Thumbnail

მოულოდნელი ფრე ვიტ ჯორჯიასთან - დინამო ბათუმმა ქულები დაკარგა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ეროვნული ლიგის 32-ე ტური ანგისას ბაზაზე გაიხსნა, სადაც დინამო ბათუმმა თბილისის ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა. ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონატის ლიდერი და აუტსაიდერი წარსდგნენ. მატჩი ფრედ, 1:1 დამთავრდა - ლიდერმა მოულოდნელად ქულები დაკარგა.

თამაში მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. მატჩი სამი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ანგარიში გაიხსნა. კუთხურს ვიტ ჯორჯიას საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, მატჩის არბიტრმა კი თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ჯოვინოს დარტყმის შემდეგ, ბურთი მეკარემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ჯაბა ჯიღაურმა ითამაშა და დინამო ბათუმი დააწინაურა.

1:0 ჯიღაური (3)  

პირველ ტაიმში ბათუმელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ბოლო ფაზაში სიზუსტე აკლდათ. ყველაზე აქტიური ტრადიციულად ფლამარიონ ჯოვინო იყო, რომელსაც ორი-სამი კარგი მომენტი ჰქონდა. შესვენების შემდეგ თამაშის სცენარი არ შეცვლილა: უტევდა დინამო და შესაბამისად, მომენტები სტუმართა კართან იქმნებოდა. მეორე ტაიმის სტარტზე გაბრიელ რამოსს შეეძლო გატანა, როდესაც მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა ააცილა ბურთი კარს. მალევე, რამოსმა კიდევ ერთხელ დაარტყა ხელსაყრელი პოზიციიდან და ისევ არაზუსტად.

რამოსის მომენტი

ბათუმელებს ბევრი მომენტი ჰქონდათ: გაგოშიძის თავური დარტყმის შემდეგ, ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს. მალევე, მამუჩაშვილმა დაარტყა შორი დისტანციიდან და ისევ სანტიმენტრებში ჩაუარა ბურთმა ძელს. თუმცა ყველაზე რეალური შანსი ისევ რამოსს ჰქონდა, რომელიც კიდევ ერთხელ დარჩა მეკარესთან პირისპირ და ისევ ვერ გაიტანა.

რამოსის მომენტი  

ამდენი გამოუყენებელი მომენტის გამო, ბათუმელები დაისაჯნენ და 86-ე წუთზე გოლი გაუშვეს. სტუმრების ერთადერთი შანსი სტანდარტული თუ იქნებოდა და ასეც მოხდა: ბათუმელთა კარის მიმართულებით საჯარიმოში დაინიშნა, საჯარიმოში ჩაკიდულ ბურთს კი ზურაბ სეხნიაშვილმა დაარტყა თავი და გაათანაბრა ანგარიში.

1:1 სეხნიაშვილი (86)

მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ჩათვლით, ბათუმელებს კიდევ 10 წუთი ჰქონდათ და ეს დრო სწორედ მასპინძელთა მასირებულ იერიშებში წარიმართა. გეგუჩაძის გუნდს კიდევ სამი რეალური მომენტი ჰქონდა: ორჯერ ასცდა ბურთი მიზანს, ხოლო ერთხელ მეკარემ გადაარჩინა ვიტ ჯორჯია გაშვებულ გოლს. საბოლოოდ, 1:1 და ლიდერმა უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.

ჯიღაურის მომენტი

დინამო ბათუმს 32 ტურის შემდეგ 64 ქულა აქვს. გია გეგუჩაძის გუნდი 2 ქულით დინამო თბილისს უსწრებს, ხოლო ოთხი ქულით საბურთალოს. ამ ტურში, დინამო თბილისი სწორედ საბურთალოს შეხვდება და ეს მატჩი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

დინამო ბთ. 1:1 ვიტ ჯორჯია

გოლები: 1:0 ჯიღაური (3), 1:1 სეხნიაშვილი (86). 

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე - მელიავა, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი - მამუჩაშვილი, მანჯგალაძე (88. გაფრინდაშვილი) - ჯიღაური, ჯოვინო (75. თევდორაძე), რამოსი - დვალიშვილი.

ვიტ ჯორჯია (4-2-3-1): ისერგიშვილი - თათხაშვილი, კაკალიშვილი, სეხნიაშვილი, ნემსაძე - ზარიძე, ვარძელაშვილი (88. აბულაძე) - მუზაშვილი, ნანობაშვილი (75. აშორდია), მუსელიანი - მაქაცარია (81. მაქაცარია).

კომენტარები

ბოლო ამბები