Thumbnail

ეროვნული ლიგის 32-ე ტური სენსაციით დაიწყო. დინამო ბათუმმა ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა და მოულოდნელად, ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ამ შედეგმა კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი თბილისური დერბის მიმართ, რომელშიც საბურთალო დინამოს დაუპირისპირდება. სწორედ ეს სამი გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის. დინამო ბათუმისა და ვიტ ჯორჯიას მატჩის შემდეგ, გუნდების მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს.

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი)

“სამი ქულა ჰაერივით გვჭირდებოდა, მაგრამ მატჩი ჩვენთვის არასასურველი შედეგით დასრულდა. მთელი ორი ტაიმის განმავლობაში დიდი უპირატესობა გვქონდა, მეტოქეს კი პრაქტიკულად არაფერი შეუქმნია. თუმცა, გოლი მაინც გავუშვით. ბიჭები ძალიან დამწუხრებულები არიან, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრება გრძელდება. დაკარგული ჯერ არაფერია, თუმცა კარგი იქნებოდა, რომ მოგვეგო და მხოლოდ ჩვენ თავზე ვყოფილიყავით დამოკიდებული”.

ვლადიმერ ხაჩიძე (ვიტ ჯორჯიას მთავარი მწვრთნელი)

“ბათუმელი გულშემატკივარი უკვე ჩემპიონია, რადგან მთელი სეზონია, ისინი მხურვალედ ქომაგობენ საყვარელ გუნდს. რაც შეეხება საჩემპიონო ბრძოლას - წინ კიდევ არაერთი მატჩია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენც სათამაშო გვაქვს როგორც დინამო თბილისთან, ისე საბურთალოსთან და თავს არ დავზოგავთ. შესაძლოა, ყოველთვის ყველაფერი არ გამოგვდის, მაგრამ მოედანზე გულს და სულს დავდებთ”.

კომენტარები

ბოლო ამბები