მესწავლა, როგორია მოთამაშის ცხოვრება მოედანზე და მის მიღმა. მაგრამ მე მახსოვს ის, ვინც ყველაზე მეტად მეხმარებოდა - კრესიმირ ლონკარი. მადლობა პალა-ვერდედან (ბენეტონის დარბაზი) ყველა წაყვანისა და წამოყვანისთვის - მე ხომ მართვის მოწმობა არ მქონდა! ყოველთვის მელოდებოდი, მაშინაც კი, როდესაც დამატებით ვარჯიშზე, ან თერაპიაზე ვრჩებოდი. დენის მარკონატოც უნდა გავიხსენო, მაგრამ ‘კრესოს’ ჩემგან ნამდვილად ძეგლი ეკუთვნის.

'მესინას გუნდში ასეა: ან დაცვას თამაშობ, ან სათადარიგო სკამზე ზიხარ'

მესინა ჩემი პირველი დიდი მასწავლებელი იყო. მისგან გავიგე, რას ნიშნავს, იყო მაღალი კლასის მოთამაშე. თუ მის გუნდში თამაშზე გინდა იფიქრო, ყველაფერი დაცვიდან უნდა დაიწყო. ან დაცვას თამაშობ, ან სათადარიგო სკამზე ზიხარ! თავდაპირველად ცოტას ვთამაშობდი, ძალიან პატარა ვიყავი და გუნდში ბევრი დიდი ჩემპიონი იყო. რაღაც მომენტში შანსი მომეცა, შუა სეზონში იშტვან ნემეტი გუნდიდან წავიდა და უცხოელი მოთამაშის ადგილი გათავისუფლდა. მწვრთნელი დამპირდა, რომ ძირითად გუნდში გადამიყვანდა და თავისი პირობა შეასრულა. თავდაპირველად იტალიის თასზე მათამაშებდა. მახსოვს პირველი ორი ქულა, რომელიც ფინალში ჩავაგდე - ეს არის მოგონება, რომელიც ახლაც ჟრუანტელს მგვრის.

📸 | კარლო ძანატა

ყველაზე ძლიერი ემოცია იყო, როდესაც ევროლიგის მერვედფინალში ბოლონია ვირტუსს ვეთამაშებოდით. მე გამთამაშებლად ვთამაშობდი, რაც იქამდე ჩემს კარიერაში იშვიათად გამიკეთებია. ან როგორ დავივიწყებ ევროლიგის ფინალს ბარსელონასთან? ეს მარცხი განსაკუთრებულად მახსოვს.

მე მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და მჯეროდა, რომ ევროლიგის მოგების შანსი შემდეგ წელსაც გვექნებოდა, ან იმის შემდეგ წელს მაინც. იმდენად დარწმუნებული ვიყავი ჩემი გუნდის ძალაში, რომ მჯეროდა, ადრე თუ გვიან ევროლიგას მოვიგებდით. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, თუ რა რთულია ევროლიგის ფინალამდე მისვლა. 2015 წლამდე მომიწია ლოდინი იმისთვის, რომ ევროლიგის ფინალურ ოთხეულში დავბრუნებულიყავი და მაშინაც ვერ მოვიგეთ... თუ რამეზე გული მწყდება ჩემს კარიერაში, უპირველესად სწორედ ამაზე.

იმ წელს გვქონდა იმის ბედნიერება, რომ სკუდეტო მოგვეგო ფორტიტუდოსთვის, გასვლაზე, მათ სახლში. კარგად მახსოვს, როგორ ვზეიმობდი გასახდელში ბიჭებთან ერთად და შემდეგ როგორ დავბრუნდით ‘გირადაში’, სადაც მთელი ქალაქი გველოდებოდა. ეს ენით აუწერელი იყო. ყველას ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ეს სწორედ მისი გამარჯვება იყო. ნამდვილი საოცრება. ასეთი მხარდაჭერა ქართულ გუნდებში არასოდეს მიგრძვნია.

📸 | სტეფანო ბოტარი

მახსოვს, შემდეგ დღეებში, როცა საჩემპიონო ვახშამზე მივდიოდით, თავში მოგვივიდა იდეა, რომ ყველას თმა ქერად შეგვეღება. ამის სათქმელად პიტისმა დამირეკა, მაგრამ 17 წლის ასაკში მამის ნებართვა მჭირდებოდა.

ასეთი ამბები საქართველოში არცთუ ისე კარგად მიღებული იყო და როცა პიტისს ეს ავუხსენი, მან მითხრა, რომ თუკი ამას გავაკეთებდი, შემეძლო, შემდეგ საქართველოში საერთოდ არ დავბრუნებულიყავი. რიკის გადავურეკე და ვუთხარი, თუ გინდა რომ შემდეგ წელს ისევ აქ მნახო, უკეთესია, თუ თმას ქერად არ შევიღებავ - მან გამიგო ეს ამბავი.

იტალიაში ხალხს ტრევიზოში, კანტუში და ბოლოს რეჯო ემილიაში გატარებული წლების გამო ვახსოვარ, თუმცა შენ, ძვირფასო კალათბურთო, ძალიან ბევრი მომეცი თითოეულ ეტაპზე ევროპაში ჩემი ხანგრძლივი საკალათბურთო მოგზაურობის დროს. ტრევიზოს შემდეგ, ვაისენფელში შენ მომეცი ფიბას ევროპის თასი, ლიუბლიანაში სამი ჯადოსნური წელი გავატარე და კიევში შევხვდი ჩემი ცხოვრების ქალს, ჩემს ცოლს, რომელთანაც ორი ფანტასტიკური შვილი მყავს.

კანტუ ჩემი კარიერის განსაკუთრებული ეტაპი იყო - ამის უარყოფა არ შემიძლია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მომცა მწვრთნელმა ანდრეა ტრინკიერიმ. კანტუში მე რამდენიმე დიდი ტრავმის შემდეგ მივედი, თუმცა მან ჩემი დაიჯერა და ისევ მომცა შანსი, რომ უმაღლესი დონის ევროპული კალათბურთი ეთამაშა. ეს სამი წელი ჩემი კარიერის ახალ სტარტს, შეიძლება ახალ დაბადებასაც ნიშნავდა. მენტალური სიძლიერე, რომელიც მე ტრევიზოს წლებში ჯერ კიდევ არ მქონდა, სწორედ ანდრეა ტრინკიერის წყალობით შევიძინე, რომელიც ყოველდღე, ყოველ ვარჯიშზე ‘მკლავდა.’

მაგრამ წლების შემდეგ უნდა ვაღიარო, რომ მას ჩემგან მადლობა ეკუთვნის იმისთვის, რაც მასწავლა და იმისთვის, რომ ყოველდღე ახალი გამოწვევები მომცა, რათა უფრო მეტი გამეკეთებინა. მაგრამ კანტუ მხოლოდ კალათბურთის ამბავი არ ყოფილა. ჩვენ იქ ერთი ოჯახი ვიყავით და პირველ რიგში ეს ფრანჩესკო კორადოს და განსაკუთრებით, ანა კრემასკოლის დამსახურებაა. ეს ის წლები იყო, როდესაც ყველაფერი კარგად მიდიოდა, ყველა თავის საუკეთესო თამაშს თამაშობდა და ერთმანეთთან ყველა ვმეგობრობდით. ჩვენი ცოლები და მეგობრებიც კი მუდამ ერთად იყვნენ. ახლაც, როდესაც ქალაქში ვბრუნდები, მუდამ იგივე განცდა მაქვს - სახლში დაბრუნების. გულშემატკივრები, რომლებიც მეგობრები გახდნენ - გრძნობა, რომელიც რთული ასახსნელია.

ყველა ცდილობდა, რომ თავისი როლი საუკეთესოდ შეესრულებინა. სამწუხაროდ, ეს ის წლები იყო, როდესაც სიენა მონტეპასკი თითქმის დაუმარცხებელი იყო და ჩვენ მათთან რამდენიმე ფინალი წავაგეთ. ამიტომაც, ის სუპერთასი, რომელიც მოვიგეთ, ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს იყო ჯილდო იმ ფანტასტიკური გარემოსთვის, რომელიც იქ იყო შექმნილი - ნიშანი, რომელიც ჩვენ დავტოვეთ.

📸 | დანიელე მონტიჯანი

მეგობრობა, რომელსაც კანტუს წლებში ჩაეყარა საფუძველი, ცოცხალია დროსა და სივრცეს მიღმა. გიორგი შერმადინი, ჩემსავით ქართველი, ჩემთვის ძმად იქცა. ხშირად ვეკონტაქტები ვლადო მიცოვს, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა შემომრჩა და სხვებსაც, რომლებთან შეხვედრაც, როდესაც იტალიაში ვბრუნდები, ერთი სიამოვნებაა - ჩინკა, პიეტრო, ილ ბასო (ისეთ პასებს მაძლევდა, ვერცკი ვიჯერებ), დენის, მარკო, მაარტი, ნიკოლასი - როცა ეს შესაძლებელია, ყოველთვის მიხარია მათი ნახვა და იმ დროის გახსენება.

კანტუს დატოვება რთული იყო, მაგრამ გალათასარაი მელოდებოდა. დავთანხმდი მათ შემოთავაზებას, მაგრამ ვიცოდი, რომ იმ ქალაქისთვის, რომელმაც ამდენი განსაკუთრებული მოგონება მომცა, ერთი განსაკუთრებული თამაში ისევ უნდა მეჩუქებინა. რომას ვეთამაშებოდით. ვიცოდი, რომ ეს ‘პიანელაზე’ ჩემი ბოლო თამაში იყო. დაძაბული თამაში წავიდა და ბოლო წამებში სამქულიანით შემეძლო გამეთანაბრებინა. ავაცილე და ეს სროლა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მწარე მოგონებაა. მინდოდა, კანტუსთვის ნახვამდის ისე მეთქვა, რომ კიდევ ერთი, ბოლო, სიხარული მიმენიჭებინა.

თამაშის შემდეგ ვიტირე, მაგრამ ამ შეცდომის მიუხედავად, ამ ქალაქის სითბო ჩემს მიმართ დაუჯერებელი იყო. ეს ის წუხილია, რომელსაც მუდამ ჩემთან ერთად ვატარებ.

ის ოჯახური გარემო, რაც კანტუში იყო, ან იქამდე ტრევიზოში, სხვაგან აღარ მინახავს. გალათასარაიში და ცსკა-ში მე დიდი ორგანიზაციის ნაწილი ვიყავი, თუმცა იქაც ყოველთვის კარგად ვგრძნობდი თავს. განსხვავება ის იყო, რომ კანტუში მოთამაშეების ჯგუფი იყო, რომლებიც წლების მანძილზე ერთად იზრდებოდნენ, ერთმანეთს დაუკავშირდნენ და როგორც გუნდს, დამატებითი შიდა ძალა ჰქონდათ. გალათასარაიში კარლოს აროიო იყო გუნდის ლიდერი, რომელიც თამაშის დროს ყველას ისეთ პოზიციაში აყენებდა, რომ თავისი საუკეთესო თამაში ეჩვენებინა. ატამანი (გალათასარაის მწვრთნელი) ტრინკიერისგან განსხვავდებოდა. ნაკლებად ტაქტიკური მწვრთნელი იყო და ანალიზსაც ნაკლებად მისდევდა. ის ბევრს ითხოვდა, თუმცა მოთამაშეების სჯეროდა და მათ აძლევდა იმის თავისუფლებას, რომ თამაში დამოუკიდებლად წაეყვანათ. ჩვენ თურქეთში ტიტული მოვიგეთ, ეს ძალიან კარგი იყო, თუმცა არ იყო იგივე, რაც იტალიაში.

ცსკა-ში ის ფიზიკური პრობლემები დამიბრუნდა, რომლებიც წინა წლებში აღარ მაწუხებდა. ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დამისვეს - მათ მითხრეს, რომ 3-4 დღეში დავბრუნდებოდი, რადგან სჯეროდათ, რომ ეს სერიოზული პრობლემა არ იყო, თუმცა ამის ნაცვლად, ორი თვე დავკარგე. მე ვიტყოდი, რომ არ გამიმართლა, მაგრამ როდესაც ცსკა-ში ხარ, არ შეგიძლია თქვა, რომ არ გაგიმართლა. ორწლიანი კონტრაქტი მქონდა, თუმცა ერთი სეზონის შემდეგ გუნდიდან წავედი, რადგან არ შემეძლო მეჩვენებინა ის, რისი გაკეთებაც შემიძლია. თუმცა, მაინც მახსოვს ვთბ-ლიგის მოგებული ტიტული და შევძელი ევროლიგის ოთხთა ფინალში დაბრუნება. მე მჯეროდა, რომ დავბრუნდებოდი. მჯეროდა, რომ ამას უფრო ადრე მოვახერხებდი და ევროლიგას მოვიგებდი. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავდა, თუმცა მოგება ვერ შევძელით.

📸 | cskabasket.com

ძვირფასო კალათბურთო, შენ ბევრი რამ მომეცი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შენ ჩემი დიდი ნაწილი ხარ, ჩემს ერთი ნაწილს მაინც სძულხარ. იმის გამო, რაც შენ ასე სწრაფად წამართვი. პრობლემები მოსკოვში დაიწყო და ეს პრობლემები დარუშაფაკაში თან წავიღე. შემდეგ რეჯო ემილიაში მინდოდა, რომ იმ გარემოში დავბრუნებულიყავი, რომელიც „ჩემი“ კანტუს მსგავსი იქნებოდა. ვიპოვე მსგავსებები, ჯანსაღი ორგანიზაცია და ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე, რომელთაც ვარჯიში და თამაში სურდათ. სამწუხაროდ, შედეგი ვერ მივიღეთ და არ ვიცი, რატომ. საქმეს გვირთულებდა ის, რომ ორ ტურნირზეც ვთამაშობდით, ევროთასზეც გვიწევდა ასპარეზობა და არ შეგვეძლო, რომ ორი კარგი თამაში მიყოლებით გვეთამაშა. შემიყვარდა რეჯო, ემილიაში კი ღვთიური სამზარეულო იყო.

ფიზიკური კონდიციები ხელს აღარ მიწყობდა. 33 წლის ვარ და ხუთი ოპერაცია მაქვს გადატანილი მხრებზე, სამი ტერფზე და ორი მუხლზე. ეს უკანასკნელი ნამდვილი პრობლემა იყო. დარუშაფაკაში გატარებული სეზონის შემდეგ, ერთი წელი გამოვტოვე, რათა ხრტილის პრობლემიდან განვკურნებულიყავი. თუმცა, რეჯოში გატარებული წლის შემდეგ, ტკივილი ისევ დაბრუნდა - იგივე, რაც ადრე იყო. თითქოს საერთოდ არ მემკურნალა. მე თავიდან მივმართე ყველა შესაძლო მკურნალობას, ახალი ოპერაცია გავიკეთე, თუმცა პრობლემები და ტკივილები მაინც მქონდა. თებერვალში მირჩიეს, რომ კიდევ ერთი ოპერაცია გამეკეთებინა, რაც მეექვსე ოპერაციის შემდეგ, კიდევ ერთი წლის და საერთო ჯამში, ბოლო სამ სეზონში ორის გამოტოვებას ნიშნავდა.

ამ დროს მივხვდი: დადგა დრო, მეთქვა, რომ ეს საკმარისია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ბოლომდე არ მომესპო ჩემი სხეული. გარდა ამისა, არ ვიცი, ვინ მენდობოდა ასეთ კონდიციაში მყოფ მოთამაშეს.

თუმცა იმის თქმა, რომ ეს „საკმარისია”, არ ნიშნავს კალათბურთის დატოვებას. მე ვერასდროს შევძლებდი ამის გაკეთებას.

'ვისურვებდი, რომ მომავალში კარგი მწვრთნელი ვიყო - ისეთი, როგორიც ტრინკიერია, მესინაა, მამაჩემია'

ამ ზაფხულს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, ილიას ზუროსს ვთხოვე, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა, დავხმარებოდი მას როგორც ასისტენტი, რათა უკეთ გამეგო, სწორია თუ არა ჩემთვის მწვრთნელობაზე ფიქრი. ვისურვებდი, რომ მომავალში კარგი მწვრთნელი ვიყო - ისეთი, როგორიც ტრინკიერია, მესინაა, მამაჩემია...

ძვირფასო კალათბურთო, ჩვენი მოგზაურობის ეს თავი დასრულდა. მე ვჩერდები, რათა ფეხსაცმელი გამოვიცვალო და შემდეგ გზას ახლიდან გავუყვეთ - ხელიხელჩაკიდებულები, როგორც ეს ყოველთვის იყო."

✍ მანუჩარ მარკოიშვილი

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • სტეფ კარი
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ნიკოლა იოკიჩი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები